ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც აირჩიეს


ოკუპირებული ცხინვალი
ოკუპირებული ცხინვალი

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც აირჩიეს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პასპორტის მქონე 74 ათასზე მეტმა ამორჩეველმა მიიღო და აქედან, 67 ათას 424 მოქალაქემ ანუ 90, 4 პროცენტმა ხმა პუტინს მისცა.

გარდა რუსეთის მოქმედი პასპორტისა, ხმის მიცემა რუსეთის საზღვარგარეთის პასპორტით და საბჭოთა კავშირის 1974 წლის პასპორტითაც კი იყო შესაძლებელი. "საარჩვენო უბნები" ოკუპირებული აფხაზეთის რვა დასახლებულ პუნტში იყო გახსნილი, მათ შორის სოფელ ბომბორასა და გალში.

ოკუპირებულ სამხეთ ოსეთში კი რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმა თითქმის 16 ათასი რუსული პასპორტის მქონე ადამიანმა მისცა, აქედან პუტინის ამომრჩეველი 93 პროცენტი აღმოჩნდა. ცხინვალის რეგიონში ხმების თითქმის 4 პროცენტი დააგროვა რუსი კომუნისტების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა; 1.61 პროცენტი ერგო მიხეილ პროხოროვს, რომელმაც 0, 13 პროცენტით ვლადიმერ ჟირინოვსკის გადაუსწრო.

პუტინს ხმა მისცა როგორც ალექსანდრე ანქვაბმა, ისე იმ ოსმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

პუტინმა სეპარატისტულ ანკლავებს არჩევნების მეორე დღესვე გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ რუსეთი "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხში უკან არასოდეს დაიხევს". კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ამბობს

„ამ კითხვაზე პუტინი სხვანაირად ვერ უპასუხებდა ვინაიდან, მას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მიაჩნია როგორც რუსეთის სამხრეთ საზღვრების საგუშაგოები. ამიტომ, იქ უნდა იყოს სტაბილურობა და სრული რწმენა რომ მოსკოვი თავის გადაწყვეტილებას უკან არ წაიღებს.

ამავე დროს, და ეს უნდა გვახსოვდეს, პუტინს ადრე ასეთ შეკითხვაზე ნათქვამი ჰქონდა რომ არაფერია გამორიცხულიო.

დღეს, პოლიტიკური კონინქტურის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა ეს არის გაყინული, ჩაკეტილი კონფლიქტები, რომელსაც არაფერი ეშველება და ყველამ ვიცით, ძირითადი წინაპირობა რუსეთისგან რა არის.

თუ საქართველოს უხელმძღვანელებს სხვა ლიდერი შესაძლებელია ჩვენ ამ თემებზე მასთან დავიწყოთ საუბარი.“

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უსწრებდა თბილისსა და მოსკოვს შორის თამამი ინიციატივების გაცვლა. 28 თებერვალს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცალმხრივი წესით გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი.

ბრძანებულების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისთვის ვიზა არ ესაჭიროებათ. აქამდე ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებდა.

ოფიციალური თბილისის ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შესთავაზა, რასაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ავტომატურად მოყვებოდა. ეს ინიციატივა უკვე თბილისმა დაბლოკა, მანამდე სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი.

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის შემდეგ, ოფიციალური რიტორიკა ჩვეულ ტემბრს დაუბრუნდა. საგარეო მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ კერძოდ ბრძანა

„ჩვენ ვგმობთ არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ხელისფლებასთან შეთანხმების გარეშე. ამისთვის მათ სპეციალური ნებართვა ესაჭიროებოდათ, რომლისთვისაც არ მოუმართავთ.

განურჩველად იმისა, პუტინი თავის პოლიტიკას შეცვლის თუ არა, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ზეწოლა ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს შედეგს, დამოუკიდებლად იმისა, ეს ვლადიმერ პუტინს სურს თუ არა.“

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 1 ივლისს დაამყარეს. ხუთდღიანი ომის ადა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ კი, 2008 წლის 2 სექტემბერს საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ცალმხრივად გაწყვიტა.

XS
SM
MD
LG