საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს. ბაქრაძე ამბობს, რომ მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს შვეიცარიის “ძალიან საინტერესო ინიციატივით” შეხვდნენ.
საქართველოს ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს პირველი დიპლომატი, რუსეთის პირველი დიპლომატს, სტრატეგიული პარტნიორების მიერ “ზურგგამაგრებული” შეხვდა. მისი თქმით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ქართულმა მხარემ პარტნიორებს საოკუპაციო ხაზთან არსებული რთული მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ლავროვთან შეხვედრამდე აცხადებდა, რომ არსებული ფორმატები, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, ეფექტურად ვერ მუშაობს და ამიტომ, მეტად კრეატიული მიდგომაა საჭირო. მისი თქმით, ახალი მოლაპარაკებების ახალ მექანიზმებზე კონსულტაციებს ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებთან გაივლიდა.
Facebook Forum