ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნები საფრანგეთში - კვლავ უცნობია, ვინ დააკომპლექტებს მთავრობას


ფრანგმა მემარცხენეებმა, 8 ივლისს,განაცხადეს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება სურთ. თუმცა, დასძინეს, რომ მოლაპარაკებები რთული იქნება და მას დრო დასჭირდებოდა. ეს მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ არჩევნებში, მოლოდინების საპირისპიროდ, ულტრამემარჯვენეებმა ვერ მოიპოვეს უპირატესობა და მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტი (NFP), ალიანსი, რომელიც არჩევნებამდე ნაჩქარევად შეიკრიბა, მოულოდნელად პირველ ადგილზე გავიდა.

მარინ ლე პენის პარტია “ეროვნულმა მოძრაობამ”, ვერ მიაღწია წარმატებას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დანიშნულ ვადამდელ არჩევნებზე, მიუხედავად წინასაწრი გამოკითხვების შედეგებისა. ხმების 32,05%-ით, “ეროვნულმა მოძრაობამ” მოიპოვა მეტი ხმა, ვიდრე რომელიმე სხვა პარტიამ ცალკე აღებული, მაგრამ ალიანსებმა, ტაქტიკურმა კენჭისყრამ და საკუთარმა შეცდომებმა, მის საბოლოო გამარჯვებას ხელი შეუშალა.

”ეს არ იქნება მარტივი, არა, ეს არ იქნება ადვილი და არა, ეს არ იქნება კომფორტული”, - თქვა მწვანეთა პარტიის ლიდერმა მარინე ტონდელიერმა, სამთავრობო კოალიციაზე საუბრისას. "ამას ცოტა დრო დასჭირდება", - დასძინა მან.

შესაძლებლობები მოიცავს მემარცხენეების მიერ უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც კონკურენტების მხრიდან უნდობლობის გამოცხადების საფრთხის ქვეშ იქნება, თუ ისინი ვერ მიაღწევენ შეთანხმებას. ასევე, შესაძლოა, პარტიების ისეთი კოალიციური გაერთიანება, რომელთაც თითქმის არ აქვთ საერთო საფუძველი.

”ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო”, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტპ "როიტერს" NFP-ის დეპუტატმა პურია ამირშაჰიმ, როდესაც ახლადარჩეული დეპუტატები პარლამენტში გამოცხადნენ.

NFP-ს არ ჰყავს ერთი ლიდერი და დაახლოებით 182 დეპუტატით, ბევრად ჩამორჩება აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 289 მანდატს. არცერთ სხვა ჯგუფს არ აქვს უმრავლესობა. მაკრონის ცენტრისტები მეორე ადგილზე გავიდნენ, ლე პენის პარტია მესამეზე, რის გამოც, პარლამენტი სამ ჯგუფადაა გაყოფილი.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა მოგვცეს საშუალება, ვმართოთ მთავრობა, პატივი ვცეთ არჩევნების შედეგს“, - თქვა მანუელ ბომპარმა, რადიკალი მემარცხენე “დაუმორჩილებელი საფრანგეთის” პარტიიდან, სოციალისტებთან, მწვანეებთან და კომუნისტებთან შეხვედრის წინ. ალიანსის წევრები იკრიბებიან, რათა გადაწყვიტონ, რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს კოალიციას.

ლე პენის პარტიისთვის შედეგი იმედგაცრუება იყო, რადგან კვირების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები პროგნოზირებდა, რომ ის გაიმარჯვებდა. “ეროვნული მოძრაობის” ლიდერმა, ჯორდან ბარდელამ აღიარა, რომ პარტიამ დაუშვა შეცდომები, მათ შორის, ზოგიერთი კანდიდატის შერჩევისას. მაგრამ, ასევე თქვა, რომ კვირას გამართულმა კენჭისყრამ, მემარჯვენეების მომავალ გამარჯვებას ჩაუყარა საფუძველი.

იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა, ცენტრისტმა და მაკრონის მოკავშირემ, გადადგომის შესახებ განაცხადა. მაგრამ, მაკრონმა მას, ამ დროისთვის, პოსტზე დარჩენა "ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად" სთხოვა, - განაცხადეს პრეზიდენტის ოფისში.

მიმომხილველთა ნაწილი მოელის, რომ დაყოფილი პარლამენტი გაართულებს შიდა დღის წესრიგის შედგენას და, სავარაუდოდ, შეასუსტებს საფრანგეთის როლს ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ.

„მყისიერი რისკი არის ფინანსური კრიზისი და საფრანგეთის ეკონომიკური ვარდნა“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა.

მაკრონი, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა 2027 წელს ეწურება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შიდა პოლიტიკის წარმართვას შეძლებს მომავალ წლებში. თუმცა, მან უკვე გაატარა თავისი დღის წესრიგის დიდი ნაწილი, მათ შორის, საპენსიო რეფორმა, - ნაბიჯი, რამაც გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები და ასევე, წარადგინა კანონპროექტი იმიგრაციის შესახებ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG