ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენზურის შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე


საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი კანონპროექტი ცენზურის საფრთხეს აჩენს
საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი კანონპროექტი ცენზურის საფრთხეს აჩენს

რა მოტივები ამოძრავებს მმართველ პარტიას, როცა პარლამენტში ინიცირებას უკეთებს ცვლილებას „კულტურის შესახებ“ კანონში? ამ ცვლილების მიხედვით, „სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე“, შესაძლებელი ხდება „შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვა“, თუ ეს ნაწარმოები „ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას“.

ეს ბოლო ჩანაწერი „კულტურის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლში (შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა) 1997 წლიდან არსებობდა, როცა მას მაშინდელმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოაწერა ხელი, თუმცა აღსრულების მექანიზმი კანონში გაწერილი არ ყოფილა.

2018 წლის 14 მაისიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიასა და დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივით, „ქართული ოცნება“ ცდილობს კანონში ეს მექანიზმი გაჩნდეს და შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვა - არ აკრძალვის საკითხი სასამართლოს ქვემდებარედ იქცეს.

კულტურის კანონში სადავო ცვლილების ინიციატორი ეკა ბესელიაა
კულტურის კანონში სადავო ცვლილების ინიციატორი ეკა ბესელიაა

მმართველი პარტია ამ წინადადებას „მოქმედი კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებთან ჰარმონიზების“ სურვილით ხსნის, საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს ცენზურისკენ გადადგმული საშიში ნაბიჯია. მხატვარი გია ბუღაძე ამბობს:

მოსამართლე როგორ უნდა მიხვდეს რომელია "ხელოვნების ნაწარმოები" და რომელი "უზნეობა", „სიმახინჯე“ და "უფლებების შემლახველი"? ეს არის სრული აბსურდის, სისულელის თეატრი“
გია ბუღაძე, მხატვარი

„ეს ცალსახად ცენზურისკენ მიმავალი გზაა. მაშინ უნდა ავდგეთ და მსოფლიო ლიტერატურის ნახევარი წყალში უნდა გადავყაროთ, რომ კლასიკა ახალგაზრდებმა არ წაიკითხონ. „ათას ერთი ღამიდან“ დაწყებული შოთა რუსთაველით დამთავრებული ყველაფერი უნდა ამოვშალოთ, აურაცხელი მოწოდებებები ბრძოლისკენ, თავდადებისკენ, კლასიკა, სადაც ღვთის გმობა, ეროტიკა და პორნოგრაფიაც არის. ახალიც არაფერი უნდა შეიქმნას.

მთავარი შეკითხვა, რაც მიჩნდება, როგორ უნდა დაადგინო რომელი ნაწარმოებია "დაშვებული" და რომელი "დაუშვებელი"? ეს რა კრიტერიუმით უნდა განსაზღვრო? მოსამართლე როგორ უნდა მიხვდეს რომელია "ხელოვნების ნაწარმოები" და რომელი "უზნეობა", „სიმახინჯე“ და "უფლებების შემლახველი"? ეს არის სრული აბსურდის, სისულელის თეატრი.“

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, „არ შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებებით იყოს გამართლებული საკანონდებლო ინიციატივა, რომელიც არა ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, არამედ შუღლის გაღვივების და პორნოგრაფიის პროპაგანდის მიზნით ზღუდავს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას."

ბესელია-გოგიჩაიშვილის კანონპროექტი უფლებადამცველების აზრით, საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და ახალისებს ქვეყანაში რადიკალურ რელიგიურ თუ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც „გრძნობების შეურაცხყოფის“ მოტივით, არაერთხელ გამოსულან კონკრეტული წიგნის, ნახატის, ფილმის, სპექტაკლის თუ სიმღერის აკრძალვის მოთხოვნით და ხელოვანებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დამუქრებიან.

ასეთი მაგალითები საკმაოდ ბევრია: „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა „სვანეთის შეურაცხყოფად“ აღიქვა ზურაბ ქარუმიძის რომანი „მელია-ტულეფია“, მწერალს საჯაროდ ფალოსი უწოდა, მმართველმა პარტიამ კი ამის შემდეგ, ქარუმიძის დიდ ბრიტანეთში ელჩად დანიშვის პროცედურა დაბლოკა.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის“ მოტივით, სხვადასხვა დროს ასევე მოითხოვდნენ ლაშა ბუღაძის ,,გიორგი რუსის”, პაატა შამუგიას ,,ანტიტყაოსანის”, ერეკლე დეისაძის ,,საიდუმლო სირობის”, რატი ამაღლობლის „პიეტა მიწისქვეშა გასასვლელში“ და ზაზა ბურჭულაძის "ხსნადი კაფკას" აკრძალვას. ამ უკანასკნელის წიგნები ბათუმის ერთ-ერთი წიგნის მაღაზიიდან გამოიტანეს და ადგილობრივი მამაოს კურთხევით დაწვეს.

სასულიერი პირებმა ზაჰესში ჩაშალეს Tbilisi JAM! Fest-ი. "თვითმკვლელი ღვთისმშობლის"დახატვის გამო სიკვდილით დაემუქრნენ ქუთაისელ მხატვარ ლია უკლებას; კინოთეატრ „რუსთაველის“ პიკეტირება მოახდინეს და მის მფლობელებს სასამართლოში უჩივლეს ​ამერიკელი რეჟისორის რონი ჰოვარდის ფილმის „და ვინჩის კოდის“ ჩვენების გამო.

2006 წელი, აქცია კინო "რუსთაველთან" "და ვინჩის კოდის" ჩვენების წინააღმდეგ
2006 წელი, აქცია კინო "რუსთაველთან" "და ვინჩის კოდის" ჩვენების წინააღმდეგ

​„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ჩივილის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 90-იანი წლების მეორე ნახევარში, განათლების სამინისტრომ სწავლებიდან ამოიღო ორი სახელმძღვანელო – „რელიგია და კულტურა“ და „რელიგიის კარიბჭე“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კრიტიკას კატეგორიულად არ ეთანხება და თვლის, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა "ჭიქაში ქარიშხალი" გამოიწვიეს:

ნუ ღელავთ მეგობრებო, ამ ქვეყანაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება არის გარანტირებული, როგორც კონსტიტუციით, ასევე ჩვენი მოსახლეობის სიფხიზლიდან გამომდინარე“
ლევან გოგიჩაიშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

„ამ დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში! ნუ ღელავთ მეგობრებო, ამ ქვეყანაში გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება არის გარანტირებული, როგორც კონსტიტუციით, ასევე ჩვენი მოსახლეობის სიფხიზლიდან გამომდინარე.“

ბოლო ორი წლის მანძილზე, ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის, ახლა კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ეკა ბესელია მეორედ ხდება საკანონდებლო ცვლილების ინიციატორი, რომელიც უფლებადამცველთა მძაფრი კრიტიკის მიზეზია.

2016 წლის თებერვალში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პრიმა მუხლის დამატება იგეგმებოდა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოში „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ ფინანსურად დასჯადი ხდებოდა.

ეს ინიციატივა მაშინ ჩავარდა, თუმცა, 2018 წლის აპრილის ბოლოს, ოდნავ სახეცვლილი სახით, იგივე ინიციატიცა პარლამენტში, უკვე „პარტიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გააცოცხლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG