რუსეთში, როსტოვის რეგიონულ სასამართლოში, დაჯგუფება "ვაგნერის" ყოფილ წევრს, პაველ ნიკოლინს 6-წლითა და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება სასამართლომ 18 დეკემბერს მიიღო.
ნიკოლინი დამნაშავედ ცნეს, გასულ წელს, პოლიციელების ჯგუფისთვის ცეცხლის გახსნაში. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიჭრა.
ნიკოლინი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ რუსი პოლიციელები უკრაინელ სამხედროებში შეეშალა და ცეცხლიც ამიტომ გაუხსნა.
39 წლის ნიკოლინი დაჯგუფება "ვაგნერის" წევრი გასული წელს გახდა. მანამდე ის ბაშკორტოსტანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. საპატიმროდან გათავისუფლებისთანავე ის უკრაინაში საომრად გაუშვეს.