საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.
6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, გვერდზე გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დისკუსია და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს და გმობენ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ:
„ვწუხვართ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში პოლიციის ოპერაციების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაპატიმრების შესახებ, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან“, - წერია განცხადებაში.
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ 2024 წლის დასაწყისიდან, სწორედ „ქართული ოცნების“ თანმიმდევრულმა ქმედებებმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დეფაქტო შეჩერება და, შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობის გაუარესება.
„ჩვენ ამ საკითხს მოვაქცევთ მომავალი საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და, გარდა ამისა, განვიხილავთ "ქართული ოცნების" ქმედებების შედეგებს ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზე“, - წერია 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოში უკვე კვირაზე მეტია მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, თბილისი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს. ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა პროევროპულ აქციებზე 300-ზე მეტი პირი დააკავეს. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც, ზოგ მათგანს სერიოზული სამედიცინო ჩარევა და ქირურგიული ოპერაციებიც დასჭირდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მათი განმარტებით, ის არის, რომ სურდათ თავიდან აერიდებინათ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი.
Facebook Forum