ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრემიერ მინისტრის მიმართვა


ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდონ

„მომავალი არჩევნები უნდა გახდეს ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევანში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია და სურვილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია და სურვილი-საქართველოში ჩატარდეს სამაგალითო სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას“- ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს მოსახლეობას პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

პრემიერმა მიმართვაში აღნიშნა, რომ კოალიცია ქართული ოცნება არ დაუშვებს მომავალ არჩევნებში სამარცხვინო პრაქტიკა გამეორდეს, როდესაც მართველი გუნდი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სახელმწიფო რესურსს მიმართავდა და მოსახლეობას თავისუფალი ნების გამოხატვაში ხელს უშლიდა.

„სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა, იქნება ეს საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად “ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლებსაც მიმართა, ვინც დანაშაულებრივი სისტემის მონაწილე არ ყოფილა. პრემიერმა მოუწოდა მათ, საპრეზიდენტო არჩევნები პოლიტიკური მომავლის შანსად გამოიყენონ და სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება აღუთქვა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ.
XS
SM
MD
LG