„მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“ - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იდეას, მეხუთე მუხლის ნაწილობრივი მისადაგებით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ოფიციალური ვიზიტით მყოფი მინისტრი აცხადებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან, დეოკუპაციის მიმართულებით, ახალი, შესაძლო მექანიზმების მოძიების შესახებ იმსჯელებს. „ამერიკის ხმის“ კითხვაზე, ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, იმსჯელებს თუ არა ხელისუფლება, ალიანსის ყოფილი მდივნის გაჟღერებულ იდეაზე, ზალკალიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარი სახელმძღვანელო ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი იქნება.
„ნატოში ინტეგრაცია არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და ეს კონსტიტუციაში არის ასახული ისე, როგორც პარლამენტის რეზოლუციაში. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და ვალდებული ვართ აღვასრულოთ ის, რაც არის მიღებული პარლამენტის მხრიდან და კონსტიტუციით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის უმთავრესი ამოსავალი პრინციპი და 2008 წელს, როდესაც ითქვა ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინებით იყო ეს. მაშინ, როდესაც საქართველო აღიარებული იქნა როგორც ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და ითქვა, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის წევრობა ყველა იმ პრაქტიკული ინსტრუმენტის გათვალისწინებით. აქაც ამოსავალი წერტილი, მთავარი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ეს იქნება ჩვენთვის სახელმძღვანელო. პრიორიტეტი არ იცვლება და თანმიმდევრულად მივდივართ მიზნისკენ." - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
„ვფიქრობ, უნდა განიხილებოდეს, ისურვებს თუ არა საქართველო ნატოში მიღებას მექანიზმით, რომლის მიხედვითაც, მეხუთე მუხლი, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დაფარავს." - განაცხადა ცოტა ხნის წინ, თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.
ანდერს ფოგ რასმუსენმა განმარტა, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს და ალიანსმა ის გერმანიის შემთხვევაში დაუშვა.
„გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა, შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა რასმუსენმა.
„ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ - ეს არის ნატოს მთავარი პრინციპი, რომელსაც წესდების მეხუთე მუხლი განსაზღვრავს. მუხლი ადგენს, რომ ნატოს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმა, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს, რაც კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს. თუმცა, მეხუთე მუხლში ასევე ხაზგასმულია, რომ კოლექტიური თავდაცვის ზომების, მათ შორის, ”სამხედრო ძალების” გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს.
Facebook Forum