ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება


საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე

თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულებას“ 2013 წლის ბოლომდე გააფორმებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:22 0:00
ბმული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ კონსულტანციებს ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულების“ გაფორმების თაობაზე. ეს მოლაპარაკება 2010 წლის 15 ივლისიდან მიმდინარეობს. ასოცირების ხელშეკრულებამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის, 1996 წელს მიღწეული - „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება“ უნდა ჩაანაცვლოს.

ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის კიდევ ერთ სახელმწიფოში - ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდა. მაია ფანჯიკიძემ ლეიდენის უნივერსიტეტში, სადაც შარშან ქართული კათედრა გაიხსნა, წაიკითხა ლექცია „ევროპული პერსპექტივა და საქართველოს საქმე“. ნიდერლანდების პოლიტიკურ ელიტასთან შეხვედრისას მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება.

„მთავარი გზავნილები არის ის, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იცვლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირსა და ნატოს. საშინაო პოლიტიკიდან ამის დასტურია ის კონკრეტული რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება.“

ჰოლანდია ევროკავშირის მერვე ქვეყანაა, რომელიც საგარეო მინისტრმა ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მოინახულა. შარშან, ნოემბერში, პირველი ოფიციალური ვიზიტით მაია ფანჯიკიძე გერმანიაში ჩავიდა; იანვარში, პრიორიტეტი უკვე აღმოსავლეთ ევროპა იყო. ფანჯიკიძემ მოიარა ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკა, ჩეხეთი და პოლონეთი; თებერვალში ვიზიტი უკვე ავსტრიაში შედგა. ჰოლანდიის შემდეგ კი რიგში პორტუგალიაა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, მის რატიფიცირებას ევროპარლამენტის და ევროკავშირის 28 ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ კერძოდ აღნიშნა:

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე. მტკიცედ მწამს, რომ არსებობს მყარი საფუძველი ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ასეევ ვფიქრობ, რომ საქართველსთან უნდა გაძლიერდეს საუბარი ნატოს თემატიკაზე. საბოლოო ჯამში, საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.ზუსტად ისე, როგორც ამას სხვა ევროპული ქვეყნების აკეთებენ.“

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებაზე ბოლო მე-14 მოლაპარაკება გასულ კვირას ბრიუსელში შედგა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლის, საგარეო მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის თქმით, ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი უკვე შეთანხმდა, რაც იძლევა იმის იმედს, რომ ხელშეკრულების პარაფირება თუ არა ინიცირება მაინც, უკვე 2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე მოხდება. დავით ზალკალიანი ამბობს:

„ჩვენ დავასრულეთ ევროკავშირთან პოლიტიკური მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ბრიუსელისა და თბილისის ურთიერთობებში. გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს ხელშეკრულება, რომელიც იურიდიულად იქნება სავალდებულო საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, რომ ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ეტაპობრივი ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროპასთან.“

ევროკავშირის 27 წევრი (1 ივლისიდან ემატება ხორვატია) სახელმწიფოს წილი მსოფლიო იმპორტსა და ექსპორტში 19 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ევროკავშირი, როგორც ერთიანი სავაჭრო აქტორი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.

2012 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 მილიარდ 780 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2011 წელთან შედარებით, 12 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 353 მილიონი იყო, იმპორტი კი 2 მილიარდ 427 მილიონი. მთლიანად საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილი 27 პროცენტს აღემატება.

ევროკავშირი მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ერთადერთია, რომლიც ოკუპაციის ზონაში მუშაობს.
XS
SM
MD
LG