ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმოადგენს თუ არა კოალიციური მთავრობა სახელმწიფო მართვის ეფექტურ მოდელს?


წარმოადგენს თუ არა კოალიციური მთავრობა სახელმწიფო მართვის ეფექტურ მოდელს?
წარმოადგენს თუ არა კოალიციური მთავრობა სახელმწიფო მართვის ეფექტურ მოდელს?

ევროპელი ექსპერტები მსჯელობენ იმის შესახებ თუ რამდენად ეფექტურია კოალიციური მთავრობა როგორც სახელმწიფო მართვის მოდელი

პირველად 70 წლის მანძილზე ბრიტანეთში კოალიციური მთავრობა შეიქმნა და მისი ლიდერები ქვეყნის ახალი პოლიტიკური კურსის შემუშავებას შეუდგნენ. ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა ბრიტანეთს სხვა სახელმწიფოებს დაამსგავსებს, სადაც სახელმწიფო მმართველობის ამგვარმა წყობამ კარგა ხანია გაიდგა ფესვები. მაგრამ სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ კოალიციები ხშირად სუსტ და არასტაბილურ მთავრობებში გამოიხატება.

6 მაისის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, როცა გაირკვა, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას პარლამენტში არ გააჩნია ხმების უმრავლესობა, ბრიტანეთის კონსერვატორულმა და ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიებმა კოალიცია შექმნეს. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ეს ბრიტანეთში პირველი კოალიციური მთავრობაა და ჯერ-ჯერობით გაურკვეველია ის თუ რას უქადის ეს ალიანსი ბრიტანეთის მომავალს.

ნოტინჰემის უნივერსიტეტის მკვლევარი იან მეიერ-სალინგი აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობების ეფექტურობის გასაგებად ბრიტანელებს შორს წასვლა არ მოუხდებათ. მისი თქმით:

„მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ გაერთიანებული სამეფო ფართო ევროპულ კონტექსტში გარკვეულ გამონაკლისს წარმოადგენს. ევროპული სახელმწიფოების უმეტესობას კოალიციური მთავრობები მართავს და არა ერთი პარტიის უმრავლესობაზე დამყარებული მთავრობა, როგორც ეს გაერთიანებულ სამეფოში იყო.“

მეიერ-სალინგი აღნიშნავს, რომ ევროპაში კოალიციური მთავრობების უმრავლესობა ძალზედ ეფექტური გამოდგა. მისი აზრით, აღმოსავლეთ ევროპის ახლად ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს თითქმის მთლიანად კოალიციური მთავრობები მართავს, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია რადგან პოლიტიკური მართვის კოალიციური მოდელი თითოეულ სახელმწიფოში სხვადსხვა ჯგუფების გაერთიანებას უწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით მეიერ-სალინგმა აღნიშნა:

„ევროკავშირის ახალ წევრ სახელმწიფოებსა ან ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალბედა დემოკრატიულ ქვეყნებში კოალიციური მთავრობების შექმნამ ხელი შეუწყო კომპრომისების წარმოქმნას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტებს შორის.“

ლონდონში მდებარე კინგის კოლეჯის მკვლევარი რიჩარდ ვინენი კი აღნიშნავს, რომ ერთპარტიული მთავრობის შემთხვევაში მკაცრი კანონმდებლობის მიღებას, როგორც წესი, სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვება.

მას მიაჩნია, რომ კოალიციაში პოლიტიკური პარტიების უფრო ფართო სპექტრი ღებულობს გადაწყვეტილებებს და ამდენად ამომრჩევლები უფრო მეტი გაგებით ხვდებიან ისეთ მტკივნეულ გადაწყვეტილებებს, როგორიც არის, მაგალითად, საზოგადოებრივი დანახარჯების შემცირება.

მისი თქმით კოალიციების გამო მთავრობაში ხშირად ახალი ფიგურები მოდიან, რომლებიც სხვაგვარად პოლიტიკური ასპარეზის მიღმა იქნებოდნენ.

„ხშირად კოალიციების შექმნას პოლიტიკაში რადიკალიზმის შემცირება მოჰყვება. ამას გარდა პოლიტიკური კონსენსუსის წარმოქმნის შედეგად პოლიტიკურ ასპარეზზე ხშირად სრულებით მოულოდნელი ჯგუფები ხვდებიან. ამის მაგალითია გერმანელი მწვანეების მონაწილეობა მთავრობაში ან 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი კომუნისტების თანამშრომლობა მთავრობასთან,“ აღნიშნავს რიჩარდ ვინენი.

მაგრამ კოალიციური მთავრობის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მმართველობის ამ მოდელის ხანგრძლივობა საკმაოდ ხანმოკლეა. იტალიას გააჩნია დაქუცმაცებული კოალიციური მთავრობების მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იმაში გამოიხატება, რომ 1945 წლიდან მოყოლებული იტალიას 60-ზე მეტი მთავრობა მართავდა.

ამას გარდა კოალიციურ მთავრობებში ყოველთვის იმარჯვებს უმდაბლესი საერთო მნიშვნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მკაცრი მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება თითქმის არ ხდება.

ბრიტანეთის დიურემის უნივერსიტეტის მკვლევარი კრისტიან შვეიგერი აღნიშნავს, რომ კოალიციური მთავრობა სახელმწიფო მართვის არაეფექტურ მოდელს წარმოადგენს. მისი თქმით, ამ მხრივ არც გერმანია წარმოადგენს გამონაკლისს მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ეკონომიკური ძრავაა და გერმანიის კოალიციურ მთავრობებს ხშირად წარმატებული კოალიციების მაგალითად მოიხსენიებენ. ამასთან დაკავშირებით შვეიგერმა აღნიშნა:

„რაც შეეხება პოლიტიკურ ეფექტურობას და თანმიმდევრული პოლიტიკური პროგრამის განხორციელების უნარს, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში ბოლო წლების მანძილზე საკმოად პრობლემატური აღმოჩნდა.“

ბრიტანეთის სიტის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეციალისტი როზმერი ჰოლისი აღნიშნავს, რომ ისრაელს თითქმის ყოველთვის კოალიციური მთავრობები მართავდნენ. მისი თქმით, ამ გარემოების პირდაპირი შედეგი არის ის, რომ დღემდე გადაუჭრელად რჩება ორი უმთავრესი საკითხი - ეკონომიკა და პალესტინელების ბედი. ჰოლისი აღნიშნავს, რომ ისრაელის მოსახლეობის თითოეულ სეგმენტს საკუთარი გეგმა გააჩნია პალესტინური საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით. ჰოლისი დასძენს:

„ისრაელის გამოცდილებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი აზრის ზუსტი ასახვა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის პალესტინელებთან მშვიდობის მიღწევა ჩვეულებისამებრ უმოქმედებოაში გამოიხატება.“

ამასობაში ბრიტანეთის კონსერვატორული და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მიიღებენ კანონმდებლობას ხელისუფლებაში მათი მმართველი კოალიციის ხუთი წლით დარჩენის შესახებ. შედეგად ბრიტანეთი იტალიას დაემსგავსება, სადაც მთავრობები ხშირად იშლება. ჯერ-ჯერობით კვლავინდებურად გაურკვეველია გამონახავენ თუ არა ორი პარტიის წარმომადგენლები საერთო ენას ბრიტანეთის მართვის მიზნით.

XS
SM
MD
LG