ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ გვაბოლებს მთავრობა და თამბაქოს ინდუსტრია სინქრონულად?


საქართველოს ტერიტორიაზე, ნებისმიერ დახურულ შენობა-ნაგებობაში (გარდა საცხოვრებელი სახლისა) შესაძლოა, საერთოდ აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, თუ თამბაქოს ინდუსტრიის ლობისტებმა და მთავრობამ, ვერ ჩააგდეს პარლამენტში, ახლახანს ინიცირებული კანონპროექტი #07-3/592/8, რომლის ავტორიც „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ შემავალი ორგანიზაციები არიან.

კანონპროექტით, თამბაქოს მოწევა ასევე იკრძალება ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებშიც; საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკების ჩათვლით. ბავშვთა გასართობ ცენტრებში, ახალგაზრდული ბანაკების ტერიტორიებზე, სტადიონებზე, სპორტულ დარბაზებსა და საპატიმროებში.

თამბაქოთი მოვაჭრეებს აეკრძალებათ ნაწარმის რეკლამირების შესაძლებლობა. ასევე, შეუძლებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულიდან 100 მეტრის რადიუსში თამბაქოს შეძენა. თუკი თამბაქოს რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ მყიდველი სრულწლოვანია, იგი უკვე ვალდებული იქნება, მას დოკუმენტი მოსთხოვოს.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელი გიორგი ბახტურიძე, არ იზიარებს, თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტს, რომ ამ კანონის მიღება, ბიუჯეტს მნიშვნელოვან შემოსავლებს მოაკლებს. მისი თქმით, ეს გადაარჩენს ერის გენოფონდს და დაზოგავს სახელმწიფოს მიერ, ჯანდაცვის პროექტებზე დახარჯულ ასტრონომიულ თანხებს

"ნიკოტინი თითქმის, იგივე დამოკიდებულებას იწვევს, რასაც ჰეროინი"
გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსი

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბავშვები და ახალგაზრდები დავიცვათ ამ ნარკოტიკის მოხმარებისგან. ნიკოტინი ჩვეულებრივი ნარკოტიკული ბუნებისაა და თითქმის, იგივე დონის დამოკიდებულებას იწვევს, რასაც, მაგალითად - ჰეროინი. ასე, რომ თუ თამბაქოს ინდუსტრიას, პირობითად 1 ლარი შემოაქვს ბიუჯეტში, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა და ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხებით თუ ვიმსჯელებთ, 3 ლარი უკან მიაქვს ბიუჯეტიდან.“

საქართველოში 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს და აქედან, 30 პროცენტზე მეტი მწეველია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ჩვენი ქვეყანა არ შედის მსოფლიოს ოც ყველაზე მწეველ სახელმწიფოთა რიცხვში (აქ საბერძნეთი, ბულგარეთი და სერბეთი ლიდერობენ), საქართველო მაინც ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება.

თამბაქოს ატლასის (Tobacco Atlas) გამოცემის თანახმად, საქართველოში მწეველების 45 პროცენტზე მეტია მამაკაცია, 5 პროცენტამდე კი ქალი, დიდი მწეველთა რაოდენობა ორსულ ქალებშიც. 10 ათასზე მეტი ბავშვი და 830 000-მდე ზრდასრული ყოველდღიურად ეწევა სიგარეტს. მოზარდებში - მწეველთა 15 პროცენტზე მეტი ბიჭია, ხოლო 3 პროცენტამდე გოგონა.

განსაკუთრებით, საგანგაშოა, რომ სკოლის მოსწავლეების 10 პროცენტი თამბაქოს რეგულარული მომხმარებელია. უმეტესობამ სიგარეტის მოწევა 9 წლის ასაკიდან დაიწყო. ამავე დროს, საქართველოში, პასიური მოწევის გავლენის ქვეშ, მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტი იმყოფება, აქედან, უმრავლესობა ბავშვია.

საქართველოს მწეველი მოქალაქეები ეროვნული მედიანური შემოსავლის 4 პროცენტზე მეტს ხარჯავენ, რომ ყოველდღიური მოხმარებისთვის 10 ყველაზე იაფფასიანი სიგარეტი იყიდონ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მოწევასთან დაკავშირებული მიზეზებით, საქართველოში, საშუალოდ, ყოველწლიურად, 9-დან 11 ათასამდე ადამიანი იღუპება, ანუ ყოველ მეხუთეს სიგარეტი კლავს. გარდაცვლილთა ასაკი, 40-დან 60 წლამდე მერყეობს.

გიორგი ბახტურიძის მტკიცებით, ეს საგანგაში მდგომარეობა განპირობებულია იმით, რომ თამბაქოს ინდუსტრიას მთავრობაში ძლიერი კავშირები აქვს

"თამბაქოს ინდუსტრია ბიზნეს გარიგებაშია მთავრობასთან"

„ჩვენი სახელმწიფო არ დგას თავის ადგილზე, ვერ არეგულირებს, კანონს ვერ იცავს. უფრო სწორად, პირდაპირ გარიგებაშია, ერთი ბიზნეს-ინტერესი აქვს ამ ინდუსტრიასთან.. ჯერჯერობით, ერთადერთ, ლეგარულ ნარკო და აბსოლუტურად, კრიმინალურ ინდუსტრიასთან.“

საქართველო 2006 წელს შეუერთდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის "თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციას" და აიღო ვალდებულება, გაეძლიერებინა ბრძოლა თამბაქოს კონტროლის კუთხით. ამის მიუხედავად, თამბაქოს ინდუსტრია უკიდურესად კომფორტულად გრძნობდა თავს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და გარკვეულწილად,ასეა ახლაც.

2012 წელს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ახალმა მთავრობამ პირველივე სხდომაზე, თამბაქოს კონტროლის გამკაცრების თემა წამოსწია, ერთი წლის შემდეგ, დაამტკიცა - სახელმწიფო სტრატეგიაც.

პარალელურად, „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ შემავალმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოითხოვეს, როგორც არსებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის აღსრულება, ისე ახალი მკაცრი შეზღუდვების დაწესება, თუმცა, წინააღმდეგობა, თამბაქოს ინდუსტრიასთან ერთად, სწორედ მთავრობიდან წამოვიდა.

კანონპროექტი, რომელიც 9 ივნისს იქნა ინიცირებული პარლამენტში, ბოლო წლებში, დაბლოკილი იყო სამთავრობო დერეფნებში, პირველ რიგში, ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგობის გამო.

სამინისტრო 2015 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში, "მიზანშეწონილად არ მიიჩნევს" - სამასპინძლო მომსახურების დაწესებულებებში (რესტორანი, კაფე, ბარი, კლუბი) თამბაქოს სრულ აკრძალვას და ასევე, ეწინააღდეგება, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი) 100 მეტრის რადიუსში თამბაქოს გაყიდვის შეზღუდვას.

ამის საპირისპიროდ, ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს, თამბაქოს რამდენიმე კომპანია იმპორტის გადასახადისგან გაათავისუფლა, ხოლო ეკონომიკის სამინისტრომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, 2015 წელს, კომპანია „თბილისის თამბაქო“ 2 500 000 ლარით დააფინანსა.

თამბაქოს მოწინააღდეგეებს გადამწყვეტი ბრძოლა არსებობისთვის, ორ დიდ ფრონტზე მოუწევთ. ახალმა კანონპროექტმა საქართველოში უნდა მოიტანოს ახალი რეალობა, კერძოდ: „ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მომზადების, მიღებისა და დანერგვის პროცესში თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობისა და ინტერესების დაუშვებლობა და თამბაქოს ინდუსტრიასთან საჯარო ორგანიზაციებისა და პირების ურთიერთობათა გამჭვირვალეობა და პასუხისმგებლობა“;

გამომდინარე აქედან, ექსპერტების ნაწილის აზრით, დიდი შანსია, მთავრობისა და ლობისტების ზეწოლით, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე უმცირესობის ნაწილმა, ხმაურიანი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა სექტემბრამდე გაწელოს, (კომიტეტებში მოსმენის ბოლო ვადა - 13 სექტემბერია, პლენარულ სხდომაზე განხილვის კი 23 სექტემბერი - ზ.წ), 8 ოქტომბერს კი უკვე ახალი არჩევნებია.

კანონის მოთხოვნა

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს მიყიდვა - 100 ლარიანი ჯარიმით ისჯება, ხოლო ბაღის, სკოლის, უნივერსიტეტის ტერიტორიიდან 50 მეტრის რადიუსში სიგარეტით ვაჭრობა - 50 ლარით.

სტატისტიკა

18 წლამდე პირისთვის სიგარეტის მიყიდვის გამო დაჯარიმების ფაქტი:

2010 – 0

2011 – 0

2012 - 1

2013 – 76

2014 – 4

2015 - 1

XS
SM
MD
LG