ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დანიელსონი: "მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები"


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივა. ის საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდა და მხარეებთან შეხვედრებს და მუშაობას განაგრძობს.

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც კვლავ გადასაწყვეტი რჩება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულნი, რათა კომპრომისს მივაღწიოთ", - ამის შესახებ დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დიდი სამუშაო შესრულებულია, თუმცა მუშაობა მხარეებთან კვლავ გრძელდება.

„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში", - განაცხადა დანიელსონმა და ასევე აღნიშნა, რომ „ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა იყოს მზად კომპრომისებზე წასასვლელად“. მისი თქმით, მხარეებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს და რომ სწორედ ქართულმა პარტიებმა უნდა მოახერხონ ამ პროცესში წინსვლა. „მე [მხოლოდ] ვცდილობ მათ ამაში დავეხმარო".

შეხვედრებისა და მოლაპარაკებების თაობაზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, მისი თქმით „წინ წაიწიეს ბევრი მიმართულებით“ და მოლაპარაკებები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.

„ბატონი დანიელსონის ვიზიტმა აჩვენა, რომ მისი ჩართულობა არის ძალიან პროდუქტიული, ძალიან კარგად მიჰყავს მას დიალოგის პროცესი. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, ასეთ რეჟიმში გაგრძელდეს ეს დიალოგი და მოლაპარაკებები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით შემდეგ მისიას“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თამჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ოპოზიციის მხრიდან კიდევ არის საჭირო ნაბიჯების გადადგმა, რათა შეთანხმება შედგეს“.

სალომე სამადაშვილმა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომლაპარაკებელმა, დღეს მედიას განუცხადა, რომ „არსებობს საკითხები, სადაც პოზიციები თანხვედრას განიცდის მარტივად, არსებობს პოზიციები, სადაც რჩება დაშორიშორებული ხედვები“. მისი თქმით, „არსებობს სივრცე, რომ შეთანხმება შედგეს, თუ "ქართულ ოცნებას" ამის პოლიტიკური ნება აღმოაჩნდება.“

დანიელსონი თბილისში 12 მარტს ჩამოვიდა და ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში კი მან რამდენიმე შეხვედრა გამართა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. დანიელსონს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის მანდატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მიანიჭა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG