პარიზმა გადაწყვიტა, გააუქმოს ფარმაცევტულ კომპანია "მერკთან" წინასწარ დადებული კონტრაქტი, რომელიც კოვიდ-19-ის ანტივირუსული აბების შესყიდვას ეხებოდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოთხშაბათს ამის მიზეზად აბების მოსალოდნელზე დაბალი ეფექტიანობა დაასახელა.
ოლივიე ვერანის თქმით, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ "მერკის" აბები, სახელად "მოლნუპირავირი", კოვიდ-19-ის გართულებებით ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის რისკს მხოლოდ 30%-ით ამცირებს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე კვლევების პირველადი მონაცემები. "მოლნუპირავირი" კოვიდ-19-ის სამკურნალო პირველი ანტივირუსული აბია, რომელიც ნოემბრის დასაწყისში ევროპაში, კერძოდ - ბრიტანეთში დამტკიცდა.
საფრანგეთში იმედი აქვთ, რომ შეთანხმებას "მერკის" კონკურენტ კომპანია "ფაიზერთან" შეძლებენ, რომლის ანტივირუსულმა აბებმა გაცილებით მაღალი, 90%-მდე ეფექტიანობა აჩვენა. "პაქსლოვიდის" საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე გამოყენება ამერიკის მარეგულირებელმა ოთხშაბათს დაამტკიცა.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გრძელდება კოორდინაცია ევროპის მედიცინის სააგენტოსთან (EMA) "მოლნუპირავირის" შემდგომ რეგულირებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე "მერკს" კონტრაქტი 30 ქვეყანასთან აქვს და აქედან 12-ს თავისი პროდუქტი უკვე მიაწოდა. საფრანგეთი მასთან 50 000 დოზის შესყიდვაზე იყო შეთანხმებული. ოლივიე ვერანის განცხადებით, კონტრაქტის გაუქმება ფინანსურ ზარალს არ უკავშირდება.
Facebook Forum