ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტის თავისუფლება 2015 და “ცენზურის პრივატიზება”


“ინტერნეტის თავისუფლება ზედიზედ მეხუთე წელია იზღუდება, მთავრობები საჯარო ინტერესის ინფორმაციას ზღუდავენ და თვალთვალის მექანიზმებს ხვეწენ, ასევე არღვევენ პირადი ცხოვრების უფლებას” - ეს არის ამონარიდი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის მიერ დღეს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშიდან, რომელმაც ინტერნეტის თავისუფლება 65 ქვეყანაში შეისწავლა

ინტერნეტის თავისუფლება 32 ქვეყანაში გაუარესდა, მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო ლიბიაში, საფრანგეთსა და უკრაინაში.

“მთავრობები უფრო ხშირად მიმართავენ ზეწოლის მეთოდს ინდივიდების და კერძო სექტორის მიერ გავრცელებული ინფრომაციის წასაშლელად, ნაცვლად იმისა რომ ფილტრაციის და ბლოკირების მეთოდი გამოიყენონ,” ამბობს პროექტის დირექტორი სანჯა კელი.

ამავდროულად, იზღუდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ისეთი აუცილებელი მექანიზმების გამოყენება, როგორიცაა შიფრირება და ანონიმურობა.

მთავარი მიგნებები:

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ხშირად ცენზურის საბაბი მთავრობის კრიტიკა, ახალი ამბების და კონფლიქტების გაშუქება, კორუფციის მხილება, ოპოზიციური ვებ-გვერდები და სატირა ხდებოდა.

2014 წლის ივნისიდან გახშირდა გამოქვეყნებული კონტენტის წაშლის შემთხვევები:

  • შესწავლილი 65 ქვეყნიდან 42-ში მთავრობამ კერძო კომპანიებისგან და ინტერნეტმომხმარებლებისგან პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური შინაარსის მასალების შეზღუდვა და წაშლა მოითხოვა. გასული წლის მონაცემებით, მსგავსი რამ 37 ქვეყანაში დაფიქსირდა.
  • 38-დან 40-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც ადამიანები ინტერნეტ სივცრეში პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური შინაარსის მქონე მასალების გაზიარებისთვის დააპატიმრეს.
  • გაიზარდა მიყურადების და ტექნოლოგიების შესახებ კანონების რაოდენობა. 14-მა ქვეყანამ მიიღო ახალი კანონი მიყურადების გაზრდის შესახებ. ბევრმა ქვეყანამ თვალთვალისთვის აუცილებელი აღჭურვილობა განაახლა.
  • ავტორიტარულ და დემოკრატიულ ქვეყნებში ერთნაირად ახდენენ შიფრირების სტიგმატიზაციას და მას ტერორიზმთან აკავშირებენ.

“შიფრირების და ანონომურობის შეზღუდვა ასუსტებს ინტერნეტს ყველასთვის, მაგრამ ეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა აქტივისტებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ეხებათ. ამ მექანიზმებს ინტერნეტის მომხმარებლების დაცვა შეუძლიათ,” ამბობს კელი.

ინტერნეტი ყველაზე მეტად ჩინეთში, სირიასა და ირანში იზღუდება.

2014 წლის ივნისიდან მოყოლებული ინტერნეტის თავისუფლება 32 ქვეყანაში გაუარესდა, მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო ლიბიაში, საფრანგეთსა და უკრაინაში. უკრაინაში ამის მიზეზად რუსეთთან წარმოებული "ტერიტორიული და პროპაგანდისტული" ომები სახელდება.

ევრაზიის რეგიონში თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალს საქართველო ლიდერობს 24 ქულით, მეორე ადგილზეა სომხეთი 28 ქულით. ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად არიან შეფასებული აზერბაიჯანი და თურქეთი. საქართველოს ერთადერთი არათავისუფალი მეზობელი კი რუსეთია 62 ქულით.

ინტერნეტის თავისუფლების მხრივ, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა შრი-ლანკასა და ზამბიაში, ორივე ქვეყანაში შეიცვალა მთავრობებიც. შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახდა კუბაში, თუმცა ის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ისევ მიუწვდომელია.

ანგარიშის მიხედვით ინტერნეტ მომხმარებლების 61% ცხოვრობს ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავრობის, სამხედრო თუ მმართველი ოჯახის კრიტიკა ონლაინ ცენზურის საფუძველი ხდება, 58% კი ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ბლოგერები პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური მასალების გამოქვეყნებისთვის დააპატიმრეს.

ანგარიში, რომელიც ინტერნეტის მომხმარებელთა 88%-ს აფასებს, ამბობს რომ დღეს მსოფლიოში ინტერნეტზე წვდომა 3 მილიარდზე მეტ ადამიანს აქვს.

ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით, ფრიდომ ჰაუსი ქვეყნებს სამ ჯგუფად-თავისუფალ (0-30 ქულა), ნაწილობრივ თავისუფალ (31-60 ქულა) და არათავისუფალ (61-100 ქულა) ქვეყნებად ყოფს. ამის განსასაზღვრად ორგანიზაცია სამ ძირითად კრიტერიუმს იყენებს, როგორიცაა ინეტრნეტზე წვდომა, შინაარსის შეზღუდვა და მომხმარებლის უფლებების დარღვევა.

ევრაზიის რეგიონში თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალს საქართველო ლიდერობს 24 ქულით, შარშან ეს მაჩვენებელი 26 იყო, მეორე ადგილზეა მეზობელი სომხეთი 28 ქულით. ამავე ჩამონათვალში ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად არიან შეფასებული აზერბაიჯანი და თურქეთი. საქართველოს ერთადერთი არათავისუფალი მეზობელი კი რუსეთია 62 ქულით.

გლობალურ ჩამონათვალში საქართველოს მსგავსი 24 ქულა აქვთ დიდ ბრიტანეთს, უნგრეთს და საფრანგეთს. საქართველოზე წინ არიან იტალია, შეერთებული შტატები, ავსტრალია, გერმანია, კანადა და ესტონეთი. 6 ქულით სიას ისლანდია ლიდერობს.

ფრიდომ ფაუსის მონაცემებით 2014 წლის ივნისიდან:

61% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობის, სამხედრო სისტემის და მმართველი ოჯახის კრიტიკა ცენზურის საგანი გახდა;

47% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ონლაინ აქტივისტები მოკლეს ან თავდასხმის ობიექტები გახდნენ;

58% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ბლოგერები პოლიტიკური, სოციალური ან რელიგიური შინაარსის მასალების გამოქვეყნებისთვის დააპატიმრეს;

47% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობის ან ბიზნესების კორუფციაში მხილება შეიზღუდა ან დაისაჯა;

45% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სატირული მასალები, ვიდეოები და კარიკატურები ცენზურის საგანი, ზოგ შემთხვევაში კი დაპატიმრების საფუძველი გახდა;

34% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობა კრძალავს ან ზღუდავს LGBTI თემის საკითხების გახმოვანებას;

38% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობა ბლოკავს სოციალურ მედიას და მოკლე ტექსტური შეტყობინების პოპულარულ აპლიკაციებს;

34% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობა ინტერნეტს ან მობილურ ოპერატორებს პოლიტიკური მიზეზებით თიშავს.

XS
SM
MD
LG