ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წინასაარჩევნო რეალობის შეფასებები


ინტერვიუ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებულ პროფესორთან კორნელი კაკაჩიასთან

სამი თვის შემდეგ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, დაახლოებით რვა თვის შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის.

ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური სპექტრისა და აქტორების თვალსაზრისით მრავალფეროვნება შეინიშნება. პოლიტიკური მოვლენების განვითარების რა ვარინტები შეიძლება წარმოვიდგინოთ, გამოჩნდება თუ არა ახალი მოთამაშე პოლიტიკურ ასპარეზზე. რა შანსები აქვს ნაციონალურ მოძრაობას დარჩეს, როგორც ძლიერი ოპოზიციური ძალა და რა შესაძლებლობები არსებობს სხვა პარტიებისთვის იქცნენ ამომრჩევლებისთვის საინტერესო და სასარგებლო ალტერნატივად.

ასევე შევეხებით რუსეთთან ურთიერთობების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. განვიხილავთ, რამდენად რეალურია შანსები პოლიტიკური თვალსაზრისით ურთიერთობების პროგრესირებისა. ამ ყველაფერს კი შემოგთავაზებთ ინტერვიუში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორთან კორნელი კაკაჩიასთან.

რა მსგავსებები და განსხვავებებია ახლანდელ და ყოფილ მმართველ ძალას შორის. რამდენად არსებობს შანსები იმისთვის, რომ დროთა მანძილზე ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას დაემსგავსოს?

განსხვავებები უფრო დიდია ამ ორ ძალას შორის. გამომდინარე იქიდან, რომ პირველ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა მეტ-ნაკლებად ერთიანი, მონოლითური ძალა, რომელიც იდეოლოგიურადაც უფრო ერთიანი იყო, განსხვავებით ქართული ოცნებისგან, რომელიც კოალიციაა და აერთიანებს იდეოლოგიურად აბსოლუტურად განსხვავებული პლატფორმების მქონე პარტიებს. ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება დიდია და შესამჩნევი. თუმცა, ამ ორ ძალას შორის არსებობს ასევე მსგავსებები. იმ თვალსაზრისით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ბოლო ცხრა წლის მანძილზე მოახერხა ძალაუფლების თითქმის აბსულუტური კონსოლიდაცია. ქართულ ოცნებას დაწყებული აქვს ეს პროცესი, რის დასასრულიც იქნება, ალბათ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება სავარაუდოდ მოახერხებს სახელისუფლებო ვერტიკალის აბსოლუტურ კონტროლს. მის ხელში იქნება საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი ხელისუფლებაც მეტ-ნაკლებად მათ ხელშია. ამით ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს ჰგავს: ორივეს ჰქონდა სურვილი, რაც შეიძლება მეტად მოეხდინა ხელისუფლების მონოპოლია. რაც, ცოტა არ იყოს საფრთხეს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება, თითქოს, მულტიპარტიულია და თითქოს ნაკლები შიში უნდა არსებობდეს განსხვავებული აზრის არსებობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუ კოალიციას ექნება მეტ-ნაკლებად ერთიანობა და თუ პარტიები ერთმანეთს მხარს დაუჭერენ იმაში, რომ შეინარჩუნონ დისციპლინა და ამის წინაპირობა იქნება ძალაუფლების უზურპაცია, მაშინ შეიძლება იგივე საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს: მივიღოთ აბსოლუტურად იგივე ვერტიკალი, რომლის წინააღმდეგაც ხალხმა ხმა მისცა ბოლო არჩევნებზე.

სად ხედავთ თქვენ და როგორ წარმოგიდგენიათ ოპოზიციური პარტიების გაძლიერება. თუ არსებობს ამის შესაძლებლობა თავად პარტიების მხრიდან, თუ არსებობს მათი სურვილი და მოტივაცია?

ოპოზიციურ პარტიებს თუ გადავხედავთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ-ჯერობით ბოლომდე არაა გარკვეული, ვინაა ოპოზიცია, ჯერ კიდევ მიმდინარეობს გადაჯგუფება მიმდინარეობს პოლიტიკური სუბიექტების. საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ალბათ უფრო გაირკვევა. გაირკვევა ისიც, კოალიცია დარჩება მონოლითურ ძალად თუ შესაძლოა ის დატოვოს რამდენიმე პარტიამ და ითანამშრომლოს სხვა პარტიებთან. მაგრამ მთავარი სისუსტე რაც აქვს ოპოზიციას, პრინციპში, ესაა

ყველაზე დიდი პრობლემა ქართულ პოლიტიკაში, რაც მდგომარეობს ხედვის ნაკლებობასა და ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის დეფიციტში. რომლებსაც არ აქვთ ნათელი მიზნები. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობისთვის გასაგები მიზნები. და რაც ყველაზე მთავარი მათი სისუსტეა, ისინი არ წარმოადგენენ ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფს, თუ სოციალურ ფენებს, რაც მეტ-ნაკლებად, აუცილებლად უნდა იყოს ასახული. პარტია უნდა იყოს ასოცირებული გარკვეულ სოციალურ ფენებთან, რაც სამწუხაროდ, საქართველოში ამგვარი რამ ვერ ხერხდება. ძალიან ხელოვნური სახე აქვს ამას. ჩვენთან ფორმალურად არსებობენ მემარჯვენე და მემარცხენე პარტიები, მაგრამ რეალურად მათ უკან არ დგას არანაირი სოციალური ფენა და ამიტომ საკუთარ პატარა, ვიწრო ინტერესებს გამოხატავენ და არა მოსახლეობის სხვადასხვა ფენების. ამას ხელს უშლის ისიც, რომ არ არსებობს საშუალო ფენა, რომელსაც, მეტ-ნაკლებად შეიძლებოდა დაყრდნობოდნენ პოლიტიკური პარტიები. მთლიანობაში, თუ ამას შევაჯამებთ, იქმნება ძალიან ცუდი პირობები პარტიული სტრუქტურების განვითარებისთვის.

ვინ იქნებიან ძირითადი აქტორები, პოლიტიკური მოთამაშეები ადგილობრივი თვითმმართველობის წინ?

ძირითადი ალბათ ისევ იქნება ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა მეტ-ნაკლებად. შეიძლება გამოჩნდეს კიდევ რამდენიმე პარტია, იგივე ნინო ბურჯანაძის პარტია, ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატები, რომელსაც, თეორიულად აქვს გარკვეული შანსები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. კონკრეტულად შეიძლება რამდენიმე რეგიონში, სადაც მათ ძლიერი ორგანიზაცია შეიძლება ჰქონდეთ, მაგრამ ეს ძირითადად, სურათს ვერ შეცვლის.

იმ ფონზე, როდესაც საუბარია საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში ცვლილებებზე კულტურული, ეკონომიკური, სატრანსპორტო მიმართულებების მხრივ, თქვენი აზრით, განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს კიდევ?

რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართგველო იყოს მისი გავლენის სფეროში, ვთქვათ, იყოს დესეთეს წევრი, ან პოტენციურად ევრაზიული კავშირის წევრი, მაშინ, როდესაც ქართული საზოგადოებისთვის ასეთი ფორმულა აბსოლუტურად მიუღებელია. პირიქით, საქართველოს საზოგადოებას და პოლიტიკურ ელიტას მიჩანიათ, რომ საქართველოს ხედავენ სულ სხვა სივრცეში, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციაში. აქედან გამომდინარე, საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური ინტერესები და ხედვა მოდის წინააღმდეგობაში ერთმანეთთან.

მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლების სათავეში, სააკაშვილი, ივანიშვილი თუ სხვა, ყველა მთავრობა იძულებულია ასე თუ ისე გაატაროს სახელმწიფოებრივი ინტერესები. ეს მოცემულობა დიდად არ შეიცვლება. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, ესაა ტონი. შესაძლოა, ვთქვათ, გამარტივდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალქეებისთვის და იყოს გარკვეული კულტურული და ეკონომიკური ცვლილებები. მთლიანობაში, თუ ქართულ-რუსული ურთიერთიერთობების განვითარებას საუკეთესო ვარიანტში წარმოვიდგენთ, ეს შესაძლოა ჰგავდეს იაპონია რუსეთის შორის დამოკიდებულებას.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიასა და რუსეთს შორის არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, მათ დღემდე არ აქვთ ხელი მოწერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

XS
SM
MD
LG