გერმანიაში ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს მომავალი, მისი როლი რეგიონსა და რეგიონს მიღმა და საქართველოს განვითარების გზა“. კონფერენცია მარშალის ფონდის მიერ იყო ორგანიზებული და მას პირველად დაესწრო საქართველოს პრემირ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
გერმანიის მარშალის ფონდის დირექტორის ქრეიგ კენედის გარდა, წარმომადგენლობით ქართულ დელეგაციასთან არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობდნენ: ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ილვესი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, მისი ლატვიელი კოლეგა ედგარს რინკიევიჩი. ასევე ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი ვალდას ზატლერსი და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკურ მრჩეველ ევა კუპჩე.
საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ივანიშვილის გარდა წარმოადგენდნენ: პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ევროინტერგრაციის მინისტრები.
გერმანიის ქალაქ ალმაუში არაფორმალური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კმაყოფილია, რადგან საქართველოს მეგობრებს უკეთ გააცნო საკუთარი თავი:
“ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოზე, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. ჩვენ ვაჩვენეთ თუ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი, რომელიც ოქტომბრიდან მართავს საქართველოს. დიდი ინტერესი იყო უშუალოდ ჩემი პერსონის მიმართ და მე მგონი მოვახერხე და მაქსიმალურად კარგად გავაცანი საკუთარი თავი და ჩვენი გეგმებიც.
რაც შეიძლებოდა ამ არაფორმალურ შეხვედრებზე მაქსიმალური გავაკეთეთ. რეალურად მოვახერხეთ ჩვენი სტრატეგიის, რეალური სახის, იდეოლოგიის ჩვენება. მე მგონი ისინიც კმაყოფილები დარჩნენ ამ შეხვედრით.“
გარდა ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მაღალი რანგის პირებისა, ქართულ დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისს თანაშემწესთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თომას მელიასთან.
უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორ სვანტე კორნელისთან, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენელ ჰეიჯ ალექსანდერთან და Kopen Group-ის ვიცე პრეზიდენტ დანიელ ფატასთან. კონფერენციაზე შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა კერძოდ აღნიშნა:
„ჩვენ არაფორმალური დიალოგი გვქონდა. საქართველოს მეგობრები ვართ უკვე მრავალი წელია. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ხელისუფლებასთან. კვლავ ვაგრძელებთ თქვენი ქვეყნის დახმარების რეფორმებისა და დემოკრატიის გზაზე. ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიული დიალოგი გვქონდა.“
თებერვალში მარშალის ფონდმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ესტონეთის პრეზიდენტი მაშინაც მონაწილეობდა საქართველოსადმი მიძღვნილ არაფორმალურ კონფერენციაში.
ახლა კი საქართველოს მეგობრებმა საქართველოს ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას უმასპინძლეს, რომელსაც პარლამენტის თავჯდომარის გარდა, მისი მეუღლე, დეპუტატი თინა ხიდაშელი წარმოადგენდა, რომელმაც ბრძანა:
„ბოლო წლების განმავლობაში, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, შვედები, პოლონელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერები საქართველოსი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.
ამიტომ, ეხლა როცა წინ არის ვილნიუსის სამიტი, მომავალ წელს კი ნატოს სამიტი, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები სწრაფად დალაგდეს. ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და ჩვენ დავიწყოთ პრინციპულად ახალი ეტაპი ამ ურთიერთობების.“
საქართველოს ახალი ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს ტრადიციულ მოკავშირეებთან – სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მეგობრობის განმტკიცებას.
გერმანიაში, მარშალის ფონდში გამართული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გადაინაცვლა და დღეს ისევ შეხვდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ შვარცენბერგს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში უმასპინძლა. ერთი კვირით ადრე კი პარლამენტის თავჯდომარე პირველი ოფოციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა.
გერმანიაში მარშალის ფონდის არაფორმალურ შეხვედრებში საქართველოს პრემიერ მინისტრი პირველად მონაწილეობდა