ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველი უთანხმოება "ქართულ ოცნებაში"


ბოლო ცხრა წლის მანძილზე, შეიძლება, კობა დავითაშვილი „ერთი და იმავე მდინარეში” მეორედ შევიდეს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:18 0:00
ბმული


ახალი პარლამენტის შეკრებიდან მეოთხე თვეს უთანხმოების პირველი ნიშნები საპარლამენტო უმრავლესობაშიც გაჩნდა. „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი, შეიძლება პირველი დეპუტატი გახდეს, რომელიც კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ან თავად დატოვებს, ანაც შესაბამისი გადაწყვეტილება შეიძლება თავად უმრავლესობამ მიიღოს.

უკვე რამდენიმე დღეა კობა დავითაშვილი ღიად უპირისპირდება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და უმრავლესობის კიდევ ერთ ლიდერს, რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს.

როგორც უსუფაშვილმა, ისე ხიდაშელმა კობა დავითაშვილი მკაცრად გააკრიტიკეს 13 თებერვალს მომხდარი ინციდენტის გამო. მაშინ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში, კობა დავითაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს სერგო რატიანს შორის მძაფრი და არაკორექტური სიტყვიერი დაპირისპირება, კინაღამ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა, და მისმა მეუღლემ, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ეს ინციდენტი ასე შეაფასეს.

უსუფაშვილი: „პარლამენტში თუ ხარ ადამიანი უნდა გქონდეს იმის უნარიც რომ მოიქცე სამაგალითოდ, იმიტომ რომ ჩვენ იქ ხალხს წარმოვადგენთ! და, აღარ გვაქვს გაბრაზების უფლება!

დღის განმავლობაში იმდენჯერმე მივყავარ ვიღაცას ისეთ დონემდე რომ ხან შეიძლება ჭიქის გატეხვა მომინდეს, ხან კიდე რაღაცა ...ნუ, მაშინ რაიმე სხვა საქმე მოვძებნოთ მეგობრებო. სხვა ასპარეზი მოვნახოთ იმისთვის, რომ ჩვენი ვნებები და ემოციები დავიკმაყოფილოთ.“

ხიდაშელი: „თუ ვერ თოკავ ნერვებს, დარჩი სახლში და ცოტა ხანი დაისვენე!“

გასულ კვირას დაწყებული დაპირისპირების პირველი შედეგი ის არის, რომ შაბათს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი კობა დავითაშვილი, ფილარმოანიაში პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება დემოტრატიული საქართველოს“ ყრილობაზე არ იმყოფებოდა.

არადა, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ირწმუნება, რომ დავითაშვილი ყრილობაზე მიწვეული იყო. ბოლო დღეეებია ქართული პრესის ფურცლებზე კობა დავითაშვილი აღარ მალავს, რომ უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული სიტუაციით.

დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულებების სასწრაფო გამოძიებას; ასევე პრეზიდენტის, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარისა და მთავრობის ყოფილი წევრების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ რჩება და უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდება.

„ მე ასეთი შეფასებებიც მოვისმინე, რომ თუ ნერვები ღალატობს ადამიანს სახლში უნდა იჯდეს. თუ საპარლამენტო უმრავლესობას ასე მიაჩნია, ეს მათი გადასაწყვეტია და მე ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები. არაფერს არ ვნანობ, არც ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, მაგრამ მზად ვარ პასუხი ვაგო, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად!

მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მაგრამ არც მონანიებას ვაპირებ, არც ბოდიშების მოხდას მკვლელების წინაშე და არც იმის თქმას, რომ მეტს აღარ ვიზამ მაპატიეთ.“

თავად საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სიტუაციაში უახლოეს მომავალში გაერკვევიან და უმრავლესობა დავითაშვილის პრეტენზიებს გაეცნობა. დეპუტატი ზურაბ აბაშიძე კერძოდ აღნიშნავს

„მე პირადად არ მინახავს კობა, არ მისაუბრია მასთან. იმედია ამ დღეებში შევხდებით ან პარლამენტში ან მის გარეთ. გავესაუბრება და გავიგებ რა აწუხებს კობა დავითაშვილს. რატო ფიქრობს რომ მისი საქმიანობა რაღაც პრობლემებთან არის დაკავშირებული და გავერკვევით უმრავლესობაში.“

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება კობა დავითაშვილისთვის უცხო ხილი არ არის. ზუსტად, 9 წლის უკან, 2004 წლის თებერვალში, დავითაშვილმა მაშინ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობა პირველმა დატოვა და მიზეზად, მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან დაპირისპირება დაასახელა. მაშინ, დავითაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი იყო.

დღეის მდგომარეობით, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში 83 დეპუტატია გაერთიანებული. და კოალიცია პოლიტიკურად საკმაოდ ჭრელია. დეპუტატ დავითაშვილის წასვლით რღვევის პროცესი უკვე საპარლამენტო უმრავლესობაშიც დაიწყება. ამ დრომდე, ეს პროცესი, მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობაში მიმდინარეობდა.

XS
SM
MD
LG