ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგზაო შემთხვევები - საქართველო და მსოფლიო


საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს - რუბრიკა “გალილეო” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიშით.

გზების უსაფრთხოება გლობალური ჯანდაცვის პრობლემებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით დედამიწაზე საგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად საშუალოდ მილიონ 250 ათასი ადამიანი იღუპება. 20-დან 50 მილიონ ადამიანს არაფატალური ტრავმები აქვს. ეს ყოველივე განვითარებულ ქვეყნებს საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უჯდება, დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს კი – 5%.

განსაკუთრებით მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახალგაზრდებში. იმდენად, რომ საგზაო ავარიებში მიღებული ტრავმები პირველ ადგილზეა 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდების სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის. დაღუპვის შემთხვევების 90 პროცენტი დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის, იმის მიუხედავად, რომ ამ ქვეყნებში მანქანების რაოდენობა სხვებთან შედარებით ნახევარია. დაღუპულთა თითქმის ნახევარი, 49 პროცენტი ფეხით მოსიარულე, მოტოციკლეტისტი, ან ველოსიპედისტია. ყოველი 4 დაღუპულიდან 3 მამაკაცია. ახალგაზრდა მძღოლებში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. 25 წლამდე ასაკში მამაკაცების ავტო-საგზაო შემთხვევებში დაღუპვის შანსი ქალებისას სამჯერ აღემატება.

რისკფაქტორებს შორის უპირველეს ყოვლისა ასახელებენ სისწრაფის გადამეტებას, შემდეგ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას. თანდათან იზრდება მობილური ტელეფონით გამოწვეული ყურადღების გაფანტვის გამო მომხდარი საგზაო შემთხვევების რაოდენობა. ამ დროს მძღოლს როგორც შუქნიშნებზე შეჩერებისას, ასევე ავარიულ სიტუაციებში რეაქციის შენელება ახასიათებს. ამას გარდა, ხშირია ხაზიდან გადასვლის და წინ მიმავალ მანქანასთან დისტანციის შემოკლების შემთხვევებიც.

მობილური ტელეფონის მომხმარებელს დაახლოებით 4-ჯერ მეტი შანსი აქვს მოხვდეს ავარიაში, ვიდრე მას, ვინც საჭესთან ტელეფონზე არ საუბრობს. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, დისტანციური ტელეფონები და მოწყობილობები, რომელიც აპარატის უშუალოდ ხელში ჭერას არ მოითხოვს, უსაფრთხოების გაუმჯობესების საქმეში მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ აჩვენებს.

პრევენციულ ზომებს შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს გზებზე სიჩქარის რეგულირებისას მაქსიმალური სისწრაფის ლიმიტების კლებას და რამდენიმე სხვა ფაქტორს. მათ შორის: უსაფრთხოების ღვედის ხმარება მანქანის წინა სავარძლებში სიკვდილიანობას 40-50 პროცენტით ამცირებს, უკანა სავარძლებში კი 25-დან 75 პროცენტამდე. სწორად დამონტაჟებული ბავშვის სკამი ფატალურ შემთხვევებს ასაკის მიხედვით 54-დან 80 პროცენტამდე ამცირებს.

მოტოციკლეტისტთა დაღუპვის მთავარი მიზეზი თავის ტრავმებია. შესაბამისად, უსაფრთხოების ჩაფხუტის ხმარება სიკვდილიანობას - 40 და მძიმე ტრავმებს 70 პროცენტით ამცირებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მხოლოდ 44 ქვეყანას აქვს ამ მიმართულებით სწორი კანონმდებლობა და მისი აღსრულების გამოცდილება. ალკოჰოლის და ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის წინააღმდეგ მიღებული მკაცრი საკანონმდებლო ცვლილებები და მათი დანერგვა სიკვდილიანობის მაჩვენებელს 20 პროცენტით ამცირებს. ამ მხრივ, მსოფლიოს მხოლოდ 34 ქვეყანას აქვს ადეკვატური კანონმდებლობა.

რა მდგომარეობაა საქართველოში? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა უმეტესი ნაწილი, 25 პროცენტი ქვეყანაში მსუბუქი მანქანის მგზავრია. შემდეგ 24 პროცენტით მოდის ფეხით მოსიარულეები. მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების მძღოლები - 20%. სიკვდილიანობის მთლიანი მაჩვენებელი წლების მიხედვით იცვლება, მაგრამ 2008 წელთან შედარებით კლების ტენდენცია აღინიშნება. კერძოდ, 2008 წელს დაღუპულთა რიცხვი 867-ს შეადგენდა, 2010 წელს 685 იყო; 2013-ში – 514; 2014 წელს კი – 511.

ამის მიუხედავად, 2013 წლის მონაცემებით, მილიონ მოსახლეზე ავტო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილთა რაოდენობით (118 ადამიანი) საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს. შედარებისთვის: იგივე მაჩვენებელი ესტონეთში 2013 წელს 61 ადამიანს შეადგენდა, ანუ, თითქმის ნახევარს; ჩეხეთში 62-ს; ევროკავშირის საერთო მაჩვენებელი კი 51-ს არ აღემატებოდა. 2013 წელს ყველაზე კარგი მაჩვენებელი ჰქონდა შვედეთს – 27, ასევე დიდ ბრიტანეთს და ჰოლანდიას, სადაც საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რიცხვი მილიონ ადამიანზე 28-ს შეადგენს. საქართველოში არასახარბიელო სურათია ავარიებში და საგზაო შემთხვევებში დაშავებულთა საერთო მაჩვენებლების მხრივაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს მონაცემი ბოლო წლების მანძილზე მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება.

XS
SM
MD
LG