ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FDI-ის კატასტროფული ვარდნა: უცხოური ინვესტიციები 53%-ით შემცირდა


2020 წელს, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) განახევრდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში, 53%-ით ნაკლები ინვესტიცია ჩაიდო, სულ - 616 მილიონი დოლარი (მანამდე წინასწარი მონაცემი 719 მლნ იყო). ასეთი კატასტროფული ვარდნა, საქართველოს რუსეთთან ომის შემდგომი ეკონომიკური შოკის დროსაც არ ჰქონია, 2009 წელს - 666 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

საქსტატმა პანდემიასთან ერთად, ინვესტიციების მკვეთრი კლების მთავარ მიზეზად, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის და არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის მიერ, პანამის ოფშორში რეგისტრირებული მისივე საწარმოების „ქართუ ფონდისთვის“ ჩუქება დაასახელა. მათ შორის „ტურიზმის განვითარების ფონდის“, რომლის კაპიტალიზაციაც 580 მილიონი ლარი იყო, ეს ფონდი ივანიშვილის ცნობილ ობიექტებს მშენებარე “პანორამა თბილისს” და სასტუმრო “პარაგრაფ შეკვეთილს” ფლობდა.

საქსტატის განცხადებით, ამ ცვლილებამ, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი საქართველოში 340.5 მილიონი დოლარით შეამცირა.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესს სკოლის დეკანი, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ამბობს, რომ სინამდვილეში საქართველოში უცხოური ინვესტიციების კლება უკვე ტრენდია და გამოწვეულია მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით:

უმთავრესი პრობლემა, ერთის მხრივ არის კოვიდ პანდემია, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს ეკონომიკურ პროცესებზე და მეორეს მხრივ, მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და შერჩევითი მართლმსაჯულება, რომელიც აფრთხობს ინვესტორებს
გიგა ბედინეიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესს სკოლის დეკანი


„უმთავრესი პრობლემა, ერთის მხრივ არის კოვიდ პანდემია, რომელსაც სერიოზული გავლენა აქვს ეკონომიკურ პროცესებზე და მეორეს მხრივ, არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც აფრთხობს ინვესტორებს. იგივე მთავრობის ინტერვენციონისტული პოლიტიკა, სერიოზული კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, შერჩევითი მართლმსაჯულება.

ანაკლიის სახით ჩვენ გვქონდა მაგალითი, რომ თუ ივანიშვილი უარყოფითად განეწყო რომელიმე პროექტის მიმართ, მას შეუძლია ეს პროექტი გააჩეროს და ჩააგდოს, ასეთი გზავნილებით სერიოზული ინვესტორები საქართველოში ფულს არ ჩადებენ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიგა ბედინეიშვილმა.

2020 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების 93%-ზე მეტი სამ ქვეყანაზე მოდის: გაერთიანებულ სამეფოზე (307 მლნ), ნიდერლანდებსა (172 მლნ) და თურქეთზე (108 მლნ). კვლავ დაბალია პირდაპირი ინვესტიცია აშშ-დან (93 მლნ) და გერმანიიდან (23 მლნ).

2020 წელს, საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ინვესტიცია 221 მილიონი დოლარით შემცირდა. ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია კი საფინანსო სექტორში განხორციელდა და 400 მლნ დოლარი შეადგინა.

2017 წლამდე, ცნობილი იყო, რომ საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია – 2 მლრდ 15 მლნ დოლარი 2007 წელს შემოვიდა. თუმცა, 2017 წელს, საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მაჩვენებლები, როგორც თავად ირწმუნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციით შეასწორა.

ამ კორექციის შემდეგ, ყველაზე მეტი - 265 მლნ დოლარი სწორედ 2007 წლის მონაცემს ჩამოაკლო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციის კუთხით ახალი ლიდერი კი 2017 წელი გახდა -1 მლდ 978 მლნ დოლარის ინვესტიციით.

ახლა პრაქტიკულად ქვეყანას ორი FDI აქვს, შესწორებამდე და შესწორების შემდეგ და ასევე FDI-ის ჩასწორების სახიფათო პრეცედენტი. ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრი პრეზიდენტი რამაზ გერლიანი ამბობს, რომ სტატისტიკაში ასეთი ჩარევა საქსტატისადმი ნდობას არ აღძრავს

ციფრების მანიპულაციას პოლიტიკურად მოტივირებული ქვეყნის სტატისტიკის სამსახურები ხშირად იყენებ, რომ მოცემულ მომენტისთვის, უკეთესი სურათი შექმნან. შესაბამისად, ამ სამსახურების მიმართ სანდობააც არის გაცილებით დაბალი
რამაზ გერლიანი, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრი პრეზიდენტი


„სამწუხაროდ, საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, სტატისტიკის აღრიცხვის ნაწილში, შეიძლება სხვადასხვაგვარად იყოს ინტერპრეტირებული.

ამას ციფრების მანიპულაციით, პოლიტიკურად მოტივირებული ქვეყნის სტატისტიკის სამსახურები ხშირად იყენებ, რომ მოცემული მომენტისთვის, უკეთესი სურათი შექმნან.

შესაბამისად, ამ სამსახურების მიმართ სანდობააც არის გაცილებით დაბალი. ბუნებრივია, როცა 10 წლის წინანდელ მონაცემს ცვლი, თან 265 მლნ-ით, ეს რასაკვირველია უნდობლობას გამოიწვევს.

ეს უნდობლობას იწვევს, როგორც საინვესტიციო ნაწილის, ისე დასაქმების მიმართულებით მიღებული შედეგების კუთხით, იგივე სოციალურ პაკეტებთან დაკავშირებით. ეს სტატისტიკა იწვევს არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ საზოგადოების უნდობლობასაც.

მეორეა, რომ სტატისტიკამ რა მონაცემიც არ უნდა ჩაწეროს რეალურ ეკონომიკაზე ეს გავლენას ვერ მოახდენს, ციფრებით ჟონგლიორობა რეალურ სექტორში ვერაფერს შეცვლის.“ - მიაჩნია ეკონომიკის დოქტორ რამაზ გერლიანს.

XS
SM
MD
LG