ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბესარიონ გუგუშვილი: "მე ვეფერები დამარცხებულებს"


თბილისში დაწყებული ომის ცეცხლი მალე გადაედო ჯერ სამეგრელოს, შემდეგ აფხაზეთს და ბოლოს მთლიანად, საქართველოს

1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე, თბილისში სულ მცირე 113 ადამიანი დაიღუპა, ქალაქის ცენტრი კი მთლიანად გადაიწვა. თხუთმეტდღიანი ძმათამკვლელი ომის შედეგად, რომელიც უახლოეს ისტორიაში თბილისის ომის სახელით შევიდა, დაემხო პირველი, მრავალპარტიული გზით არჩეული პარლამენტი. ქვეყნიდან გააძევეს პრეზიდენტი, რომელსაც პუტჩამდე რვა თვის ადრე მოსახლეობის 87 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტმა 1991-1992 წლების სამოქალაქო ომი სამხედრო გადატრიალებად, კანონიერი ხელისუფლების დამხობად და კომუნისტურ-ნომენკლატურულ რევანშად შეაფასა.

დღეს უკვე ცნობილია, რომ "შეიარაღებული ოპოზიციის" მოქმედებას თბილისში, საბჭოთა კავშირის, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, სარდლის მოადგილე გენერალი სუფიან ბეპაევი, ხოლო მოსკოვში, რუსეთის სახელმწიფო მდივანი გენადი ბურბულისი წარმართავდნენ.

მთავრობის სახლის შტურმში კი ციხეებიდან გამოშვებულ ქართველ კრიმინალებთან ერთად, საბჭოთა არმიის ელიტარული ნაწილებიც მონაწილეობდნენ.

თბილისში დაწყებული ომის ცეცხლი მალე გადაედო ჯერ სამეგრელოს, შემდეგ აფხაზეთს და ბოლოს მთლიანად, საქართველოს. იმ დღეების გახსენება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილს ვთხოვეთ, რომელმაც ალმოდებული თბილისი პრეზიდენტ გამსახურდიასთან ერთად დატოვა და მას შემდეგ, საქართველოს დედაქალაქში აღარ ყოფილა. „ამერიკის ხმა“ მას ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში დაუკავშირდა:

„ჩემი აზრით, იმ ერთ ღამეს, როდესაც თბილისში ბრძოლები დაიწყო, უამრავი ადამიანი გახდა გმირი. იმ ღამეს, უამრავი გახდა უფრო დიდი, ვიდრე დედამ შობა. ბევრზე ბევრმა იმ ღამეს აჯობა საკუთარ თავს. დაამარცხა სუსტი და ლაჩარი საკუთარ სულში.

გმირები გახდნენ უზენასი საბჭოს ის დეპუტატები, რომლებსაც არ შეეშინდათ და არ მიატოვეს თავისი პოსტი; გმირები გახდნენ ის მინისტრები, პრეფექტები, ქალაქებისა და სოფლების მერები და გამგებლები, რომლებსაც არ შეეშინდათ და არ დათმეს ლეგიტიმურობა;

სამუდამო გმირი გახდა მთავრობის სასახლის დამცველი ის ასობით თავმდაბალი მებრძოლი, რომელთა სახელი დღეს აღარავის ახსოვს. გმირები გახდნენ ის ათასობით უიარაღო, მაგრამ უსაზღვრო რწმენით აღჭურვილი, ჩვეულებრივი, დღეს უსახელო ადამიანები, რომლებმაც იმ ღამეს, მთავრობის სასახლის ეზოში, მისადგომებთან, დერეფნებში და ოთახებში თეთრად გაათენეს და თავისი იქ ყოფნით ამხნევებდნენ მებრძოლებს.

ძალიან კარგად მახსოვს იმ ღამის მებრძოლების, მათ შორის შავფორმიანი ომონელების თავმდაბალი, უშიშარი, გადაწყვეტილი თავგანწირვის ძალით დამშვიდებული სახეები...ისინი არ იცავდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და თუნდაც, ეროვნულ, ლეგიტიმურ ხელისუფლებას.

ისინი, რესპუბლიკის პრეზიდენტის მეთაურობით, იცავდნენ მართალ, კაცურ, ამაყ საქართველოს..თვითონაც კაცები. ამიტომ მუდამ გამარჯვებულნი იქნებიან ეს ხალხი, იმის მიუხედავად, რომ ვერც სიცოცხლეში და ვერც მერე ეღირსებიან იმ დაფასებას, რომელიც მათ ერგებათ და დარწმუნებული ვარ, ამას არც ელოდებოდნენ. ესაა სწორედ მათი თანგანწირვისა და გმირობის განმასხვავებელი ნიშანი!

იმ ღამეს, ჩემო კარგებო, გმირი გახდა მთელი ქართველი ხალხი, რომელმაც არ თქვა უარი საკუთარ არჩევანზე, არ თქვა უარი თავის არჩეულ პრეზიდენტზე, თავის არჩეულ პარლამენტზე. გმირი გახდა ქართველობა ზოგადად! ქართველობა, როგორც ასეთი, რომელიც ტყვიითა და სიკვდილით ვერ შეაშინეს და ვერ დააჩოქეს. ეგ უნდოდათ, შეეშინებინათ და დაეჩოქებინათ.

არ დაიჩოქა იმ ღამეს ქართველმა ხალხმა და ეს საქართველოს უდიდესი გამარჯვება იყო. ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა...გაიბრძოლა, როგორც 9 აპრილს. კი არ გაიქცა ვირთხასავით, გაიბრძოლა. კიდევ ერთხელ თავგანწირვითა და უკანმოუხედავად შეებრძოლა ბოროტს... დღეს ხომ ყველა დარწმუნდით, რომ პუტჩი ბოროტება იყო...აი, ამას შეებრძოლა. კიდევ ერთხელ, არ დათმო სიმართლე, სამართალი, კაცობა არ დათმო!

არ აიტანა იმ ხალხმა სულში ჩაფურთხება...სიგუა რო ეუბნებოდა ტრუსები გაიხადეთ, დროშად ააფრიალეთ და გამოდითო..არ აიტანეს სულში ჩაფურთხება! გაიბრძოლეს სისხლის უკანაკნელ წვეთამდე და პრეზიდენტი საბოლოოდ შეეწირა ამას.

საქართველო და ქართველობა იმ ღამეს სულ სხვანაირი გახდა. იმის მერე საქართველო ისე შეიცვალა, რომ იმ ძველ საქართველოდ ვერასდროს ვერ აღდგება.

იმ ღამეს დათესილი რწმენა და სისხლ საქართველოს სულსა და გულში, იმ ღამეს ჩანერგილი გმირობა და თავგანწირვა იყო!

მე ამ დღეს ვადიდებ. და ამ დღეში, ისევე როგორც 9 აპრილში, ვხედავ ქართველების აღდგომას! ამ ღამეს ქართველები ჯვარს ეცვნენ და აღდგომა იქნება კიდევ...

“მე ვეფერები დამარცხებულებს დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!“

XS
SM
MD
LG