ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მრწამსი „ზვიადი თავს არ მოიკლავდა“, კარგა ხანია კერპთაყვანისმცემლურ სარწმუნოებად იქცა“


ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა გროზნოში, 1994 წლის თებერვალი. მუსა საიდულაევის ფოტო
ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა გროზნოში, 1994 წლის თებერვალი. მუსა საიდულაევის ფოტო

პრეზიდენტ გამსახურდიას აღსასრულის მე-20 წლისთავზე, ბესარიონ გუგუშვილის წიგნი „მკვლელობის დაკვეთა“ გამოვიდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:08:47 0:00
ბმული

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბესარიონ გუგუშვილის 320 გვერდიანი წიგნი „მკვლელობის დაკვეთა“, რომელიც უკვე იყიდება თბილისის წიგნის მაღაზიებში უპირველესად იმ ადამიანებისთვის იქნება საინტერესო, რომლებსაც არ სჯერათ, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ზუსტად 20 წლის წინ, 1993 წლის 31 დეკემბერს, ღამის პირველ საათზე, ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, ღურწკაიების სახლის მეორე სართულზე, გუგუშვილი და გამსახურდია გვერდი-გვერდ იწვნენ, როცა დევნილმა პრეზიდენტმა „სტეჩკინის“ სასხლეტს თითი გამოჰკრა.

საბედისწერო გასროლამ არა მხოლოდ გამსახურდიას მოუსწრაფა სიცოცხლე, ამ გასროლამ პრეზიდენტის მხებლები: ბესარიონ გუგუშვილი, რობინზონ მარგველანი და ბაჩუკი გვანცელაძე ეჭვმიტანილებად აქცია. ამათგან ორი: გუგუშვილი და მარგველანი ფინეთსა და ავსტრიაში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობენ.

„ამ წიგნში, შენ პრეზიდენტის და ეროვნული ხელისუფლების ერთგული თანამებრძოლების პატიოსნებაში, კაცობაში, და ერთგულებაში დაეჭვებულო მკითხველო დაპატიჟებული ხარ ოდნავ მაინც შეეხო იგივე ტრაგიკულ სცენებსა და გარემოებებს, იყნოსო სისხლისა და დენთის სუნი, გაიგონო სისხლის საფერთქლიდან იატაკზე ჩამოღვრის ხმა...“ - ასე პირდაპირ და მოურიდებლად მიმართავს ავტორი-თვითმხილველი მის სიმართლეში დაეჭვებულ მკვითხველს.

ბესარიონ გუგუშვილი, რომელსაც ჰელსინკში დავუკავშირდით, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ხსნის თუ რატომ დაარქვა წიგნს „მკვლელობის დაკვეთა“.

„ამ წიგნის მთავარი მიზანი არის ვამხილო სიცრუე, რომელიც უზარმაზარ ჩანჩქერად იღვრება. ეს ერთი და მეორე - მინდა დავანახო ხალხს, რომ სიკვდილის დამკვეთი შევარდნაძე კი არ არის... სიკვდილის დამკვეთია თვითონ საზოგადოებრიობა...

ქართულ საზოგადოებას უნდა რომ ზვიადი იყოს მოკლული! არ უნდათ იმათ, რომ ზვიადმა თავი მოიკლა, იმათ უნდათ ზვიადი იყოს მოკლული, იმათ ესიამოვნებათ რომ ზვიადი თუ ნაწამები იქნა. აქ არის ქვენაგრძობებზე ლაპარაკი.

ამ წიგნით ვეუბნები მე ხალხს, რომ თქვენ ხართ სიკვდილის, მკვლელობის დამკვეთები და რახან მკვლელობის დამკვეთები ხართ, მკვლელები ხართ!..“

პრეზიდენტ გამსახურდიას აღსასრულიდან 20 წლის თავზე დღესავით ნათელია, რომ ყველაზე რთულ შეკითხვებზეც მოიძებნებოდა პასუხები, თუ გამსახურდიას ცხედრის გამოკვლევა მოხდებოდა, მაშინვე, 1994 წლის იანვარ-თებერვალში.

რატომ არ ჩატარდა სასამართლო-სამედნიცო ექსპერტიზა? წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და თანდართული ვიდეოფაილებით დასტურდება, რომ ცხედრის გაკვეთასა და ექსპერტიზაზე კატეგორიული უარი პირადად გამსახურდიას ქვრივმა მანანა არჩვაძემ თქვა.

უფრო მეტიც ქვრივმა და გამსახურდიას ოჯახის სხვა წევრებმა, მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ პრეზიდენტმა თავი მოიკლა, ვალდებულებაც კი აიღეს, რომ „არასოდეს არ წამოაყენებდნენ რაიმე სხვა ვერსიას, გარდა თვითმკვლელობისა, ხოლო გამსახურდიას თვითმკვლელობის მოწმეები არ მოითხოვდნენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას არც ჩეჩნეთში და არც საქართველოში“.

ამის შესახებ საჯაროდ თბილისში, ჯერ კიდევ 1994 წლის თებერვალში, ჩეჩნეთის მაშინდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტის გროზნოში გადასვენების კომისიის თავჯდომარე ზელიმხან იანდარბიევმა განაცხადა

„გამსახურდიას ოჯახი თავის თავზე იღებს მომხდარის ვერსიების ინტერპრეტაციაზე პასუხისმგებლობას. რამდენადაც იგი კატეგორიულად უარს ამბობს სამედიცინო-სასამართლო ექსპერტიზაზე......Семья на себя берет ответственность за толкование версии случившегося – если они сами отказываются категорически от судебной экспертизы.

ოჯახმა ჩვენ გვითხრა, რომ გამსახურდია საკუთარი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან. თავად, საკუთარი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან.“ (იხილეთ http://www.youtube.com/watch?v=KHNA24nLn-g)

იმავე დროს, ერთის მხრივ, გამსახურდიას ოჯახის წევრები და სიკვდილის მოწმენი; მეორეს მხრივ კი ჩეჩნეთისა და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება შეთანხმდა, რომ „კატეგორიულად უარს ამბობენ გამსახურდიას სიკვდილთან დაკავშირებულ გამოძიებაში მონაწილეობაზე“. ხუთ პუნქტიანი შეთანხმების ერთ-ერთი გარანტი, იმ დროს გროზნოში მყოფი ლიტვის სეიმის დელეგაციაც იყო.

ბესარიონ გუგუშვილი იგონებს, რომ სიტუაცია რადიკალურად იცვლება 1994 წლის 17 თებერვლის შემდეგ, როცა სოფელ ჯიხაშკარში გამსახურდიას ცხედარი მესამედ ამოიღეს მიწიდან და გროზნოში გადაასვენეს.

პანაშვიდის დღეებში, თვითმკვლელობის ვერსიას მკვლელობაზე ღია საუბარი ცვლის. ქვრივის ღია იერიშის ობიექტი გარდაცვლილი პრეზიდენტის დაცვის წევრები, დევნილი პრემიერი და მისი ოჯახი ხდება.

დაკრძალვამდე ბესარიონ გუგუშვილი ჩეჩნეთის პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევს კიდევ ერთხელ სთხოვს ჩატარდეს გამსახურდიას ცხედრის ექსპერტიზა, ყველა წესის დაცვით.

„მე ვიყავი პირადად დუდაევთან ორჯერ და ვუთხარი, ამის ატანა შეუძლებელია. გინდა, არ გინდათ ჩაატარეთ ექსპერტიზა. იმან თქვა რომ - 120 ქვეყნიდან არის ჩამოსული ჟურნალისტებიო. ეხლა გვინდა ჩვენ რომ ასეთი სამარცხვინო სკანდალით და ასეთი ცუდი სახით გამოვჩნდეთო?!

Быдло - ასე თქვა, ჩვენ Быдло ვართო?! რაღაც პირობები ჩამოვაყალიბეთ და ჯერ არ დამარხულა კაცი და უკვე ვკივივართ რომ პირობები დაირღვაო! და ვისგან, თვითონ ჩვენგან, ოჯახისგან! რა გვექნა?

მაგ დროს, იანდარბიევიც იჯდა იქა, რომელმაც პატარა თათბირზე აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე ვთქვიო, რომ ოჯახი არის გარანტიო, რომ თვითმკვლელობა იყოო. და დუდაევმა იქ თქვა, რომ მეც ვიტყვიო, ოფიციალურად განვაცხადებო..

დუდაევმა თავისი სიტყვა შეასრულა, დაკრძალვაზე თქვა, რომ თავი მოიკლა ამ კაცმაო.“

ჯოხარ დუდაევმა არა მხოლოდ სამგლოვიარო სიტყვის დროს აღნიშნა, რომ პრეზიდენტი გამსახურდია საკუთარი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან ანუ თავი მოიკლა. იგივე სიტყვები ამოტვიფრული იყო საფლავის ქვაზე, რომელიც ჩეჩნეთის ხელისუფლებამ დაამზადებინა.

წიგნის ავტორი პირველად ყვება რა დაემართა საფლავის ქვას გამსახურდიას დაკრძალვიდან რამდენიმე წუთში. შემდეგ კი ვინ და ვისი მოთხოვნით ესროლა გამსახურდიას დაცვის ყველაზე ახალგაზრდა წევრს ბაჩუკი გვანცელაძეს.

„რომ დაასაფლავეს ზვიადი ზევიდან დაადეს ქვა, რომელზეც იყო ამოჭრილი, ეს ჩემს ძმას და მეგობარს, მასწავლებელს, რომელიც თავისი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან.

ეს „თავისი ნებით წავიდა ამ ქვეყნიდან“ დადგმული არ იყო ქვა და ხალხი, ჩეჩნები რო გავიდნენ ეზოდან ქვრივმა მაშინვე სცადა ამოტეხვა..ვერ ამოტეხეს, კარგად იყო ჩამაგრებული ქვაში და მერე „სკოჩი“ გადააკრა...ერთი ორი დღის მერე ინსტრუმენტი მოატანინა და ამოატეხინა.

კიდევ უფრო უარესი მოხდა იმავე დღეებში - ქვრივი და ცოტნე მივიდნენ ბაჩუკი გვანცელაძესთან... უთხრეს იკისრეო შენო... რომ შენ მოკალიო, რათ გინდა ეგეთი სიცოცხლეო და მოიკალი თავიო!

და, რო არ მოიკლა თავი, თქვა რომ თქვენ ხომ არ გაგიჟდითო, მე სიმართლეს ვამბობო. მაშინ ქვრივმა უთხრა ცოტნეს, შენ რისთვის წამოხვედიო, მიდი შენი საქმე გააკეთეო. იმანაც დააძრო პისტოლეტი, ესროლა ბაჩუკის და ორჯერ ფეხში დაჭრა, მძიმედ.“

ბესარიონ გუგუშვილის 320 გვერდიან წიგნში არა მხოლოდ ყოფილი პრემიერის მოგონებებია წარმოდგნელი. წიგნში, პირველად არის სისტემატიზირებული საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცლები, რომელსაც 1993 წლის სექტემბერიდან 1994 წლის თებერვლამდე ჰქონდა ადგილი.

მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ყველა ძირითადი მოწმის ჩვენებას და თავად გაიზროს რამდენად მძიმე ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩეჩნეთიდან საქართველოში დაბრუნებული ზვიად გამსახურდია, თავის მხებლებთან ერთად. რატომ არის ლოგიკური შემზარავი დამარცხების შემზარავი ფინალი. ბესარიონ გუგუშვილი ამბობს

„ზვიადის დასავლეთ საქართველოში ჩამოსვლიდან, იმ ეიფორიიდან დაწყებული - ხვალ თბილისში ვართ, ზეგ ქუთაისში ვართ და ა.შ ..ეს ეიფორია უცბათ დაემხო და მის ადგილას დასადგურდა საშინელი ზარი..ზარი, საშინელი, მტკივნეული, უმძიმესი დამარცხების...

აი ეს, იყო უბრალოდ ფინალი..ყველაფერი მიდიოდა აქეთკენ, რომ ბოლოს უნდა მომხდარიყო დიდი ტრაგედია..“

ნიშანდობლივია, რომ წიგნის ავტორის მიზანი, რომელიც უკვე 19 წელია ჰელსინკში ცხოვრობს, არაა ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობის ვერსიის დამტკიცება. რამდენადაც, როგორც თავად ბესარიონ გუგუშვილი წერს: „მრწამსი „ზვიადი თავს არ მოიკლავდა“, უკვე კარგა ხანია კერპთაყვანისმცემლურ სარწმუნოებად და ფეტიშად იქცა.“

ასეთ გარემოსა და საზოგადოებრივი განწყობის პირობებში, „ლოგიკურიცაა“, რომ გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ, რომელსაც ბედის ირონიით, გამსახურდიას შვილი კოკო გამსახურდია ხელმძღვანელობდა, უაღრესად არსებითი საკითხები ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა.
XS
SM
MD
LG