ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარეკ დუდაევის ვენდეტა, დანაშაული და სასჯელი


მარეკ დუდაევი სოფელ არცევში მოკლეს
მარეკ დუდაევი სოფელ არცევში მოკლეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მეორე დღეა 42 წლის ნოდარ (მარეკ) დუდაევის მკვლელს ეძებენ. ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი და ყოფილი მსჯავრდებული, რომელმაც თბილისის ციხეში 8 წელზე მეტი გაატარა და 2013 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა, გუშინ საღამოს მშობლიურ სოფელ არცევში მოკლეს.

წინასწარი ინფორმაციით, სოფლის კლუბის ყოფილ შენობაში, სადაც დუდაევს ფერმა ჰქონდა მოწყობილი, თანასოფლელმა 32 წლის ვიაჩესლავ კაზიევმა „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან ორი ტყვია თავში ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოკლულის ყოფილი ცოლის ცხინვალელი ჟურნალისტის მარფა ვაზაგოვას თქმით, კაზიევს დუდაევთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.

ცხინვალიდან 18 კილომეტრით მოშორებული გორის რაიონის სოფელი არცევი, რომელიც 2008 წლის აგვისტოდან რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, ზედ საოკუპაციო ხაზზე მდებარებს და პირდაპირ ქართულ სოფელ ქვეშს ესაზღვრება.

საოკუპაციო ხაზი სოფელ არცევსა და სოფელ ქვეშს შორის
საოკუპაციო ხაზი სოფელ არცევსა და სოფელ ქვეშს შორის

ოკუპირებულ ანკლავში არ გამორიცხავენ, რომ დამნაშავემ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა. ამ ინფორმაციის დადასტურების შემთვევაში აპირებენ საქართველოს ხელისუფლებას მისი დაკავება სთხოვონ. ცხინვალის ე.წ. „შინაგან საქმეთა მინისტრმა“ იგორ ნანიევმა ოსურ სააგენტოს კერძოდ უთხრა:

კაზიევს ჰყავს ახლო ნათესავები მოსაზღვრე სოფლებში და დიდი ალბათობით, იქეთ გაიქცა. თუ ძებნის ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო IPRM-ის ფარგლებში, დამნაშავის დაკავებასა და გადმოცემას საქართველოს ხელისუფლებას მოვთხოვთ“
იგორ ნანიევი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი

„ჩვენ ვიცით დუდაევის მკვლელის ვინაობა, ვიაჩესლავ კაზიევს ჰყავს ახლო ნათესავები მოსაზღვრე სოფლებში და დიდი ალბათობით, იქით გაიქცა. თუ ძებნის ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, დამნაშავის დაკავებასა და გადმოცემას საქართველოს ხელისუფლებას მოვთხოვთ.“

მარეკ დუდაევი სასტიკ კრიმინალად ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, საზარელი ტრაგედიის ჯაჭვმა აქცია. ეთნიკური დაპირისპირებისას მას სახლი გადაუწვეს, მამა მოუკლეს, და გაუუპატიურეს, დედა დაუსახიჩრეს. დუდაევი მაშინ მხოლოდ 14 წლის იყო.

შურისძიება 20 წლის ასაკში დაიწყო, როცა განსაკუთრებული სისასტიკით პირველი მკვლელობა ჩაიდინა. 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში კი დუდაევი, რომელიც თავს „სამხრეთ ოსეთის საველე მეთაურს“ უწოდებდა საკუთარ ბანდასთან ერთად, არცევისა და ახალუბნის თემების სოფლებს შიშის ზარს სცემდა.

2004 წლის მარტში, საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცრაზმის მებრძოლებმა, დუდაევი სპეცოპერაციის შედეგად, სოფელ არცევიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან აიყვანეს, რა დროსაც იგი მძიმედ დაიჭრა.

მარეკ დუდაევი თბილისის საქალაქო სასამართლოში
მარეკ დუდაევი თბილისის საქალაქო სასამართლოში

2005 წლის ნოემბერში კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მკვლელობის, გამოძალვისა და ბანდიტიზმისთვის მარეკ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის პერიოდში ჩეჩნური წარმოშობის ოსი მსჯავრდებული საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა.

ოსური მხარის დაჟინებული მოთხოვნა დუდაევის გათავისუფლების თაობაზე მხოლოდ 2013 წელს დაკმაყოფილდა, როცა საქართველოს ხელისუფლებაში უკვე „ქართული ოცნება“ იყო. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მაშინდელმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 2013 წლის ივნისში განაცხადა, რომ დუდაევის გაშვების გამო ცხინვალში ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელობიც კი შეისვა:

თავიდან იყო საუბარი, მოდი ვინმეში გავცვალოთო, მაგრამ ისე გავუშვით მარეკ დუდაევი. სულ ცოტა 50 სუფრა მაინც გაიშალა ამის გამო ცხინვალში და ყველა სუფრაზე ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო შეისვა“
პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი 2012-2016 წლებში

„მოვახერხეთ და გავათავისუფლეთ მარეკ დუდაევი. ეს არ იყო იოლი გადასაწყვეტი. ამას ბევრი პლიუსი და მინუსი ჰქონდა. თავიდან იყო საუბარი, მოდი ვინმეში გავცვალოთო, რომ გაგვეცვალა გაგვიქვითავდნენ, გვეტყოდნენ თქვენ ეგ მოგვეცით, ჩვენ ამას მოგცემთო. ამიტომ, ისე გავუშვით. სულ ცოტა, 50 სუფრა მაინც გაიშალა ამის გამო ცხინვალში და ყველა სუფრაზე ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო შეისვა.“

მარეკ დუდაევი 2013 წლის ზაფხულში თბილისიდან ცხინვალში „გმირის სტატუსით“ ჩავიდა. მას პირადად დახვდა სეპარატისტების მაშინდელი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, რომელმაც შემდეგ ყოფილი პატიმარი რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრაზეც თან იახლა.

მარეკ დუდაევი 2013 წელს ცხინვალში ჩასვლის დროს
მარეკ დუდაევი 2013 წელს ცხინვალში ჩასვლის დროს

მოგვიანებით ოკუპირებულ ანკლავში დუდაევისდამი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. 2015 წელს, იგი ყოფილი ცოლის სასტიკი ცემისა და გაუპატიურების გამო, ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდა და მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც ყოფილმა მეუღლემ საჩივარი უკან გაიტანა.

2016 წელს კი ის, უკვე ოკუპირებულ ახალგორში, „სპეცოპერაციის“ დროს დააკავეს. იქ „წილებისა“ და „არაფორმალური მოსაკრებელის“ გამო, დუდაევისა და ადგილობრივი კონტრაბანდისტის ტარიელ ბაშარულის და ანკლავში მისი გავლენიანი მფარველების „ბიზნესს ინტერესები“ გადაიკვეთა. გუშინ კი მარეკ დუდაევი მშობლიურ სოფელ არცევში, საკუთარი ფერმის ტერიტორიაზე, თავში ნასროლი ორი ტყვიით დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG