ჯანდაცვის სამინისტროს პროგნოზებით, ინფიცირების მაღალი დონე საქართველოში ახლო მომავალშიც შენარჩუნდება და კლება ძალიან ნელა მოხდება. დღეს თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან ეპიდვითარებაზე საუბრისას თქვა, რომ საჭიროა გაგრძელდეს პრევენციული ზომების დაცვა და კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია.
საქართველოში კოვიდ-19-ის გართულებებით სიკვდილობის მაჩვენებელი 26 აგვისტოს ისევ რეკორდული იყო. ერთი დღე-ღამის მანძილზე 79 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ჯერჯერობით პიკურ მონაცემს წარმოადგენს. ეპიდემიის განმავლობაში საქართველოში გარდაცვლილთა რიცხვი ახლა 7 000-ზე მეტია.
გაბუნია ამ ეტაპზე სიკვდილობის მონაცემის კლებას არ ელის. „ამ დაავადებას ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა და ჩვენს შემთხვევაში ეს არის 1.3%, როდესაც გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო. ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1.3%-ის გარდაცვალება, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, მედიცინამ ამის იქით გამოსავალი ვერ მოძებნა, რომ სიკვდილობა შემცირდეს“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
Facebook Forum