ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ის გართულებებით 59 ადამიანი გარდაიცვალა. ეს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში სიკვდილობის მონაცემებში ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამავე ინტერვალში, კორონავირუსით ინფიცირების 4 743 შემთხვევა გამოვლინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ვირუსის მაღალ გავრცელებასთანაა კავშირში.
„გარდაცვალების მაღალი სტატისტიკა, ბუნებრივია, უკავშირდება შემთხვევების მაღალ გავრცელებას... აქცენტი კვლავ კეთდება აცრის და პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე" - განაცხადა გაბუნიამ.
ვაქცინაციის მნიშვნელობასა და პანდემიის დროს უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ამირან გამყრელიძეც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, პირბადეები და დისტანციის დაცვა აუცილებელია. ორჯერადად აცრილებიც კი ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა გარშემო იმდენი ინფიცირებულია და გადადების გაზრდილი შანსია. გამყრელიძე კვლავ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან.
ამირან გამყრელიძე ხაზს უსვამს, რომ კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია კვლავ საუკეთესო თავდაცვას წარმოადგენს. ის ორსულებსაც მოუწოდებს აიცრან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინირებულებში გართულების შემთხვევები ძალიან იშვიათია და ძირითადად თანმხლებ დაავადებებს უკავშირდება.
"98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალბათ ერთი თვე დაგვჭირდება. სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზსაც, როგორ წავიდა ვთქვათ რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მითუმეტეს ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება“ - განაცხადა გამყრელიძემ.
Facebook Forum