პრემიერ მინისტრმა ივანიშვილმა ქართული ოცნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ და აღნიშნა:
„დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებ, თუ შენი მოსახლეობა დაშინებული და დაჩაგრულია. სახელმწიფოს ჭირდება სამოქალაქო საზოგადოება მკვეთრად გამოხატული მისწრაფებებით და ნებით და რაც მთავარია თავისუფალი, ღირსეული, დაფასებული და აქტიური ადამიანებით. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი და ღირებულება იქნება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებების განმტკიცება, დაცვა. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შეძლებისდაგვარად, საუკეთესო პირობები შევუქმნათ მოქალაქეებს უსაფრთხო ცხოვრებისთვის, ხელი შევუწყოთ პიროვნების განვითარებას, რათა ღირსეულად შეძლოს ცხოვრება.
ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ პიროვნულ ღირსებებს ვერავინ შეეხება: ვერც საზოგადოება და ვერც სახელმწიფო. თავისუფალი ადამიანებისგან შემდგარი ქვეყანა მაშინ არის ძლიერი, როდესაც სახელმწიფოს აქვს მმართველობის ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც გამორიცხავს გადაჭარბებულ და უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრას ხელისუფლების რომელიმე რგოლში, რომელიმე თანამდებობის პირის ხელში. ასეთ სისტემად ჩვენს პარტიას ესახება საპარლამენტო რესპუბლიკა, ძლიერი მთავრობითა და იმ აუცილებელი პირობით, რომ ძალაუფლება გადანაწილდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებში.
ბოლო 20 წელია მმართველ პარტიაში ერთიანდებიან არა იდეოლოგიური და ღირებულებითი ნიშნით, არამედ მას ეტმასნებიან გამდიდრებისა და ძალაუფლების მოპოვების სურვილით შეპყრობილი ადამიანები. ასეთი პარტიები ყოველთვის ერთნაირ ბედს იზიარებენ. ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ იშლებიან და მათი არსებობაც აღარავის ახსოვს. ქართულმა ოცნებამ სხვა პრაქტიკა უნდა დაამკვიდროს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს არსებობა და აქტიური პოლიტიკური საქმიანობა. ეს უნდა იყოს იდეოლოგიითა და ღირებულებებით შეკავშირებული ადამიანების ერთობა, რომელიც ოპოზიციაშიც სიცოცხლისუნარიანი იქნება“.
ივანიშვილი საკუთარ სიტყვაში საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ ინციდენტსაც შეეხო. მისი თქმით, ბოლო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას მომხდარის გარკვევაში. „ეს თუ არ შევაჩერეთ, გაცილებით მძიმე შედეგამდე მივალთ, ჩვენ არ დავუშვებთ რევანშს“,– ამბობს ივანიშვილი.
„საჯარო ბიბლიოთეკასთან პროტესტის გამოსახატად ხალხი შეიკრიბა, მათ ამას რა თქმა უნდა ვარავინ დაუშლის, მაგრამ ის რაც შემდეგ მოხდა ყოვლად დაუშვებელია.
ახლავე უნდა ვისწავლოთ ის, რომ უსამართლობას კანონის ძალით უნდა გავცეთ პასუხი და არა მუშტი–კრივით, რადგან თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ პირადად უნდა გაუსწორდნენ და აგებინონ პასუხი მოძალადეს, არაფერი არ გამოვა, ასე სახელმწიფო არ აშენდება. ერისა და ქვეყნის კულტურა სწორედ აქ ვლინდება. სწორედ სახელმწიფო და კანონია ის ძალა, რომლის იმედიც უნდა ჰქოდეს კაცს. სახელმწოფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ სხვაგვარად უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა ძალადობას და ქიშპი და ანგარიშსწორება აღარ დამთავდება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება. მესმის, რომ ძნელია ამის მოსმენა იმ ხალხისთვის, ვინც რეჟიმის ძალადობა საკუთარ თავზე იწვნია, მაგრამ მერწმუნეთ, ეს თუ არ შევაჩერეთ, გაცილებით მძიმე შედეგებამდე მივალთ. მე გპირდებით, რომ სამართლიანობას აუცილებლად აღვადგენთ, მაგრამ ეს სამართლიანად უნდა მოხდეს, ისე, როგორც ჩვენი დიდი კულტურის ქვეყანას ეკადრება,“– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერმა ხელისუფლების გადანაწილების თაობაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ერთპიროვნულად მთავრობის დანიშვნის უფლება
პრეზიდენტისთვის, საზოგადოების უპატივცემულობაა.
„საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია შეიცავს გაუგონარ ნორმას: საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ისე დანიშნოს მთავრობა, რომ არ შეუთანხმოს პარლამენტს, ხალხს. მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი პრეცენდენტი. არსად არ ეძლევა ერთ კაცს იმის შესაძლებლობა, რომ ერთპიროვნულად დანიშნოს მთავრობა და ამით მოპაროს ხალხს ძალაუფლება. 9 წელი გვაცხოვრეს ქვეყანაში, რომელსაც კონსტიტუციით ჰქონდა გაფორმებული დიქტატურა. ამიტომ არის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა აღდგეს ქართველი ხალხის კანონიერი უფლება და დაუბრუნდეს წართმეული ძალაუფლება. ასეთი ცვლილებების აუცილებლობა საპარლამენტო უმცირესობაშიც კარგად ესმით, ეს რომ ესმით, იმიტომაც შემოგვთავაზეს გონივრული წინადადება იმის შესახებ, რომ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსიტიტუციის რამდენიმე ნორმა ახლავე ამოქმედდეს,“– განაცხადა ყრილობაზე ივანიშვილმა.
საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის თაობაზე ოფიციალური განაცხადის აუცილებლობაზე და მის უმაღლეს საკანონმდებლო დოკუმენტში დაფიქსირებაზე მსჯელობა უკანასკნელი ოთხი დღის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის.
„ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს შეთანხმების და არა დაპირისპირების ადგილი, ეს სიტყვები ივანიშვილმა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პროცესის დაწყების შესახებ თქვა.
დავით დარჩიაშვილი, პალამენტარი უმცირესობიდან, რომელსაც გუშინდელი ყრილობის შესახებ აზრის გამოთქვა ვთხოვეთ, ამბობს, რომ მისთვის ზოგადი ესთეტიკა ამ შემთხვევაში გაცილებით მნიშვნელოვანია. „ეს ყველაფერი მაგონებს მოქალაქეთა კავშირს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ზოგადი ესთეტიკა, რაც შეეხება თავად გამოსვლის შინაარსს, ეს მეორეხარისხოვნად მიმაჩნია. კარგ რამეებს ყველა ლაპარაკობს“,– ამბობს დავით დარჩიაშვილი.
"ყრილობა მე მაგონებს მოქალაქეთა კავშირს. ზოგიერთს აგონებს უფრო ადრინდელ პერიოდს. მოქალაქეთა კავშირს მაგონებს სულისკვეთებით, განწყობით, სახეებით, სტილით, რიტორიკით, განცხადებებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ სამართლიანობასაც დავამყარებთ, ყველა ვიმეგობრებთ, ხელისუფლებას არ შევერწყმებით.. ეს ყველაფერი არის კარგი სურვილები, მაგრამ ამის უკან ვხედავ ხელისუფლებაში სოციალური კლასის დაბრუნების სურვილს.
ნაციონალური მოძრაობა მოდიოდა იდეით, რომ შევარდნაძის რეჟიმი იყო კატასტროფა, ეს იყო თვალთმაქცობა, კორუფცია და კრიმინალი ერთად აღებული და სახელმწიფო დაშლილი, ამის შველის სულისკევეთება იყო ნაციონალური მოძრაობა. ახლაც შეიძლება არის იქ ვიღაც, ვისაც გონია, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ მაინც ეს მგონია ისტორიაში უკან გადადგმული ნაბიჯი თავისი შემადგენლობით, სტილით, სულისკვეთებით, თუნდაც თავიდან რომ დავიწყოთ არჩევნებამდე რა სიმღერებიც გადიოდა, „ჩვენ დავბრუნდებით“ და ასე შემდეგ. ზოგადი ესთეტიკა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სხვა რამეები უფრო მეორეხარისხოვანი მგონია. მაგრამ თქვენ რასაც მეკითხებით, თუ მაინცდამაინც მოხსენებას ჩავუღრმავდებით (თუმცა მე მგონია, რომ მოხსენებას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ამ შემთხვევაში), კი ბატონო, გეტყვით, რომ თუკი ლაპარაკობს თვითმმართველობაზე, ეს კარგია, თუკი ლაპარაკობს იმაზე, რომ ევროპა არის საქართველოს არჩევანი, ესეც კარგია, თუკი ლაპარაკობს იმაზე, რომ საჭიროა დასრულდეს ეს დაძაბულობა, ესეც კარგია, მაგრამ კარგ რაღაცეებს ყოველთვის ყველა ლაპარაკობდა, ამის ყველაფრის აღსრულება როგორ იქნება და რეალურად ადამიანები რა განწყობით არიან, ამას აქვს მნიშვნელობ,“– მიიჩნევს დავით დარჩიაშვილი.