ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბორტის პრობლემა საქართველოში


აბორტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პარალელური აქციები თბილისში
აბორტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა პარალელური აქციები თბილისში

აბორტის აკრძალვის მომხრეთა უკან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დგას

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00
ბმული


კვირას, როცა მთელი მსოფლიო ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდა, საქართველოში ერთმანეთს აბორტის მოწინინააღმდეგეები და მომხრენი დაუპირისპირდნენ.

თავდაპირველად სახელმწიფო კანცელარიასთან ნაციონალისტურად განწყობილ ახალგაზრდათა ჯგუფი შეიკრიბა. ისინი „პატრიოტთა ეროვნულ ფრონტსა“ და ინტერნეტ გვერდ www.saunje.ge-ს წარმოადგენდნენ, რომელიც ქვაშვეთის ტაძრის დეკანოზ სარდლიშვილის ლოცვა-კურთხევით ფუნქციონირებს.

აქციაზე ახალგაზრდებმა გამოიტანეს აბორტის საწინააღმდეგო პლაკატები, სადაც კერძოდ ეწერა, რომ - „აბორტი ერის გენოციდია“; „ემბრიონი სულიერი ადამიანია, მისი მოშორება მკვლელობაა!“; „გამოცხადდეს აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად!“. მართლმადიდებელ ნაციონალისტთა ჯგუფის მთავარი მოთხოვნა სწორედ აბორტის კრიმინალიზაცია იყო. აქციის მონაწილე ევგენი მიქელაძემ აღნიშნა:

„ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ მოახდინოს საკანონმდებლო ცვლილებები. აკრძალოს აბორტი საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ ვთლით, რომ ჩვილთა და ემბრიონთა მოშორება დედის მუცელში არის ისეთივე მკვლელობა, სულიერი არსების ისეთივე განადგურება, როგორიც არის ზრდასრული ადამიანისთის სიცოცხლის წართმევა.“

აბორტის მოწინააღმდეგეებს მაშინვე დაუპირისპირდა ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. მათ პლაკატებზე შეგეძლოთ წაგეკითხათ, რომ „ემბრიონი არ არის ადამიანი, აბორტი არ არის ადამიანის მკვლელობა!“, „კრიმინალიზაცია არ იწვევს აბორტების შემცირებას“, „დედობა არჩევანია და არა მოვალეობა“, „შორს შენი რელიგიური ხელები ჩემი წმინდა სხეულისგან“, „აბორტი ჩემი უფლებაა!“.

საბოლოოდ აბორტის მოწინინააღმდეგებისა და მომხრეების მწვავე დისკუსია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პატრულის გამოძახებაც კი გახდა საჭირო. თუმცა, ფემინისტებმა საკუთარი აზრის გამოხატვა შეძლეს. საქართველოში ქალთა ფონდის წარმომადგენელმა მარიამ გაგოშაშვილმა აღნიშნა:

„აბორტის უფლება არის ქალის ფუნდამენტალური უფლება. იმიტომ, რომ ქალს უნდა ჰქონდეს თავისუფლება და საშუალება, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი რეპროდუქციული ცხოვრება. თვითონ აკონტროლოს საკუთარი რეპროდუქციული უნარები. ძაან ნიშანდობლივია, რომ აბორტის საწინააღმდეგო აქციაზე ძირითადად არიან კაცები.“

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში ძალზედ მწვავეა პოლემიკა აბორტის პრობლემის თაობაზე. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან სულ უფრო ხშირად გაისმის მოწოდებები აბორტის აკრძალვის თაობაზე.

მართლმადიდებელი ეკლესია არა მხოლოდ აბორტს მიიჩნევს უდიდეს ცოდვად, არამედ სექსის დროს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასაც. „ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება“ - ეს სიტყვები კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის.

ნიშანდობლივია, რომ აბორტის საწინააღმდეგო აქციის დაწყებამდე, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ბრძანა:

„ყველა ქალის დანიშნულება ხომ დედობაა! მამაკაცი ფიზიკურად ძლიერად შექმნა უფალმა, ქალი ყველაფერს ვერ უძლებს, მაგრამ ქალს ღმერთმა ძალიან ბევრი რამ მისცა.“

ისტორიიდან ცნობილია, რომ მუცლის მოშლა საქართველოში ოდითგანვე მკაცრად ისჯებოდა. 1716-1724 წლებში ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის „სამართლის წიგნთა კრებულის“ თანახმად, ქალს რომელიც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოკლავდა სასჯელად საცხოვრებლიდან გაძევება ემუქრებოდა, ხოლო ქმარი მას აუცილებლად უნდა გაშორებოდა. ასევე მკაცრად ისჯებოდა მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემი.

საბჭოთა კავშირის დროს, 1922-36 წლებში აბორტი საქართველოში დაშვებული იყო, თუმცა 1936 წლიდან 1954 წლამდე, აბორტის გაკეთება ისევ დანაშაულის ტოლფასი გახდა. შეზღუდვა მთლიანად მხოლოდ 1955 წლიდან მოიხსნა. 1960 წელს საბჭოთა საქართველოში 42 834 აბორტი გაკეთდა. პიკი იყო 1977 წელს - 102 148 აბორტი.

დამოუკიდებლობის პირველ წლებში, შობადობის საერთო შემცირების ფონზე, რეგისტრირებულ აბორტთა რიცხვმა იკლო. თუ 1991 წელს, საქართველოში 59 384 აბორტი გაკეთდა, 2003 წლისთვის მათი რაოდენობა 13 834-მდე შემცირდა.

ბოლო წლებში, სახეზე ისევ გარკვეული ზრდის ტენდენციაა. 2010 წელს, საქართველოში 25 585, ხოლო 2011 წელს - 30 590 აბორტი გაკეთდა. აბორტების ძირითადი წილი, 20-დან 44 წლის ქალბატონებზე მოდის, თუმცა ბოლო წლებში, თითქმის გაორმაგდა აბორტის შემთხვევები 15-19 წლის ასაკის გოგონებში. გინეკოლოგი სოსო ღოღობერიძე ამბობს:

„აბორტი გახშირდა ადრეულ ასაკში, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია სქესობრივი აღზრდის არასრულყოფილებასთან, ამ პატარა გოგონებში ინფორმაციის არქონასთან და არ ხდება არასასურველი ორსულობისგან დაცვა. აბორტმა შეიძლება ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს ქალის ჯანმრთელობას, რამაც შემდგომში შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს უშვილობის პრობლემების ჩათვლით.“

კანონმდებლობით, საქართველოში აბორტი ორსულობის 12 კვირამდეა დასაშვები. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ქალები აბორტს გვიანი ორსულობის პერიოდშიც იკეთებენ, მაშინაც კი, როცა მათ ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით კი, საქართველოში 4 ჯერ უფრო მეტი აბორტი კეთდება, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული.

ამერიკის მთავრობამ 2004-2009 წლებში 12 მილიონი დოლარი დახარჯა პროექტზე - „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“; 2014 წლამდე კი კიდევ 10 მილიონ დოლარს დახარჯავს პროექტზე, რომელიც საქართველოში ოჯახის დაგეგვმასა და თანამედროვე ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების დანერგვას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

რეგისტრირებულ აბორტთა სტატისტიკა საქართველოში
1960-2011 წლები

1960 - 42 834
1970 – 46 348
1977 – 102 148
1980 – 88 656
1990 – 61 127
2000 – 14 951
2003 – 13 834
2010 – 25 585
2011 – 30 590
2012 - ?

XS
SM
MD
LG