ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილთა ბედი


დევნილთა ბედი
დევნილთა ბედი

რუსული თამაში და თბილისის რისხვა

რუსეთი ქართველ დევნილებთან დაკავშირებით, ახალ პოლიტიკურ თამაშს იწყებს. მოსკოვში დაწერილი ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონში დევნილების დაბრუნების პროცესს შეიძლება მწვანე შუქი აუნთონ.

ამ გეგმის დეტალები ოპოზიციური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა რუსეთის მმართველ პარტია „ედინაია რასიასთან“ უკვე განიხილა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "ამერიკის ხმას" უთხრა

„ვლადიმირ პუტინთან არ მქონია ამ საკითხზე საუბარი, რაც არ იყო, იმას ვერ დავიბრალებ, მაგრამ, „ედინაია რასიასთან“ ამ თემაზე მოლაპარაკებები მქონდა. ჩვენ ვთხოვეთ, ამ საკითხში, „ედანაია რასიას“ შუამავლობა და მათ თანხმობა მოგვცეს. ეს პროცესი უკვე მიდის. საუბარია, იმაზე, რომ დაბრუნება მოხდეს ახლა, სააკაშვილი ხელისუფლების პირობებში, აბა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს თავისთავად მოხდება“.

რუსეთთან ბოლო ომის დროს, კოდორის ხეობიდან თითქმის მთელი მოსახლეობა, 2000 ზე მეტი ადამიანი გამოიხიზნა, ახალგორის რაიონიდან კი სადაც ომამდე 7600 ადამიანი ცხოვრობდა, ექვსი ათასი ქართველი აიყარა.

მოგვიანებით, ქართველმა დევნილებმა ნელ-ნელა უკან დაბრუნება დაიწყეს, ეს პროცესი შედარებით დაჩქარდა კოდორის ხეობაში. მას შემდეგ, რაც იქ აფხაზების მხარდაჭერით, ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა დაიბრუნა, თბილისი კვიციანს 2006 წლის ივლისიდან, სამშობლოს ღალატის ბრალდებით ეძებს.

„შარშან ჯერ მშობლები გადავიდნენ, ყველას, ძაან გვეშინოდა როგორ შეხვდებოდნენ აფხაზები, პრობლემა არ ყოფილა, შემდეგ ოჯახი ნელ-ნელა დავბრუნდით, არაფერს გვერჩიან, ვართ ჩვენთვის, პროდუქტი სოხუმიდან ამოგვაქვს, გვყავს პირუტყვი, მივსდევთ მეურნეობას.

აფხაზებმა ხეობაში მაღაზიაც გახსნეს, შუქიც არის. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში გადმოსვლა და უკან დაბრუნებაა. ყოფილა შემთხვევები რო ჩვენი ხალხი საზღვარზე უშიშროებას დაუკავებია, დაუმცირებია, უცემია, საქართველოს მოღალატეებს, ბანდიტი კვიციანის და არღვლიანის ხალხს გვეძახიან.

ბოლო დროს თბილისში დარეკვისაც კი გვეშინია, ნათესავებს ვისთანაც ვრეკავთ ავიწროვებენ. ამასწინათ, ჩემი ახლო ნათესავის ძმა თბილისში უშიშროებამ დაიჭირა და ორი დღე არ უშვებდნენ, აინტერესებდათ კოდორიდან რა მიზნით გირეკავენო“

ეს არის ციტატა წერილიდან, რომელიც კოდორის ხეობაში დაბრუნებულმა საქართველოს მოქალაქემ ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნა, უსაფრთხოების მიზნით მან ვინაობის გამჟავნება არ ისურვა და სატელეფონო კომენტარზეც კი უარი თქვა.

ანალოგიური სიტუაციაა, ახალგორის რაიონშიც. უმძიმეს ეკონომიურ და მორალურ სიტუაციაში აღმოჩენილი, ქართველი დევნილები, როგორც წესი, ცდილობენ მაქსიმალურად მოერგონ არსებულ სიტუაციას. გადაადგილებისთვის აიღონ სეპარატისტების პასპორტი და ამავე დროს დაიტოვონ საქართველოს პირადობის მოწმობა; ორივე ადგილზე მიიღონ ხელფასი, პენსია ან ერთჯერადი დახმარება;

ჰქონდეთ დრობითი ან მუდმივი საცხოვრებელი, როგორც თბილისის მიერ კონტროლირებულ, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამავე დროს, დევნილები, როგორ წესი, ორივე მხარეს, თავს არიდებენ გადასახადებს და არმიაში სავალდებულო სამსახურს.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ცნობილია თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ოფიციალური პოლიტიკის მიმართ ამბობს:

„იმის გამო, რომ რუსეთმა, ხელი არ მოითბოს პროპაგანდისტულად ამ მოვლენებზე, ჩვენ წინასწარვე უარს ვამბობთ, იმ პერსპექტივაზე, რომ მომავალში შეიძლება ეს ხალხი გამოგვადგეს. რა უფლებით ზღუდავ შენი ადამიანების გადაადგილებას, თუ ამის შესაძლებლობა არის, მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთმა არ ჩაიწეროს ქულები?!

რა თქმა უნდა რუსეთი ჩაიწერს ქულებს, მოსკოვი იტყვის, რომ აი, ხედავთ, ახალგორში არ ჩატარებულა ეთნოწმენდა, მაგრამ ამის გამო, რომ რუსეთმა არ თქვას, ჩვენ ჩვენი მოსახლეობა უნდა გავწიროთ?! აქ არის, ორი უარესობიდან ნაკლები უარესობის არჩევის ვარიანტი. კეთილი უნდა ვინებოთ და ავირჩიოთ ნაკლებად უარესი.

ნაკლებად უარესი არის ის, რომ რუსეთმა შეიძლება ამაზე ილაპარაკოს, რომ ეთნიკური წმენდა ახალგორში არ ჩატარებულა; მაგრამ, ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ეთნიკური წმენდა ჩატარდა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში. მაგრამ ეს ხალხი დავტოვოთ, რათა, მომავალში, ხუთი-ათი წლის შემდეგ, ამ ხალხის საშუალებით მოვახერხოთ ოსებთან საერთო ენის გამონახვა.

კანონი არ კრძალავს ქართველების იქ ცხოვრებას, შესაბამისად არც ნებართვას არ იძლევა. ანუ თვითონ ადამიანები, დევნილები ღებულობენ გადაწყვეტილებას როგორ იცხოვრონ ოკუპაციის ქვეშ. საქართველომ თქვა, რომ მე მივიღე კანონი ოკუპირებული ტერიტირიების შესახებ და იქ რაც ხდება მე არ მეხება.

იმიტომ, რომ ვერ ვაკონტროლებ სიტუაციას. შესაბამისად, სახელმწიფომ მიუშვა ადამიანები, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ იცხოვრონ ოკუპაციის ქვეშ... ამიტომ, არავის აქვს არანაირი მორალური უფლება, ის ხალხი გაკიცხოს. მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, გარდა იმის, რომ თვითონ განკარგონ თავისი ბედი, რეალობიდან გამომდინარე.“

მოსკოვის ახალ ინიციატივას სიფრთხილით ეკიდება ქართველ ექსპერტთა დიდი ნაწილი. ისინი თვლიან, რომ რუსეთს, კარგად აქვს გააზრებული ამ პოლიტიკური თამაშის მოსალოდნელი შედეგები. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე სიტუაციას შემდეგნაირად აანალიზებს.

„ელემენტარულად, ეს ყველაფერი რუსეთს გათვლილი ჰქონდა, სანამ ეს თემა იქცეოდა მოლაპარაკების საგნად, რუსეთის ხელისუფლებასა და ნოღაიდელს შორის. და ამიტომ, ორ კურდღელს იჭერს რუსეთი ერთდროულად.

ერთი ის, რომ აფხაზეთის, ახალგორის ტერიტორიებზე ზრდის ხელოვნურად ქართული მოსახლეობის რაოდენობას. მაგრამ, არა თვითონ, ვთქვათ, სოხუმის რაიონში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში, ზღვის სანაპიროზე, არამედ კოდორის ხეობაში.

და მეორე კიდევ, ხელს უწყობს აგერ ქართული ანტისახელისუფლებო ოპოზიციის გაძლიერებას, მათ პოპულარობის ზრდას. რუსეთი ამას პროპაგანდისტულ მიზნებში აუცილებლად გამოიყენებს და დაიმოწმებს იგივე ნოღაიდელს, დაიმოწმებს ოპოზიციას, რომ აი, ოპოზიცია უფრო იცავს ქართველი ლტოლვილების ინტერესებს, ვიდრე ოფიციალური თბილისი.“

ყველაზე ნიშანდობლივი მოსკოვის ბოლო ინიციატივაში, პოლიტიკური ვაჭრობის ახალი საგანია. თუ აგვისტოს ომამდე, მოლაპარაკებების მთავარი თემა, რაზეც რუსეთი მოდიოდა, გალის რაიონში ლტოლვითა დაბრუნება იყო, დღეს რუსული პოლიტიკის ვექტორმა საქართველოს სიღრმეში - კოდორი-ახალგორამდე შემოიწია.

ახალი ინიციატივა საკმაოდ დელიკატურ სიტუაციაში აყენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ჯერჯერობით, მოსკოვის თამაშის შეფასებას არ ჩქაროს. სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გვითხრა, რომ არ სურს ზურაბ ნოღაიდელის პირით გაჟღერებული რუსული ინიციატივების კომენტირება.

XS
SM
MD
LG