ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კელი დეგნანი პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა


ელჩი კელი დეგნანი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ელჩი კელი დეგნანი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ყოველისმომცველი დღის წესრიგი გააჩნიათ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივებზე მუშაობა გაგრძელდეს ახალი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. გვსურს, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად განიმუხტოს, რათა საქართველო დაუბრუნდეს მის წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს, მათ შორის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა“, - მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ამერიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხებზე.

„პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს მეგობრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით ღია წერილი გამოაქვეყნეს. ისინი უპირველესად ხელისუფლებას მოუწოდებენ იზრუნოს არსებული კრიზისიდან გამოსვლის კონსტრუქციული გზების გამონახვაზე. ამ გამოსავლის პირველ ნაბიჯად ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას ასახელებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG