აქამდეც ცნობილი იყო, რომ მუცლის ცხიმი ინფარქტებისთვის, ინსულტებისთვის და ზოგადად გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. მაგრამ, აქამდე არ იყო დაზუსტებული, თუ რამდენად დიდია განმეორებითი ინფარქტების და ინსულტების რისკი იმ ადამიანებში, რომელთაც მუცლის არეში ჭარბი ცხიმიანობა აღენიშნებათ.
20 იანვარს, კარდიოლოგიის ევროპული საზოგადოების ჟურნალში „პრევენციული კარდიოლოგიის ევროპული ჟურნალი“, გამოქვეყნდა ორი ნაშრომი, რომლებშიც პირველად გააანალიზეს კაცებში და ქალებში არსებული რისკი ერთად და ცალ-ცალკე. ზოგადი დასკვნა ასეთია: ინფარქტების და ინსულტების შემდეგ, ის ადამიანები, ვისაც მუცლის მიდამოებში მეტი ცხიმი აქვს, განმეორებითი შეტევის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
კაცებში, მუცლის ცხიმის კავშირი განმეორებითი ინფარქტების და ინსულტების რისკთან, გაცილებით მაღალი აღმოჩნდა. ქალებში ეს კორელაცია ნახევარრკალის ფორმისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკი შედარებით დაბალია საშუალო წონის ქალებში და უფრო მაღალი - ჭარბწონიანებში და გამხდრებში.
კვლევაში მონაწილე პაციენტები პირველი შეტევის შემდეგ, ე.წ. მეორად პრევენციულ მკურნალობაზე გადაჰყავდათ, ყვება ერთ-ერთი კვლევის წამყვანი ავტორი, ექიმი ჰენიე მოჰამადი, შვედეთის კაროლინსკის ინსტიტუტიდან. „მეორადი პრევენცია იმ რისკ-ფაქტორების შემცირებაზე მუშაობს, რომელიც ინფარქტებს და ინსულტებს უკავშირდება, როგორიცაა მაგალითად სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, ლიპიდები და არტერიული წნევა. აქამდე არ იყო ცნობილი, იყო თუ არა რისკ-ფაქტორი მუცლის ცხიმი“.
კვლევები ამ მიმართულებით ერთ-ერთი უდიდესია. მასში 22 000-ზე მეტ პაციენტს, თითქმის 4 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ და შეისწავლიდნენ. საერთოდ, მუცლის ცხიმს მეცნიერები წელის გარშემოწერილობით ზომავენ. ჭარბ ცხიმად კაცებში ითვლება 94 სმ. და ზევით, ქალებში კი - 80 სმ. და ზევით.
აღნიშნული კვლევების მიხედვით, მუცლის ცხიმი შეტევის განმეორების რისკს ზრდიდა სხვა რისკ-ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, როგორიცაა მოწევა, დიაბეტი, ჰიპერტენზია, ლიპიდები, თუ ზოგადად ჭარბი წონა, ან სიმსუქნე. აღმოჩნდა, რომ წელის გარშემოწერილობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი მარკერია, ვიდრე ჭარბი წონა და სიმსუქნე.
კვლევის ავტორების განმარტებით, ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, რის გამოც მუცხლის ცხიმი ძალიან გავრცელებულია იმ პაციენტებში, რომელთაც პირველი შეტევა აქვთ, არის ის, რომ ეს ფაქტორი მჭიდრო კავშირშია ათეროსკლეროზთან. რაც შეეხება ორ სქესს შორის მიღებულ განსხვავებულ შედეგებს, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა აიხსნას კაცებში იმ ცხიმების უფრო ჭარბი რაოდენობით, რომლებიც ორგანოების ირგვლივ ლაგდება.
შესაბამისად, ექიმი მოჰამადი ამბობს, რომ „მნიშვნელოვანია ჯანმრთელი წელის ზომის შენარჩუნება, რათა მომავალში ინფარქტების და ინსულტების პრევენცია მოხდეს, იმის მიუხედავად, თუ რამდენ წამალს მიიღებთ და რამდენად კარგი სისხლის ანალიზები გაქვთ. წელის ჯანმრთელი ზომის ქონა კი შესაძლებელია ჯანსაღი კვებით, ბალანსირებული დიეტით და რეგულარული ფიზიკური აქტივობით“ - აღნიშნავს მეცნიერი.
ორივე ნაშრომის ავტორები საავადმყოფოებში და კლინიკებში დასაქმებულ სპეციალისტებსაც აძლევენ რეკომენდაციას. ისინი ფიქრობენ, რომ პირველადი ინფარქტების და ინსულტების მქონე პაციენტებში, წელის გარშემოწერილობის მონაცემი უნდა დაემატოს მეორადი შეტევების რისკ-ფაქტორების სიას. მათი აზრით, აქამდე სათანადო ყურადღება არ ექცეოდა ამ იოლად შესამჩნევ, თუმცა ხშირად უგულველყოფილ რისკის მარკერს.
ნაშრომების დეტალურად გაცნობა შესაძლებელია კარდიოლოგიის ევროპული საზოგადოების ჟურნალის - „პრევენციული კარდიოლოგიის ევროპული ჟურნალი“ (European Journal of Preventive Cardiology), იანვრის გამოცემაში. პირველი ნაშრომის თანაავტორები ექიმ მოჰამადთან ერთდ, არიან: ჯოელ ოჰმი, ანდრეა დიცაჩიატი, ჯოან სანდსტრომი, კრისტინა ჰამბრეუსი, ტომას ჯერნბერგი და პერ სვენსონი. მეორე ნაშრომის ავტორები არიან დენიელ მატოსი და ანტონიო ფერერა.
Facebook Forum