ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საჭიროა სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა",- თქვა ღარიბაშვილმა გადადგომისას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ის მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დროა "ქართული ოცნება" მოემზადოს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და შესაძლებლობა მიეცეთ სხვებსაც, დაიკავონ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვინ განიხილება მის შემცვლელად. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მომავალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.

"ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები: სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ყრილობა პარტიაში, რომელზეც მას პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, 1 თებერვალს გაიმართება.

"ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!" - ასე დაამთავრა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება, რომელიც სულ 3 წუთს გაგრძელდა. ამ განცხადებაში ღარიბაშვილმა ტრადიციულად მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს, გაავრცელა "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასევე არის "ქართული ოცნების" წევრი, პრემიერის შეცვლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ "ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა" და "სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

"მთავარი არხის" ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრო ორჯერ იყო. პირველად, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. მეორე ვადით იგი პრემიერ-მინისტრი გახდა 2021 წლის 22 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ.

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე, მთავრობის მეთაურის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი, მინისტრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობენ.

პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.

თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG