ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიბოს დღე და თანამედროვე სტატისტიკა


“კიბო გაცილებით მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე შიდსი და ტუბერკულოზი ერთად აღებული” - ლიზა სტივენსი, აშშ-ის კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში გლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე

4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ეს დღე 4 თებერვალს კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა დააწესა, რომელიც მიზნად მისი პრევენციის, დადგენის, კვლევების და მკურნალობისადმი ცნობადობის გაზრდას ისახავს. ორგანიზაციის ძალისხმევით 2008 წელს შეიქმნა დოკუმენტი სახელწოდებით “კიბოს მსოფლიო დეკლარაცია”. მისი მიზანი 2020 წლამდე კიბოთი დაავადებების და სიკვდილიანობის შემთხვევების მნიშვნელოვნად შემცირება იყო.

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მომხდარი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების მიუხედავად, კიბო 21-ე საუკუნის ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამ თემას თავის ყოველწლიურ საპრეზიდენტო გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო და განცხადება ახალი ინიციატივის შესახებ გააკეთა, რომელიც კიბოს განკურნების მიზნით კვლევების მასშტაბების კიდევ უფრო მეტად გაზრდას ითვალისწინებს. მისი სურვილია, ამერიკის შეერთებული შტატები გახდეს ის ქვეყანა, რომელიც კიბოს საბოლოოდ დამარცხებას შეძლებს.

“ამერიკის ხმა” კიბოს დღესთან დაკავშირებით შეერთებული შტატების კიბოს ეროვნული ინსტიტუტში გლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ლიზა სტივენსს ესაუბრა. ის ამბობს, რომ “დედამიწაზე კიბოს გამო ყოველწლიურად 8.2 მილიონი ადამიანი იღუპება. განვითარებად ქვეყნებში დაავადების სხვადასხვა ტიპის გამო ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევები 4 მილიონს აღწევს”. კიბო განსაკუთრებით პრობლემატური სწორედ განვითარებად ქვეყნებშია, თუმცა ექიმ სტივენსის თქმით, ქვეყნიდან ქვეყანაში პრობლემის მასშტაბი სხვადასხვაა, რადგან მონაცემებზე განსხვავებული რისკ-ფაქტორები ახდენს ზემოქმედებას.

სამწუხაროდ, აქამდე განვითარებად ქვეყნებში “ფოკუსირება უმეტესად ხდებოდა გადამდებ დაავადებებზე, მაშინ როცა კიბო გაცილებით მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე შიდსი და ტუბერკულოზი ერთად აღებული... ყოველწლიურად” - აღნიშნავს ექიმი სტივენსი. ის ამბობს, რომ განვითარებად ქვეყნებში განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ყურადღება კიბოს პრევენციაზე, რაც ეკონომიკურადაც უფრო გამართლებულია. “პრევენცია ყოველთვის უფრო იაფია. პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მათთვის შეღავათიან ფასებშია ხელმისაწვდომი... საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია გაცილებით იაფია, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა” - აღნიშნავს გლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ლისა სტივენსის თქმით, შეერთებულ შტატებში დღეს მიმდინარე სამეცნიერო კვლევებში ყურადღება უმეტესად კიბოს ცალკეულ დაავადებებზე მახვილდება. ისინი ერთმანეთისგან რიგ შემთხვევაში ძლიერ განსხვავდება. მაგალითად, “ძუძუს კიბოს სახეები, რომელთანაც საქმე გვაქვს, მკვეთრად გამოირჩევა კიბოს სხვა, გავრცელებული ტიპებისგან”. საკვების და მედიკამენტების ფედერალური სააგენტო მუშაობს ადამიანის იმუნური სისტემის შესწავლის მიმართულებითაც, რათა გამოინახოს გზა იმისთვის, რომ “პაციენტის იმუნურმა სისტემამ კიბოს უჯრედები მიზანში ამოიღოს” და მათი საბოლოო დამარცხება შეძლოს.

რაც შეეხება ექიმ სტივენსის რეკომენდაციებს, ის პირველ რიგში თამბაქოს მწეველებს ამ მავნე ჩვევისგან გადაჩვევას, დამწყებებს კი სიგარეტის გასინჯვაზე საერთოდ უარის თქმას ურჩევს. ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვის მიზნით, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, ზომიერი კვება და რაციონში მეტი ხილის და ბოსტნეულის ჩართვა - ამბობს ლისა სტივენსი.

XS
SM
MD
LG