ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტის თავისუფლება უარესდება


ინტერნეტის თავისუფლება, მსოფლიოს მასშტაბით, მეექვსე წელია ზედიზედ უარესდება - ასე აფასებს ინტერნეტის თავისუფლებას გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი თავის ყოველწლიურ ანგარიშში.

ინტერნეტის თავისუფლების მხრივ საქართველო უკვე მეხუთე წელია ფასდება როგორც თავისუფალი ქვეყანა, თუმცა გასულ წელს საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება მცირედით გაუარესდა და შარშანდელი 24-ის ნაცვლად 25 ქულით შეფასდა..

საქართველოს მთავრობა იშვიათად ზღუდავს ინტერნეტ კონტენტს, ქვეყანაში იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ სოციალური მედიის საშუალებით გამოეხმაურონ მათთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს - ამ სამი მთავარი ინდიკატორი მიხედვით ფრიდომ ჰაუსი საქართველოში ინტერნეტს აფასებს როგორც ღიას და თავისუფალს.

„ევრაზიის რეგიონში, ესტონეთის და ისლანდიის შემდეგ, თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალში შედის საქართველო და სომხეთი. საქართველოს, მთლიანობაში, ღია და თავისუფალი ინტერნეტ სივრცე აქვს. გასული წლის პოზიტიური მოვლენა იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც პერსონალური ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფს. უარყოფით მოვლენას რაც შეეხება, იყო შემთხვევა, როცა ვორდპრესიდან და იუთუბიდან ზოგიერთი გვერდის დაიბლოკა, შედეგად საქართველოს მცირედი უკუსვლა ჰქონდა,“ ამბობს ადრიან შაბაზი, კვლევის მენეჯერი .

ფრიდომ ჰაუსი ინტერნეტის თავისუფლებას უკვე მეექვსე წელია იკვლევს, წლევანდელ ანგარიშში შესწავლილია 65 ქვეყანა, რაც მსოფლიოს ინტერნეტ მოსახლეობის 88 პროცენტს შეადგენს.

ანგარიშში საუკეთესო მაჩვენებელი 0 ქულით ფასდება. წელს ინტერნეტის თავისუფლება 0 ქულით არც ერთ ქვეყანაში არ შეფასებულა.

„არსებობს ინტერნეტის თავისუფლების 2 საუკეთესო მაგალითი, ესენია ესტონეთი და ისლანდია, ორივე ქვეყანა პირველ ადგილზეა. მათ გამოარჩევს თავისუფალი და ღია ინტერნეტ სივრცე, მაღალი წვდომა ინტერნეტისადმი, ისინი მტკიცედ იცავენ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ამავდროულად დაცულია პერსონალური ინფორმაცია. გასულ წელს, ამ მხრივ, არც ერთი დარღვევა არ გვინახავს," ამბობს შაბაზი.

მისი თქმით,მკვლევარები ცდილობენ შეფასებისას ქვეყანაში არსებული სიტუაციის ნიუანსები შეისწავლონ: "არ არსებობს იდეალური ქვეყანა. ეს ორი ქვეყანა არის მაგალითი იმისა, თუ როგორი კანონმდებლობები უნდა მიიღონ მთავრობებმა ინტერნეტ თავისუფლების უზრუნველსაყოფად.“

ინტერნეტის მომხმარებლების დაახლოებით ორი-მესამედი ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც მთავრობის, სამხედრო ხელისუფლების ან მმართველი ოჯახის კრიტიკა ცენზურის საგანია.

გასულ წელს ინტერნეტის მომხმარებლები სოციალურ მედიაში გამოთქმული აზრის გამო 38 ქვეყანაში დააკავეს. მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებლების თითქმის მესამედი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ადამიანებს ინტერნეტში მასალის გამოქვეყნების, გაზიარების ან მოწონების გამო აკავებენ.

XS
SM
MD
LG