ბრიუსელში დასრულდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის მეორე შეხვედრა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელისუფლება მოწოდებულია, რომ გამოსავალი იპოვოს, მაგრამ, მისი თქმით, ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ შარლ მიშელთან. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ უშუალოდ არის ჩართული მედიაციის პროცესში. მოგეხსენებათ, რომ მისი წარმომადგენელი იმყოფება ამჟამად თბილისში და აგრძელებს მოლაპარაკებას, როგორც ოპოზიციასთან, ასევე, ჩვენს პარტიასთან. პროცესი გრძელდება. ჩვენ ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა.
ერთი რამ მინდა ცხადად კიდევ ერთხელ განვაცხადო, ჩვენ ვართ მოწოდებული იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები კომპრომისი. რა თქმა უნდა, ჩვენ ღიად ვთქვით იმის თაობაზე, რა არის ჩვენი პოზიცია. ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი მთავრობის, პარტიის სახელით პოზიცია და ბუნებრივია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ბრიუსელშიც ილაპარაკა პოლიტიკური ოპონენტების შესახებ.
„ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებული დესტრუქციული, ასევ ვთქვათ, მანერით ცდილობს, რომ ხელი არ შეუწყოს დიალოგის პროცესს, პირიქით, გააღრმავოს ეს უფსკრული. ამის არაერთი მცდელობაც ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, არაერთი პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს კონსტრუქციულ დიალოგს. საბოლოო ჯამში, მთელი ცივილიზებული ევროპის და შარლ მიშელის საბოლოო ამოცანა არის, რომ ჩვენ, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა პარლამენტში. ეს არის ჩვენი საბოლოო ამოცანა. ამას, როგორ მივაღწევთ, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეებში“, - თქვა ღარიბაშვილმა.
შეკითხვაზე, პლებისციტი შეიძლება იყოს კომპრომისული ვარიანტი? პრემიერი პასუხობს: „მე მსურს თავი შევიკავო კონკრეტული ჩვენი პოზიციის გახმოვანებისგან, ვინაიდან არ არის დასრულებული ჩვენი მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე, მე თავს შევიკავებდი კონკრეტიკაზე საუბრისგან“.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა შარლ მიშელთან გამართული შეხვედრების ფორმატი. „პირველი შეხვედრა ჩვენ გვქონდა სამუშაო ფორმატში - „ერთი-ერთზე“. ეს შეხვედრა გაიწელა და დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ შუალედში მქონდა შეხვედრა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან. შემდეგ ისევ გავაგრძელეთ დაახლოებით ერთი საათი ან საათ-ნახევარი, როგორც გაფართოებულ, ასევე, „ერთი-ერთზე“ ფორმატში. შარლ მიშელის პოზიცია არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ შევძლოთ კომპრომისის გამონახვა და შეთანხმება“, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და NATO-ს ხელმძღვანელებს შეხვდება.
16 მარტს გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. მისი დასრულების შემდეგ დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამგზავრებამდე ვერ მოხერხდა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევა ქვეყანაში ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს დაწყებული დიალოგი 12 მარტიდან გააგრძელა მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა. მისი ვიზიტი გუშინ, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ევროკავშირის მაღალჩინოსანი თბილისში შეხვედრებს დღესაც გააგრძელებს.
Facebook Forum