უახლესი კვლევა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ და რომელიც სულ ორიოდე დღის წინ, 28 მაისს გამოქვეყნდა, ბევრად უფრო ადრე დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებდნენ იგივე ადამიანები, რომლებიც პირველად დაახლოებით 30 წლის წინ, გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოკითხეს.
მაშინ ისინი ახალგაზრდები იყვნენ, 15-დან 23 წლამდე ასაკის. 5 347 ქალს და კაცს, ინტელექტის კოეფიციენტის დამდგენი, ერთ-ერთი სტანდარტიზებული ტესტი AFQT ჩაუტარეს. შედეგების მიხედვით, ისინი სამ ჯგუფად დაყვეს: დაბალი ინტელექტის, საშუალო და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები.
მეცნიერები დაინტერესდნენ, თუ რა კავშირია ახალგაზრდობის დროინდელ ინტელექტს და შუახნის ასაკის ადამიანის ქცევას, მის ჩვევებს შორის. ახალმა გამოკითხვამ საინტერესო შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი მიმართებაში, ასევე ალკოჰოლთან და სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით.
დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანებს მეტად ახასიათებთ მავნე ჩვევები, უფრო ხშირად ეწევიან თამბაქოს, მეტად სვამენ შაქრით დამტკბარ სასმელებს, ახასიათებთ ჭარბწონიანობა და ჯანმრთელობის პრობლემები. მაღალი ინტელექტის ადამიანები კი უფრო ხშირად ვარჯიშობენ და საკუთრ წონას მეტად აკონტროლებენ. ყველაზე უფრო წონას აკონტროლებენ საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები.
რაც შეეხება ალკოჰოლს, მას თურმე ხშირად იღებენ როგორც მაღალი, ასევე დაბალი ინტელექტის ჯგუფში გაერთიანებული ადამიანები, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებაა სასმელის მოცულობაში. მაღალი ინტელექტის ადამიანები ალკოჰოლურ სასმელს ხშირად სვამენ, მაგრამ ცოტ-ცოტას. დაბალი ინტელექტის მქონენი კი თითო დალევაზე ალკოჰოლს უფრო ჭარბი რაოდენობით იღებენ. საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანები ორივე ჯგუფზე გაცილებით ნაკლებ ალკოჰოლს იღებს.
სი-დი-სი, შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ალკოჰოლის ერთჯერად ჭარბ მიღებას განსაზღვრავს კაცებში სასმელის 5, ან მეტი პორციის და ქალებში - 4 და მეტის დალევით. ანუ, როცა მათ სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია 0.08 პროცენტს შეადგენს, ან უფრო მაღალია.
ალკოჰოლის ერთჯერადად ჭარბი მიღება სტატისტიკურად ყველაზე მეტად უკავშირდება ავტოავარიებს და სხვა უბედურ შემთხვევებს, მკვლელობას, ძალადობას პარტნიორის მიმართ, თვითმკვლელობას, დამწვრობებს. ასევე მეტად უკავშირდება სხვადასხვა დაავადებებით სიკვდილიანობას, მათ შორის: ინფარქტებს, ინსულტებს, კიბოს სხვადასხვა სახეობას, ღვიძლის დაავადებებს, მეხსიერების პრობლემებს, ჩვილთა სიკვდილიანობას, გართულებულ ორსულობას და ასე შემდეგ.
რა საზომით, რა ტესტით, რა მიდგომითაც არ უნდა იზომებოდეს ინტელექტი და რა სახის ცდომილებასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, მეცნიერები თანხმდებიან, რომ ზოგადად, მაღალი ინტელექტის ადამიანები დანარჩენისგან მკვეთრად გამოირჩევიან. განსხვავება იკვეთება არამარტო მათ გონებრივ შესაძლებლობებში და ინტელექტის კოეფიციენტის მათემატიკურ გამოსახულებაში, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, მათ განათლებაში, შემოსავალში, ცხოვრების წესში, ჩვევებში, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაში, იმ არჩევანში, რომელსაც ისინი ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე აკეთებენ.
ინტელექტი, ანუ ადამიანის კოგნიტური შესაძლებლობები, გენეტიკურად ერთ-ერთ ყველაზე მეტად გადაცემად მახასიათებლად ითვლება. თუმცა, მონდომების შემთხვევაში, მისი შეძენა დღევანდელ დღეს, ისეთ სირთულეს აღარ წარმოადგენს, როგორც წინა საუკუნეებში იყო. მეორეს მხრივ, არ არსებობს თვისება, რომელიც გენეტიკურად 100 პროცენტით გადადის. ადამიანის ცხოვრებაზე ხომ გარემოც დიდ გავლენას ახდენს.
კვლევის ავტორები არიან: ქრისტინა ურაუ, ჯეოფ დერი, კეტრინ გეილი და იან დეარი. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალ “ინტელექტის” 69-ე ნომერში. ჟურნალის გამომცემელია ინტელექტის კვლევის საერთაშორისო საზოგადოება.
Facebook Forum