მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ჯგუფურ მუშტი-კრივში აშკარად უკეთ მომზადებული აღმოჩნდა, საბოლოოდ, 10 ხმით, მაინც დამარცხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ზუგდიდის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელიც კორცხელის თემში გუშინ გაიმართა. ეს გახლდათ „გენერალური რეპეტიცია“ 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და პირველი არჩევნები, მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართული ოცნება“ დაიშალა.
ზუგდიდიდან 10 კილომეტრით მოშორებულ სოფელში, განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნების საჭიროება, კორცხელის არჩეული დეპუტატის, „თავისუფალი დემოკრატის“ ცოტნე მურღულიას ექვსთვიანმა „შატალომ“ განაპირობა, რის გამოც ზუგდიდის საკრებულომ 2015 წელს, მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.
არჩევნების დღეს, კორცხელში, ჯგუფურ ჩხუბში ჩართულნი აღმოჩდნენ, მოქმედი და ყოფილი სპორტსმენებით დაკომპლექტებული, „ქართული ოცნების“ პარტაქტივი და „ნაციონალების“ მომხრეები. თავდამსხმელებიდან, ყველაზე ცნობილი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 31 წლის ვლადიმერ გეგეშიძე იყო. თავდაცვის სამინისტრო კი სწავლობს ჩხუბში, შეიარაღებული ძალების მოსამსახურის ლაშა დვალიშვილის შესაძლო მონაწილეობის ფაქტს.
ჯგუფური ჩხუბის დროს, თავის არეში ტრავმები მიიღეს: „ნაცების“ საგარეო მდივანმა გიგა ბოკერიამ, სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორმა ზვიად აბლოთიამ და სხვებმა. ასევე დაშავდა ორი პოლიციელიც.
სასტიკი ჩხუბი, ხელჯოხების, კასტეტებისა და ქვების გამოყენებით, „ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა, თუმცა, ამან ამომრჩეველზე, როგორც ჩანს, საპირისპირო გავლენა იქონია. მათ კორცხელში ხელისუფლება შეცვალეს.
რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც მთავრობაში სამი მინისტრი ჰყავს, დაგმო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმა. რესპების ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ეს მუშტი-კრივი „ქართული ოცნების“ ორგანიზებული იყო
მათ ზუსტად იცოდნენ ვინ უნდა ეცემათლევან ბერძენიშვილი
“ეს იყო ხალხი, რომელიც სპეციალურად ჩავიდა იქ ხალხის საცემრად და ზუსტად იცოდნენ, ვინ უნდა ეცემათ და რომელ საათზე. ამიტომ, ამ დანაშაულს სჭირდება გამოძიება და დასჯა. ძალადობის ყველანაირი გამართლება არის დაუშვებელი.“
უფრო დიდი უპირატესობით მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოზურგეთის საკრებულოს შუალედური არჩევნები, დაბა ნასაკირალის თემში, სადაც გურულებთან ერთად, მუსლიმანი აჭარლები ცხოვრობენ. აქ არჩევნები საჭირო, მას შემდეგ გახდა, რაც 2014 წელს, არჩეული დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, შოთა ართმელაძე, ანტიკორუფციულმა სააგენტომ 2015 წელს ქრთამის აღებისთვის დააკავა. საბოლოოდ, „ნაციონალების“ კანდიდატმა ნასაკირალში 230 ხმით აჯობა მმართველი პარტიის ფავორიტს.
„ოცნება“ და „ნაციონალები“ გუშინ კიდევ, წყალტუბოსა და კასპის საკრებულოების შუალედურ არჩევნებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და აქ გამარჯვება უკვე მმართველ პარტიას დარჩა. წყალტუბოსა და მეტეხის თემებში არჩევნები, წინა დეპუტატების გარდაცვალების გამო გაიმართა.
შუალედურ არჩევნებზე, დებიუტი ჰქონდა, კიდევ ერთ პრორუსულ ძალას, „სახალხო ხელისუფლებას“, რომელსაც ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქიდან - დონეცკიდან ხელმძღვანელობს. ახალი პარტიის კანდიდატებმა არჩევნები წააგეს გარდაბნის, გლდანისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ისევე როგორც ხობის, ყულევის თემსა და ოზურგეთში.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია ადგილობრივ შუალედურ არჩევნებზე დაკვირვების შედეგად ამბობს, რომ თუ პროკურატურა და შსს კორცხელის თავდასხმაში მონაწილე პირებს არ დააკავებს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება, უარესი მოხდეს.
„რას აკეთებდნენ ეს სპორტსმენები, ადამიანები, რომლებიც არ არიან ადგილობრივი ამომრჩევლები? რატომ იყვნენ ისინი მობილიზებულები კორცხელის საარჩევნო უბანზე? ვინ უკეთებდა ამას ორგანიზებას და რა მიზანს ემსახურებოდა მათი იქ ჩაყვანა?
და,
პოლიციის მოქმედება უსუსური იყონინო ლომჯარია
მეორე, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დაპირისპირებაში - თუ როგორი უმოქმედო და ვიტყოდი, უსუსური არის პოლიციელთა ქმედება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებება იცვლება, მაგრამ წარსულის შეცდომებზე, ვერცერთი ხელისუფლება ვერ სწავლობს.“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორცხელის მუშტი-კრივის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო (რაც ცემისთვის მხოლოდ ჯარიმას ან ერთ წლამდე ციხეს ითვალისწინებს - ზ.წ), დაიკითხნენ დაშავებულები, თუმცა, ამ დრომდე, დაკავებული არავინ არის. თავდასხმაში მონაწილე პირებმა, ჩხუბის შემდეგ, ღამით, ზუგდიდის რესტორან „არგოში“ იქეიფეს და ქალაქი უპრობლემოდ დატოვეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) აზრით, ინციდენტმა აჩვენა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები სოფელ კორცხელში არასაკმარისი იყო და მათ ვერ უზრუნველყვეს ძალადობის პრევენცია. საიამ ასევე მოუწოდა შსს-ს გამოიძიოს კორცხელში, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელისშეშლის ფაქტები.
კორცხელის მუშტი-კრივი დღეს დაგმო საქართველოში აშშ-ს ელჩმა. იან კელიმ თქვა, რომ „დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით არჩევნების წელს, ასეთი მოვლენების ადგილი არ არის“.