დილის ყავა არამარტო სწრაფი გამოფხიზლებისთვის არის კარგი საშუალება, არამედ ბევრი სხვა სასარგებლო თვისების მატარებელიცაა. სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ნატურალური ყავის ზომიერი სმა ჯანმრთელ ადამიანში რამდენიმე დაავადების რისკს ამცირებს და საბოლოო ჯამში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის შესაძლოა ნაადრევი სიკვდილის პრევენციასაც კი ახდენდეს. თუმცა, გირჩევთ, რომ “გალილეოს” დღევანდელ გამოშვებას ბოლომდე გაეცნოთ, რადგან მასში ყავის რამდენიმე სხვა თვისებაზეც იქნება საუბარი, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
დღეს ყავის შესახებ ერთ-ერთ უახლეს კვლევაზე მოგიყვებით, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა და16 ნოემბერს ჟურნალში “ცირკულაცია” გამოქვეყნდა. ის შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დაფინანსებით განხორციელდა. კვლევაში 30 წლის მანძილზე 200 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები შეაჯერეს. შეისწავლეს და შეადარეს მათი კვება და ჩვევები, მათ შორის ყავის სმის ჩვეულება.
როგორც კვლევის დასკვნაშია ნათქვამი, დღეში ყავის 3-დან 5 ფინჯნამდე დალევა ჯანმრთელ ადამიანში რამდენიმე დაავადების რისკს ამცირებს, დაწყებული მეორე ტიპის დიაბეტით, პარკინსონის, დეპრესიის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩათვლით. კონკრეტულად, სახელდება გულის ინფარქტი, ინსულტი, ნევროლოგიური დაავადებები, ასევე თვითმკვლელობის პრევენციაც, მაგრამ არა - კიბო. ყავის სმის დადებითი ეფექტი საერთოდ არ გამოვლინდა თამბაქოს მწეველებზე. საინტერესოა, რომ ჯანმრთელობაზე კეთილი ზემოქმედება მცირდებოდა იმ ადამიანებში, ვინც დღეში 5 ფინჯანზე მეტ ყავას სვამს.
“ყავის ბიოაქტიური შენაერთები ინსულინის რეზისტენტულობას და სისტემატურ ანთებებს ამცირებს” - ამბობს კვლევის ავტორი მინგ დინგი. “ამით კვლევის შედეგების ერთი ნაწილი აიხსნება. თუმცა, დანარჩენი ეფექტების გამომწვევი ბიოლოგიური მექანიზმების შესასწავლად აუცილებელია შემდგომი კვლევების ჩატარება” - დასძენს ის.
ახლა კი ყავის უარყოფით თვისებებზეც ვისაუბრებთ.
ექიმები ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს ყავის მიღებას ან მინიმალური რაოდენობით, ან საერთოდ არ ურჩევენ. დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორსულებში კოფეინის ხშირი მიღება შესაძლოა მუცლის მოშლასთან და ნაადრევ მშობიარობასთან იყოს კავშირში.
სისხლში ქოლესტერინის ზრდასთან ასოცირდება გაუფილტრავი, ქაღალდის ფილტრის გარეშე დამზადებული ყავის სმა, როგორიცაა თურქული მოხარშული ყავა, ფრანგული პრესით, ან იტალიური წესით დამზადებული პოპულარული ესპრესო, კაპუჩინო, ლატე და სხვა ვარიაციები. ეს ფაქტორი თავისთავად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.
ზოგიერთ ადამიანს კოფეინის გადამუშავების შენელებისადმი გენეტიკური მიდრეკილება ახასიათებს და მათთვის დღეში ორ ფინჯანზე მეტი ყავის მიღება გულის დაავადებების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ექიმები ასევე არ გვირჩევენ უზმოზე ყავის დალევას და მისი მიღების რეკომენდაციას მხოლოდ დესერტივით, საკვების მიღების შემდეგ იძლევიან.