ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოხდება თუ არა ემზარ კვიციანის რეაბილიტაცია?


ემზარ კვიციანს ისევ ძებნილის სტატუსი აქვს
ემზარ კვიციანს ისევ ძებნილის სტატუსი აქვს

52 წლის კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული, 2006 წლის ივლისიდან სამხედრო ამბოხების გამო იძებნება

საქართველოს თადარიგის 19 გენერალ-მაიორი, თადარიგის 7 გენერალ-ლეიტენანტი და თადარიგის 7 ბრიგადის გენერალი, მათ შორის, თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი და გენშტაბის ოთხი ყოფილი უფროსი, საქართველოს ხელისუფლებას თხოვს, ხელი შეუწყოს სამშობლოში კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ემზარ კვიციანის დაბრუნებას.

პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. სააკაშვილის ხელისუფლებამ მისი ადგილსამყოფელის დასადგენად თავის დროზე 100 000 ლარიანი ჯილდოც კი დააწესა.

„მოგმართავთ თხოვნით, რათა პოლკოვნიკ კვიციანს და მასთან ერთად სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ ოფიცრებს მიეცეთ საშუალება ჩამოვიდნენ სამშობლოში. მათ აქვთ სურვილი ითანამშრომლონ გამოძიებასთან კოდორის ხეობის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით“ - ნათქვამია საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადებაში. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ამბობს

„თუ ემზარ კვიციანი რამეში არის დამნაშავე და სერიოზული დამნაშავეა. მაშინ, მით უმეტეს უნდა ჩამოვიდეს ის და გასცეს მათ პასუხი, ვისაც ის დამნაშავე ჰგონია! ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რომ ამდენი წელია დევნილობაშია სხვა ქვეყანაში და ამ დროს ოჯახი აქ ჰყავს, არის მიუღებელი.“

52 წლის ემზარ კვიციანის სახელი ქართულ პოლიტიკაში 1993 წლის ბოლოდან გამოჩნდა. აფხაზეთის სრული დაკარგვის ფონზე, ადგილობრივმა სვანებმა, მათ შორის, კვიციანმა და ბატალიონ „მონადირეს“ წევრებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის შენარჩუნება შეძლეს.

აფხაზებმა და ჩრდილო კავკასიელებმა არაერთი შეტევის მიუხედავად, ბადაგას გვირაბებისა და სოფელ ლათას ზემოთ წაწევა ვეღარ შეძლეს. ამ ბრძოლებს 16 კოდორელი მეომარი შეეწირა.

1994 წლიდან ზაფხულიდან, კოდორის ხეობა გაეროს დამკვირვებლების რეგულარული პატრულირების ობიექტი გახდა და შედარებითი მშვიდობა დამყარდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების გავლენა ხეობაზე ფორმალური იყო. იქ, კანონი მხოლოდ იარაღის ენა იყო. 1994-2004 წლებში კოდორში 100-მდე მკვლელობა მოხდა.

ჩვეულებრივი ამბავი გახდა, გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცება. 1996-2003 წლებში, ამ მიზნით, ხეობაში გაეროს 15 დამკვირვებელი და თარჯიმანი იქნა გატაცებული.

1999 წლის 9 ივლისს, კვიციანის მომხრეებმა სოფელ აჟარიდან საქართველოს ჯანმრთელობის მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აფხაზეთის დევნილი მთავრობის წევრები გაიტაცეს. განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს ლონდერ ცაავას, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარეს.

ამ ინციდენტის შემდეგ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ კოდორზე კვიციანის გავლენა საბოლოოდ „აღიარა“ და ივერი ჭელიძის ნაცვლად, საკუთარ წმუნებულად ხეობაში სწორედ კვიციანი დანიშნა.

2003 წლის ზაფხულში, აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე თამაზ ნადარეიშვილმა (იგი 2004 წელს გარდაიცვალა - ზ. წ) კვიციანი საჯაროდ დაადანაშაულა გაეროს დაკვირებლების გატაცებაში, ასევე გაუხსენა კრიმინალური წარსული.

თამაზ ნადარეიშვილის განცხადებით, კვიციანი საბჭოთა პერიოდში ხულიგნობის, ძარცვისა და მკვლელობის მცდელობისთვის იყო ნასამართლევი. შემდეგ, კი თავდაცვის სამინისტროში გაყალბებული საბუთებით დაიწყო მუშაობა.

„ვარდების რევოლუციის“ დროს, კვიციანი საკუთარი მომხრეებით აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტ შევადნაძეს. მისი გადადგომის შემდეგ კი იგი ერთადერთი რწმუნებული გახდა, რომელმაც თანამდებობა 2004 წლის დეკებრამდე შეინარჩუნა, სანამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აფხაზეთის მთავრობის მაშინდელმა თავჯდომარე ირაკლი ალასანიამ ეს თანამდებობა საერთოდ არ გააუქმა.

ემზარ კვიციანის ვიდეომიმართვიდან: 01.11.2006

„სააკაშვილი და მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ქართული სისხლი დაიღვაროს. ეს უნდა გაუკეთოს მან სვანეთს, რომ ჩვენ სვანებმა არ ვისაუბროთ, ჩვენზე როგორც ქართველებზე. ამას იმიტომ აკეთებს სააკაშვილი რომ მას ასეთი ინსტრუქცია მისცეს ამერიკაში. 24-25 ოქტომბრის აქციით, ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენეთ ყველას, რომ კოდორიდან არსად წავსულვართ და არც წავალთ!“

ემზარ კვიციანი აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას
ემზარ კვიციანი აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას



ემზარ კვიციანის ეს ვიდეომიმართვა, რუსულ ენაზე, ნიღბიანი შეიარაღებული მებრძოლების ფონზე, აფხაზურმა და რუსულმა ტელევიზიებმა 2006 წლის 1 ნოემბერს გაარცელეს. ამ მიმართვით, კვიცინმა თავის თავზე აიღო 2006 წლის 25 ოქტომბერს, კოდორში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის კორტეჟისთვის ცეცხლის გახსნა.

მანამდე, 2006 წლის 1 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში, კვიციანი ამტკიცებდა, რომ 2001 წელს, ჩეჩენი საველე მეთაური რუსლან გელაევისა და მისი რაზმის გადასროლა პანკისიდან კოდორში ჯორჯ სოროსის ფონდმა დააფინანსა.

კვიციანმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს ვერტმფრენი კოდორში 2001 წლის 8 ოქტომბერს სწორედ ჩეჩნებმა ჩამოაგდეს, რასაც გაეროს ოთხი დამკვირვებელი, სოხუმის მისიის ორი თანამშრომელი და 3 უკარინელი მფრინავი შეეწირა.

კვიციანის გამოსვლა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით
კვიციანის გამოსვლა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით

ამ დროს, კვიციანს უკვე დატოვებული ჰქონდა კოდორის ხეობა და ფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იყო გადასული (აფხაზთა "თავდაცვის მინისტრის მოადგილე" გარი კუპალბა კვიციანის ახლო ნათესავია - ზ.წ).

დაუმორჩილებლობა კვიციანმა 2006 წლის 22 ივლისს გამოცხადა. მიზეზად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანება დაასახელა, კოდორის ბატალიონ „მონადირეს“ გაუქმებასთან დაკავშირებით.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მაშინვე წამოიწყო სპეცოპერაცია, რომელსაც „საპოლიციო“ უწოდა. ოპერაციას ერთი ადგილობრივი ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა, კვიციანმა კი რამდენიმე მომხრესთან ერთად ხეობა დატოვა. მას შემდეგ იგი, დისშვილთან ბაჩო არღვლიანთან ერთად იძებნება.

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ბოლო ერთი წელია, კვიციანი ჟურნალისტებს სკაიპის საშუალებით მიმართავს. „რეპორტიორის“ პრესკლუბში დღევანდელი ჩართვის დროს, ემზარ კვიციანმა ისევ არ გაამხილა რომელ ქვეყანას აფარებს თავს, თუმცა აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნება სურს

„ეხლა უკვე ჩემთვის გასაგებია, რომ ისევ ძებნილი ვარ, რადგან საქართველოს პასპორტი არ მომცეს. თუ საქართველოს ხელისუფლება თანახმაა შემიძლია, პასპორტის აღების შემთხვევაში, ლეგალურად გადმოვლახო საზღვარი.

ან, შემიძლია მივიდე საქართველოს საკონსულოსთან იმ ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები და ჩავბარდე. ოღონდ მითხრან, რომ არ იქნებიან ჩემი დაბრუნების წინააღმდეგი.“

2006 წლის ზაფხულში, ემზარ კვიციანის მიმალვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ დააპატიმრა მისი და - ნორა კვიციანი. მას უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის, მითვისებისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის გამო 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნორა კვიციანი 2012 წლის 6 ნოემბერს გათავისუფლდა. საქართველოს ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ოპოზიციაში ყოფნისას აცხადებდა, რომ ნორა კვიციანი პოლიტიკური პატიმარი იყო, თუმცა მას ეს სტატუსი ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს.

ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში დაბრუნებულ ემზარ კვიციანის ოჯახს უკან დაუბრუნდა საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც წინა ხელისუფლებამ ჩამოართვა. კვიციანებს და მათ ნათესავებს პრეტენზია აქვთ სხვა უძრავ ქონებაზეც, რომელიც ასევე ჩამოართვეს. თუმცა, იურისტების აზრით, ამისთვის ემზარ კვიციანის სრული რეაბილიტაციაა იქნება საჭირო.

უცნაურია, მაგრამ კვიციანის საქმე ამ დრომდე არ არის გადაგზავნილი სასამართლოში. საქმე პროკურორ თენგიზ ხარებავას ზედამხედველობის ქვეშ რჩება. არაოფიციალურად ცნობილია, რომ პროკურატურა რუსული, აფხაზური და ქართული ტელეარხებით გასულ იმ ვიდეომიმართვებს სწავლობს, სადაც კვიციანი, იურისტების აზრით, აშკარად ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულის შემცველ განცხადებებს აკეთებდა.

ემზარ კვიციანს ბრალად ედება შეთქმულება და ამბოხება, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გატაცების ფაქტები კოდორის ხეობაში

1999 ოქტომბერი - პაკოვბა(ჩეხეთი), კაპანოსი(საბერძნეთი), აგრელო(ურუგვაი), სტიბლო(შვეიცარია), ოიბერი(შვედეთი), კრაუზე(გერმანია), პოღოსიანი(თარჯიმანი)
2000 ივნისი - ლაურსენი და როზენკვისტი(ორივე დანია), ვუდვორტი(ინგლისი), საგარპია(თარჯიმანი)
2001 დეკემბერი - კოკილიდისი(საბერძნეთი), ბლეხაჩი(პოლონეთი)
2003 ივნისი - ოტი და ბაუერი(ორივე გერმანია), სორენსენი(დანია), ჩიკაშუა(თარჯიმანი)

კოდორში გაეროს ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგედ დაიღუპნენ

2001 ოქტომბერი - ტოროკი და ეიშინკი(ორივე უნგრეთი), აკბარი(თურქეთი), ჰოფერი(შვეიცარია), აბრაშკევიჩი(პოლონეთი), ლალი ხვიჩია(თარჯიმანი საქართველო), ბელოგრივოვი, შეგრინი, პოლეჟაი(მფრინავები, ყველა, უკრაინა).

XS
SM
MD
LG