ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვის დაასახელებს ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად?


ირაკლი ალასანია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება
ირაკლი ალასანია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი არ იქნება

მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ შიგნით დაპირისპირება მწვავდება

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:51 0:00
ბმული


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას ფუნქციები შეუკვეცა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ალასანია პირველი ვიცე-პრემიერი აღარ არის. პრემიერის #24 ბრძანების შესაბამისად, რომელიც ივანიშვილის საერთოდ პირველი ბრძანებაა 2013 წელს, ალასანიას ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება შეუწყდა.

ბრძანება 21 იანვრით არის დათარიღებული, თუმცა იგი საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მხოლოდ დღეს განთავსდა. 21 იანვარს ივანიშვილიც და ალასანიაც მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდნენ, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების თაობაზე იქ არაფერი თქმულა.

ალასანიას არაფერი უთქვამს ამის შესახებ არც გუშინ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამოსვლისას. ირაკლი ალასანიამ გუშინ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ პრემიერ ივანიშვილთან მძიმე და უხერხული საუბარი ჰქონდა. საუბრის თემა, მმართველი კოალიციის მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატს შეეხებოდა:

„ჩვენ საკმაოდ მძიმე საუბარი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან რამდენიმე დღის წინ. პრემიერ მინისტრს ჰქონდა გარკვეული შეშფოთება იმასთან დაკავშირებით რომ „თავისუფალი დემოკრატების“ შიგნით, მომავალ საპრეზიდენტო კანდიდატების განხილვა ხდებოდა მასთან შეუთანხმებლად.

მე მთლიანად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს იმაში, რომ ეს კანდიდატურა უნდა იყოს შეჯერებული კოალიციის მიერ. მე თავად ძალიან არ მესიამოვნა რომ ასეთი უხერხული საუბარი შედგა და მიზეზი გაჩნდა ასეთი უხერხულობის.

თუ ვინ იქნება მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, კიდევ ერთხელ ვიტყვი ეს არის კოალიციის გადასაწყვეტი და კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი და ასეც მოხდება.“

ჯერ კიდევ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმადე, ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავდა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ირაკლი ალასანია ყოფილიყო.

2012 წლის აგვისტოში, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ივანიშვილმა ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი ბათუმში საჯაროდ განაცხადა. რომ, „ალასანია შეიძლება ვიხილოთ საქართველოში ნებისმიერ მაღალ პოსტზე. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, დღეს ჩვენ არ ვაცხადებთ ამას, თუმცა ალასანიას რესურსი ნამდვილად აქვს“.

არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილმა ალასანია თავდაცვის მინისტრად და პარალელურად, პრემიერის მოადგილედ, ვიცე-პრემიერად დაასახელა.

ახალი მთავრობის კანდიდატების წარდგენის დღეს კი ივანიშვილმა მოულოდნელად ბრძანა, რომ პრეზიდენტობის იდეალურ კანდიდატად, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე ესახება. იგივე გაიმეორა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის ბოლო დასკვნით პრესკონფერენციაზე:

„მე ვიტოვებ შანსს იმისას, რომ უფლება მქონდეს სხვა კანდიდატიც წამოვაყენო. თუმცა, რადგანაც არსებობს კოალიცია მე ანგარიშს ყველას გავუწევ. ეს მე ვთქვი ადრე როცა არ იყო საჭირო.

დღესაც ნაადრევია ამაზე მსჯელობა, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება ვახტანგ ხმალაძის მიმართ ასეთია. მე მგონია, რომ იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატია და ძალიან შეესატყვისება საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის მქონე ქვეყანას.“

66 წლის ვახტანგ ხმალაძე, ქვეყნის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი და გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწეა. იგი ახალ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარეა. ხმალაძე ორი დღის წინ გამოვიდა ინიციატივით, რომელსაც ხმაური მოჰყვა როგორც უმცირესობაში, ისე უმრავლესობაში.

ხმალაძემ თქვა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები უნდა შევიდეს და 2013 წლის შემოდგომაზე ახალი პრეზიდენტი არა პირდაპირი წესით, ამომრჩევლების მიერ, არამედ პარლამენტმა უნდა იარჩიოს.

ირაკლი ალასანია და მისი პარტია ამ გეგმას არ ეთანხმება. იგი ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის მოდელის მომხრეა. თუმცა, დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ხაზი გაუსვა რომ პრემიერ მინისტრ ივანიშვილთან უთანხმოება არა აქვს.

„ჩვენ გვქონდა პრემიერთან საუბარი ორი დღის წინ. პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის სტრუქტურა, თავდაცვის მიმართულება, რომ მე მომეხსნას სხვა დამატებითი ფუნქციები და ეს ეხება ვიცე პრემიერის პოზიციას.

აქედან გამომდინარე, მე არ მინდა ვინმემ არასწორი დასკვნები გააკეთოს. არანაირი გაუგებრობა ჩემსა და პრემიერს შორის არ არსებობს, ყველა კითხვა მოხსნილია.“

იგივეს ამბობს პარლამენტის თავჯდომარე, რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილიც:

„თავისუფალ დემოკრატებს“ თავიდანვე ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრება. ჩვენ შეთანხმებული ვართ იმაზე, რომ ამ მოსაზრებებს შევაჯერებთ და კოალიცია ერთიანი პოზიციით წარსგდება - პირველ რიგში, მოდელის თაობაზე და შემდგომ უკვე კანდიდატის თაობაზე. ეს საკითხი ძალიან მალე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში გადაინაცვლებს.“

ვინ დაიკავებს ვიცე პრემიერის თანამდებობას პრემიერ მინისტრ ივანიშვილი შვეიცარიიის ქალაქ დავოსიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტს, სადაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. სავარაუდოდ, მაშინ უფრო ნათელი გახდება რა გახდა ირაკლი ალასანიას ვიცე პრემიერობიდან განთავისუფლების მიზეზი.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელსაც დეკემბერში 40 წელი შეუსრულდება, პრემიერ ივანიშვილის კაბინეტის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია. თავდაცვის მინისტრის გარდა, მთავრობაში ალასანიას პარტიას კიდე ოთხი მნიშვნელოვანი პორტფელი უჭირავს. „თავისუფალი დემოკრატები“ არიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საგარეო სამქეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; ევროინტეგრაციისა და დიასპორის სახელმწიფო მინისტრები.

ჯერჯერობით, მმართველ კოალიციაში კატეგორიულად უარყოფენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ საპრეზდიენტო კანდიდატის გამო განხეთქილება დაიწყო. ირაკლი ალასანიას და ვახტანგ ხამალაძის გარდა, პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატად განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილიც განიხილება.

XS
SM
MD
LG