სამშაბათს საფრანგეთმა და საბერძნეთმა გამოაცხადეს თავდაცვის სფეროში გარიგების შესახებ, რომლის ღირებულებაც 3.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამაში შედის ათენის გადაწყვეტილება, შეიძინოს სამი ფრანგული საბრძოლო ხომალდი, რაც საბერძნეთის სტრატეგიის ნაწილია, გააძლიეროს თავდაცვითი შესაძლებლობები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, სადაც ძველ მეტოქე თურქეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.
პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, თავდაცვის და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ პარიზში, ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადეს.
საბერძნეთი საფრანგეთის დასავლეთში, ლორიენში ბაზირებულ თავდაცვის კონტრაქტორ “ნავალ გრუპის” მიერ აშენებულ სამ ფრანგულ ფრეგატს შეიძენს. გარიგების პირობები მეოთხე ფრეგატის შეძენის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
მიცოტაკისმა თქვა, რომ ეს შეთანხმება განპირობებულია “ქვეყნის დაცვის ეროვნული მოტივაციით”, მაგრამ ასევე აქვს “ევროპული მოტივი, რადგან ის ჩვენს საერთო თავდაცვით ინდუსტრიას აძლიერებს”.
მიცოტაკისმა იქვე დაამატა: “დღეს, საბერძნეთი და საფრანგეთი ევროპული სტრატეგიული ავტონომიისკენ პირველ გაბედულ ნაბიჯს დგამენ.”
ეს გარიგება, საფრანგეთისთვის საკვანძო დროს მოხდა. ამ თვეში, საფრანგეთმა ავსტრალიისთვის დიზელ-ელექტრო წყალქვეშა ნავების მიწოდების, 66 მილიარდი დოლარის მოცულობის გარიგება დაკარგა. ავსტრალიამ ფრანგული ხომალდების ნაცვლად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავების შეძენა გადაწყვიტა.
ავსტრალიის, ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მიერ, სამმხრივი თავდაცვითი ალიანსის გამოცხადება კი ფრანგი ოფიციალური პირებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
საბერძნეთმა საკუთარი სამხედრო ძალების მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში უკვე შეიძინა 18 ფრანგული “რაფალე” ავიაგამანადგურებელი და კიდევ ექვსი ერთეულის შეძენას გეგმავს.