ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი


პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ევროპის „სახალხო პარტიას“ ღია წერილით მიმართა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ევროპის „სახალხო პარტიას“ ღია წერილით მიმართა, რომელშიც დეტალურადაა განმარტებული მიზეზები, რომელთა გამოც პოლიტიკური კოჰაბიტაციის პროცესი ჩიხში შევიდა. პრემიერი დღესვე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
პრემიერის ღია წერილი გამოხმაურებაა დაახლოებით ერთი კვირის წინანდელი წერილისა, რომელსაც ევროპარლამენტის 23 წევრი აწერდა ხელს, 19 მათგანი ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელია. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა სწორედ ამ პარტიის წევრია. ევროპარლამენტარების მიმართვაში ნათქვამი იყო იმის შესახებ, რომ კონფრონტაციის გაღრმავების შემთხვევაში საქართველო, როგორც დემოკრატია იქნება კომპრომეტირებული დასავლელი პარტნიორების თვალში და ჩამოშორდება ევროპულ პერსპექტივას. „თქვენ კი შესაძლოა იქცეთ პერსონად, რომელიც ხურავს ევროპის კარს საქართველოსთვის,“– ნათქვამი იყო ევროპარლამენტარების მიმართვაში პრემიერისადმი. ერთი კვირის წინ ამ წერილს პასუხი გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ამზადებს საპასუხო წერილს, რომელიც ასევე გამოქვეყნდება დასავლურ პრესაში და დასძინა, რომ ევროპარლამენტარები შეცდომაში არიან შეყვანილი სააკაშვილის მიერ და რომ ეს კრიტიკა წარმოადგენს სირცხვილს.
პრემიერ მინისტრის დღევანდელი წერილი საკმაოდ ვრცელია და რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი. იგი ეხება მართლმსაჯულების, მედიის, არჩევნების, კორუფციის, ძალადობის, ადამიანის უფლებების საკითხებს. პრემიერ მინისტრს ღია წერილში ყველა ამ პუნქტთან შესაბამისი მაგალითები მოჰყავს. ევროპარლამენტარებს იგი მიმართავს: იქნებ თქვენგან, დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებისგან მაინც მივიღოთ პასუხი, ნორმალურად და დემოკრატიასთან თავსებადად მიგაჩნიათ თუ არა პრეზიდენტი მთავრობას ნიშნავდეს ისე, რომ პარლამენტს არაფერი ეკითხებოდეს? იცით კიდევ ერთი დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი სისტემა მოქმედებს? და თუ ამ ორ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გაქვთ, ნორმალურად მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ იდეის ავტორი და დამცველი პოლიტიკური გაერთიანება თქვენი პოლიტიკური ოჯახის წევრია?
სააკაშვილი ხშირად აცხადებს, რომ არ გამოიყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ აბსოლუტურ ძალაუფლებას, თუმცა, მმართველობის 9 წლის მანძილზე არასოდეს უთქვამს უარი. უფრო მეტიც, ძალაუფლების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის რეგულარულად ცვლიდა კონსტიტუციას, “ ნათქვამია ივანიშვილის ღია წერილში.
რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ კოჰაბიტაცია ვერ მოხერხდა და რომ საკუთარი წერილით განმარტავს თანამშრომლობის შეუძლებლობის მიზეზებს. „პოლიტიკური სტაბილურობა დღეს არაა შესაშური. ჩვენ ვერ ვახერხებთ კოჰაბიტაციას (მეც ვისწავლე ახალი სიტყვა), ვერ ვახერხებთ სრულფასოვან თანაცხოვრებას, თანაარსებობას ყოფილ ხელისუფლებასთან, თქვენ ამის შესახებ მოგეხსენებათ კარგად. ევროპელებთან და ამერიკელებთან ჩვენ დავაბალანსეთ სიტუაცია. იქიდან იყო დიდი მოთხოვნები პირველ ეტაპზე. დღევანდელ დღეს, ჩემი წერილით თქვენ ნახავთ გარდატეხას. დღეს გამოქვეყნდება ჩემი წერილი, რომლითაც მე ღიად მივმართავ ნაციონალური მოძრაობის პარტნიორ ყველაზე დიდ პარტიას ევროპულს, სახალხო პარტიას. უკვე ამის საშუალება არსებობს, რომ ასე ღიად ავუხსნათ რეალობა მათ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში, ის, რაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ. გვინდა მათაც გაიგონ, რა ხდებოდა რეალურად საქართველოში. ამდენი დრო დასჭირდა იმას, რომ ასეთი წერილი დამეწერა. პირველ ეტაპზე რომ მე ასე ჩავსულიყავი და მახსოვს როდესაც ბრიუსელში პირველ ვიზიტს ვგეგმავდი და რამდენიმე მეგობარ ელჩთან მქონდა კონსულტაცია, რომელთაც ვუთხარი, რომ ამ წერილის მსგავსი ინფორმაციით მინდა ჩავიდე ბრიუსელში, გამაფრთხილეს, რომ შენ იქ აბსოლუტურად ფიასკოს განიცდი, თუ ასეთ თემებზე ისაუბრებ, რამდენადაც ამისთვის ევროპა არ არის მზად. გავიდა ოთხი თვე, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროპასთანაც და ამერიკასთანაც და ახლა ეს გახდა შესაძლებელი“,– განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
პრემიერის ნათქვამიდან ცხადია მისი უნდობლობა პრეზიდენტისადმი. ივანიშვილს არ ჯერა სააკაშვილის დაპირების იმის თაობაზე, რომ ის უარს იტყვის საკუთარ უფლებაზე დაითხოვოს მთავრობა. ამავდროულად, მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ უმრავლესობა ვერ შეძლებს საკონსიტუტუციო ცვლილებების დამტკიცებას ერთ კვირაში, ივანიშვილი სააკაშვილს გარდაუვალ დისკრედიტაციის გარანტიას აძლევს, მათ შორის უცხოელი პარტნიორების თვალში, ევროპის სახალხო პარტიის ჩათვლით. „თუ დღეს, ერთი კვირის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა კიდევ მოახერხებს ერთ მუშტად შეკვრას, რაშიც მე ძალიან ეჭვი მეპარება და იტყვიან, რომ ჩვენ საზოგადოებას არ ვცნობთ, პარლამენტის უფლებებს არ ვცნობთ, სააკაშვილია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა და ამ ერთ კაცს ვენდობით მხოლოდ, გარწმუნებთ, რომ ისინი საბოლოოდ დაკარგავენ სახეს. თუ მათ პოლიტიკურ ოპონენტად განვიხილავთ, პოლიტიკურად უკეთესიც არის ეს, რადგან საბოლოოდ დაკარგავენ სახეს. ნაციონალურ მოძრაობას ექნება დღევანდელზე უარესი პოზიცია ევროპაშიც და ამერიკაშიც. 2004 წლის მოვლენები მაინც მიჩქმალულია, ბევრმა არ იცის, როგორ და რანაირად ცვლიდნენ კონსტიტუციას. მაგრამ თუ დღესაც გააგრძელებენ იგივეს, დღეს უკვე 2013 წელია და ყველასთვის ცხადი გახდება, რომ ეს შემთხვევით კი არ იყო და რაღაც პროცესისთვის კი არ შემოიღო სააკაშვილმა, არამედ დღესაც სურვილი გვაქვს, რომ დიქტატორული უფლებები მივცეთ მას, გარწმუნებთ, მარტივი გასაგებია, რომ ეს იქნება აბსოლუტური დამსხვრევა ნაიონალური მოძრაობის იმიჯის“,– ამბობს პრემიერი.
რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან პრემიერის შეხვედრა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა და ღია ეთერით გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით. მასზე დასწრება ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის არ იყო გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG