ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დატყვევებული ქართველების მდგომარეობა კრიტიკულია


დატყვევებული მეზღაურები
დატყვევებული მეზღაურები

წლისა და სამი თვის წინ სომალიში ტყედ ჩავარდნილი მეზღვაურების ოჯახები და ნათესავები, პროტესტის ღია ფორმებზე გადადიან. ბათუმში გამართული საპროტესტო მსვლელობის შემდეგ, მიტინგი თბილისშიც იგეგმება.

დატყვევებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობა დაპირებების მეტს არაფერს აკეთებს. გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრემიერს წერილით მიმართა, სადაც სომალიში დატყვევებული 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაურის განთავისუფლებაში დახმარებას ითხოვს. ამის შესახებ, გავლენიანი თურქული გამოცემა „ვათანი“ იუწყება.

თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. ხელისუფლების მიერ მივიწყებული მეზღვაურების თემა, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მეკობრეებმა სომალის ტელევიზიის Waagacusub TV-ს მეშვეობით, დატყვევებული მეზღვაურების შემზარავი ვიდეოკადრები და სამი ვიდეო მიმართვა გაავრცელეს. კაპიტნის თანაშემწე შალვა ვერძაძე, მეზღაური გიორგი სირაძე და კაპიტნის მეორე თანაშემწე დავით დევაძე შველას ითხოვენ:

„ჩვენი ტანკერის მფლობელი ბერძენია. მეპატრონე ფულის გადახდას არ აპირებს. ისინი არ ზრუნავენ ჩვენზე, ასევე არ გვეხმარება ჩვენი მთავრობაც. წელიწადზე მეტია ამ სიტუაციაში ვართ.

მეკობრეები იმდენად გაღიზიანებულები არიან, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას გვაყენებენ, გვცემენ. საჭმელი და წყალი, რომელსაც ისინი გვაძლევენ არსებობისთვის საკმარისი არ არის.

ზოგიერთი დატყვევებული დაავადებულია, მაგრამ მათ დახმარებას ვერ ვახერხებთ, რადგან მედიკამენტები არ გვაქვს. ვცდილობთ დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ ძალა ამოგვეწურა და ამასაც ვეღარ ვახერხებთ.

გვინდა ვთხოვოთ ყველას, ვისაც ამ ვიდეოს ნახვის და მოსმენის შესაძლებლობა აქვს. კი ბევრ ადამიანს დაეხმარნენ, მაგრამ ჩვენ არავინ გვეხმარება და იმედი უკვე გადაგვეწურა. ბევრ ადამიანს აინტერესებდა ჩვენი მდგომარეობა და ახლა შეგიძლიათ ნახოთ რა ვითარებაა. ვითარება მართლაც კრიტიკულია და ჩვენ აღარ ვიცით როგორ მოვიქცეთ.“

მალტის დროშის ქვეშ მცურავი, ნავთობის ტანკერი „ოლიბ ჯი“, 2010 წლის 8 სექტემბერს ჩავარდა ტყვედ, რომ ეგვიპტიდან ინდოეთისკენ ბოლო რეისს ასრულებდა.

გემი ცარიელი იყო და ინდოეთის ნავსადგურ ალაგში ჯართში უნდა ჩაებარებინა. მეკობრეებმა ტანკერი ადენის ყურეში დაატყვევეს. რამდენიმე თვე „ოლიბ ჯი“ სომალის სეპარატისტულ ანკლავ პუნტლენდის სანაპიროსთან იდგა, შემდეგ კი კიდევ ერთ ანკლან მუდუქის, პატარა ქალაქ ჰარარდჰერესთან ახლოს ჩაუშვა ღუზა.

მეკობრეები გამოსასყიდის სახით 9 მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვენ. გემთმფლობელმა ბერძნული კომპანია „ფრიო ვენტურემ“ თავი გაკოტრებულად ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა.

დახურული მოლაპარაკებები მეკობრეებთან სომალელი შუამავლების მეშვეობით, პერიოდულად ლონდონსა და ათენში იმართება, თუმცა დღემდე უშედეგოდ. დატყვევებული დავით დევაძის მამა, საკრუინგო კომპანია „გრინვიჩის“ მფლობელი სერგო დევაძე ამბობს:

„როგორც ვიცი, მიდის მოლაპარაკება ინგლისელი ადვოკატების მიერ მეკობრეებთან და მიდის ვაჭრობა თანხის, გამოსასყიდის შესახებ, თანხის შემცირების მიზნით. რა თანხაზეა საუბარი ამის შესახებ ჩვენ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მოლაპარაკება ინტენსიურად მიდის.

ინგლისელი ადვოკატი პიკერი აწარმოებს მოლაპარაკებას. სამი დღის უკან, საბერძნეთში ჩვენს ელჩთან, თავართქილაძესთან მქონდა საუბარი და მითხრა, რომ ინფორმაცია არ მაქვს, როცა მექნება მე თავად დაგირეკავ, ნუ მირეკავ ყოველდღეო.“

ქართველი და თურქი მეზღვაურების დატყვევებიდან უკვე 429 დღე გავიდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო შემთხვევას „განსაკუთებულად მძიმეს“ უწოდებს და დამატებით კომენტარს არ აკეთებს, ისევე როგორც, საქართველოს ელჩი საბერძნეთში ირაკლი თავართქილაძე, რომელიც უშუალოდ არის მოლაპარაკებებში ჩართული.

არც ოფიციალური ანკარა და არც ოფიციალური თბილისი არ ადასტურებენ, რომ მეკობრეებს გამოსასყიდი შეიძლება გადაუხადონ. რა გზით მოხდება 18 მეზღვაურის დახსნა, ამის შესახებ ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყება დუმილს ამჯობინებს.

ტანკერ „ოლიბ ჯის“ დატყვევებული ეკიპაჟის სია

მემედ ზაქარაძე (63 წლის), შალვა ვერძაძე (62), თემურ ბედინაძე (63), თემურ მახარაძე (62), ანზორ ართენაძე (52), დავით დევაძე (25), ზურაბ შერვაშიძე (28), გიორგი სირაძე (32), ჯაბა ქარჩავა (25), ნუკრი ჯიჯავაძე (37), ირაკლი ჯიქიძე (27), თემურ ვარშანიძე (28), ასლან დემურაძე (27), ჯიმშერ ასანიძე (31), გენადი ტიმოფეევი (26) - (ყველა საქართველო). იაკუბ ოზთურქი (32), ფუათ ოზჩელიქი (34), მუსტაფა არიცოღლუ (37) - (სამივე თურქეთი)

XS
SM
MD
LG