საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნიუ-იორკში საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა "შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით" გაიმართა. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შუამავლის როლს შვეიცარია ასრულებს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი დასვა. საუბარი ასევე შეეხო არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე - საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ სხვა პრობლემურ საკითხებს - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
თავდაპირველად აღნიშნული შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა. რუსეთის საგარეო უწყება წერდა, რომ საუბრის დროს განიხილავდნენ "ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკაზე“.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმაც გაავრცელა პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის კომენტარები მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით. „თითქმის ყველა შეხვედრაზე, ჩვენმა დელეგაციამ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღო გზავნილი, რომ სასურველია, შედგეს კომუნიკაცია რუსეთის მხარესთან. ამის შემდეგ იყო შემოთავაზება ჩვენი შვეიცარიელი მეგობრებისგან, კოლეგებისგან, რომ მათი ჩართულობით ასეთი კომუნიკაცია შედგეს. ჩვენმა დელეგაციამ გაიარა შესაბამისი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამის შემდეგ ჩვენმა დელეგაციამ დაუდასტურა შვეიცარიელ მეგობრებს, რომ მზად არიან ამ კომუნიკაციისთვის. დამატებით ინფორმაციას ჩვენ ველით ნიუ-იორკიდან. როგორც კი მივიღებთ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, გაგაცნობთ ამის შესახებ“ - ამბობდა განცხადება.
Facebook Forum