გაეროში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრება. ამ დრომდე არსებული ოფიციალური დღის წესრიგით, დონალდ ტრამპისა და სალომე ზურაბიშვილის ორმხრივი, პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველმხრივ ვაგრძელებთ საქმიანობას იმისთვის, რომ მაღალი დონის შეხვედრები განხორციელდეს... პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის ვიზიტები. ბუნებრივია, ამ მიმართულებით, მუშაობა გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მსოფლიოს დღის წესრიგი და მათ შორის, ამერიკის დღის წესრიგი, ძალიან დატვირთულია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო აშშ-ის დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა. ამაზე მიანიშნებს თუნდაც ის მაღალი დონის ვიზიტები, რომელიც განხორციელდა. მხედველობაში მაქვს პრემიერის ბოლო ორი ვიზიტი, ასევე, [ეროვნული უშიშროების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ჯონ] ბოლოტნის ვიზიტი საქართველოში, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ საქართველოს აშშ-ის დღის წესრიგში უაღრესად აქტუალურ პოზიციებზეა. თუნდაც ის ფაქტი, რომ უკვე მეორედ, საქართველოს იწვევენ გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროატლანტიკური საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინასთან ერთად, მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ აშშ-ის დღის წესრიგის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის,“ განაცხადა ზალკალიანმა.
სალომე ზურაბიშვილმა, მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ მას ტრამპთან შეხვედრა სურს. ადმინისტრაციის თქმით, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული იყო. სალომე ზურაბიშვილს სურდა, დონალდ ტრამპს იქამდე შეხვედროდა, ვიდრე ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვდებოდა. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ივლისში შეხვდნენ.
Facebook Forum