ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

#1 პრობლემა – ოკუპაცია, თუ ემიგრანტები?


აქცია საოკუპაციო ხაზთთან
აქცია საოკუპაციო ხაზთთან

დღეს აქციებისა და მარშების დღეა საქართველოში. დილის 9 საათიდან მოქალაქეები თბილისში ვარდების მოედანზე იკრიბებოდნენ იმისთვის, რომ ოკუპაცია ბერშუეთში გაეპროტესტებინათ. მსურველებისთვის ტრანსპორტირება უფასო გახლდათ. აქცია გაზეთმა „ქრონიკა+“ – მა დააორგანიზა და მისი მონაწილეები ჟურნალისტები, საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გახლდათ. მათ ბერშუეთში ახლად გადმოწეულ საოკუპაციო ხაზთან ახალი ბანერიც აღმართეს, რომელზეც მითითებულია, რომ სახელმწიფო საზღვარი ამ ადგილიდან 101 კილომეტრში, როკის გვირაბთანაა. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას არ შეუერთდნენ.

ამერიკის ხმასთან გაზეთ „ქრონიკა+“– ის მთავარი რედაქტორი და აქციის ორგანიზატორი ელისო კილაძე ამბობს: „ჩვენ გვინდოდა გაგვეპროტესტებინა მცოცავი ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზთან გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, მიუხედავად პოლიტიკური და რელიგიული კუთვნილებისა, რომელიც აპროტესტებს ოკუპაციას და ეუბნება მას არას. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება, ქმედით ღონისძიებებს არ მიმართავს მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სამოქალაქო პროტესტი. მე რომ ხელისუფლებაში ვიყო დღეს მოვიდოდი ამ აქციაზე, რადგან ეს იყო ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, დავდგებოდი მათთან ერთად და ვიტყოდი, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ამის გამბედაობა არ ჰყოფნით. დღეს იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილი ჩვენს აქციაზე. მე ვფიქრობ, ოკუპაციის თემა არის ის, რამაც უნდა გააერთიანოს სრულიად საქართველოს საზოგადოება.“

დღესვე საღამოს კიდევ ორი აქცია იმართება, ორივე რვა საათზეა ჩანიშნული. ერთი „ქართველთა მარშია“, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ უერთდება. „გადაწყდა!!! ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! ვისაც სამშობლოსთვის გული გიძგერთ!!! ან ჩვენ ან ისინი!!! 14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე 24 სკოლიდან იწყება ქართველთა მარში!!! 14 ივლისამდე ულტიმატუმი რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა(ირანელები,არაბები,აფრიკელები და ა.შ.)დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!! ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე,რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები)გააუპატიურა!!! ჩვენ გავწმინდავთ ჩვენს ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან!!!ქართული საქართველოსთვის!!!“ – ასე მოუწოდებელ „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორები თანამოაზრეებს.

მიმართვის ქსენოფობიურმა ხასიათმა საქართველოში ბევრი აღაშფოთა. ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს: „როდესაც ეგრეთ წოდებული „მარშიროვკები“ იგეგმება, სულ მახსენდება, როგორი ადვილად წამოსაგებია ჩვენი საზოგადოება მსგავს ლოზუნგებზე. თავის დროზეც, ეროვნული მოძრაობის დროს, ბევრი ლოზუნგი იყო ჩვენი არა ქართველი ეთნიკური წარმომავლობის თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამან ხელი შეუწყო ჩვენი თანამემამულე ოსების მობილიზებას საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასევე აფხაზეთშიც ურთიერთობები, დიდძალად, ჩვენი ქმედებების შედეგად დაიძაბა. სამწუხაროდ, იგივე ძალები, ვინც ცდილობდნენ გაემწვავებინათ სიტუაცია მაშინ და მიაღწიეს კიდეც თავიან მიზანს, ისევ ცდილობენ დაძაბონ საქართველოში მდგომარეობა. ძალიან ადვილია საშინელ სოციალურ პირობებში, დიდ ეკონომიკურ სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანების ასეთი ლოზუნგებით ქუჩაში გამოყვანა და ამას, რასაკვირველია, თუკი ჯანმრთელი სამოქალაქო საზოგადოებაა ქვეყანაში, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს.“

ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტულ კრიმინალურ შემთხვევებზე რეაგირება პოლიციამ უნდა მოახდინოს: „კრიმინალი სახელმწიფოში ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა აღკვეთოს და არა მსგავსი „მაშიროვკების“ მომწყობებმა. სახელმწიფოს ვალია იმოქმედოს და საზოგადოებამაც უფრო აქტიურად უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა რასისტული და ქსენოფობიური აზრების ისეთ პროპაგანდას, როგორიც ჩვენთანაა“.

კიდევ ერთი აქცია საოკუპაციო ხაზთან ბერშუეთში სოციალური ქსელების მეშვეობით დაორგანიზდა. ახალგაზრდები, სამსახურის საათების შემდგომ, 7 საათზე ავტოსადგურთან შეიკრიბნენ ბერშუეთში გასამგზავრებლად. აქცია მეგობრების ჯგუფმა დააორგანიზა და ისინი ყოველგვარ პოლიტიკურ მიკერძოებას ემიჯნებიან. სალომე კანდელაკი, მისი ერთ–ერთი ორგანიზატორი ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

„ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, ჩვენი აქცია თვითორგანიზებულია და მოხალისეობრივ პრინციპზეა აგებული. არ გაგვაჩნია სახსრები იმისთვის, რომ ავტობუსები გამოგვეყო. მოვუწოდეთ მოქალაქეებს საკუთარი ავტომანქანებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით წამოსულიყვნენ. ვიკრიბებით ავტოსადგურ „ოკრიბასთან“, სადაც გადავნაწილდებით ავტომობილებში. ჩვენი მიზანია დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენთვის #1 პრობლემა არის ოკუპაცია. აუცილებელია პრიორიტეტები განვსაზღვროთ. რა არის მნიშვნელოვანი, „ქართველთა მარში“ თუ ოკუპაციის გაპროტესტება და იმაზე ღელვა, რა მდგომარეობაშიცაა ჩვენი სახელმწიფო და მისი სუვერენიტეტი. მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ შეიტყოს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ 2008 წელს არ დასრულებულა ოკუპაცია, რომმცოცავი ოკუპაცია გრძელდება ყოველ დღიურად და ამაზე რეაგირების არ ქონა არის შეცდომა და დანაშაული.“

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში დღეს აშშ ელჩი იან კელიც იმყოფებოდა შსს–ს წარმომადგენლების თანხლებით. მისი განცხადებით, ბორდერიზაციის პროცესი ხელოვნურია, რასაც აშშ არ აღიარებს. სოფელი ყარაფილადან ცენტრალურ ავტონმაგისტრალამდე 400 მეტრია დარჩენილი. მის სიახლოვეს ბაქო–ჯეიჰანის მილსადენი გადის. ბანერები მის სიახლოვესაა.

გუშინ გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ცენტრალურ მოედანზე ქართველი ემიგრანტების აქცია გაიმართა ოკუპაციის გასაპროტესტებლად. ის გერმანიის ქართულმა სათვისომომ დააორგანიზა იმ მიზნით, რომ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ადგილობრვი საზოგადოებისთვის ასეთი პროაქტიული ფორმით მიეწოდებინა. საქართველოს დროშებითა და ტრანსფარანტებით ოკუპაციის შესახებ, მიუნხენში, დაახლოებით 100 ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ბორდერიზაციის პროცესის განახლების შესახებ განცხადება მაისში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრის დროს გააკეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG