ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორშაბათიდან საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება


“რადიო თავისუფლება” იუწყება, რომ საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსის თანახმად, ორშაბათიდან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ “ლატარიის კომპანია” ყოველდღიურად გაათამაშებს ჯილდოებს და აცრილი პირებისთვის განკუთვნილი მთლიანი საპრიზო ფონდი 2 მილიონ 800 ათასი ლარი იქნება.

გიორგი ღიბრაძემ თქვა, რომ გათამაშება ყოველდღიურად მოხდება და გამარჯვებული პირი, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდება. “ლატარიის კომპანია” გამარჯვებულს დაუკავშირდება და პრიზს გადასცემს.

ყოველდღიურად 100 და 500 ლარი გათამაშდება. ყოველკვირეულად კი 1000, 1500, 5000 და 10000 ლარი.

წლის ბოლოსთვის დაგეგმილი შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი 100 ათასი ლარი იქნება.

ლატარიაში, ერთჯერადათ აცრილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ლოტოტრონის პრინციპით მხოლოდ საბოლო გათამაშება ჩატარდება.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 15 მარტიდან 1,340,062 აცრა გაკეთდა. ერთი დოზა 850,868 ადამიანს აქვს მიღებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.8 პროცენტს შეადგენს. სრულად აცრილია 489,194 ადამიანი, ანუ მოსახლეობის 14.8 პროცენტი.

ეპიდემიოლოგების თანახმად, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტის აცრაა საჭირო.

საქართველოში ვაქცინაცია “ფაიზერის”, “სინოფარმის”, სინოვაკის”, და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG