ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას საგარეო პოლიტიკის შეფასება


ობამას მიერ 2013 წელს საერთაშორისო არენაზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამერიკელი პოლიტოლოგები საუბრობენ

პრეზიდენტ ბარაკ ობამასთვის საგარეო პოლიტიკის კუთხით 2013 წელის საკმაოდ დაძაბული იყო. სირიის სამოქალაქო ომი, გადატრიალება ეგვიპტეში და ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებები, რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების მოწესრიგება, ეს ის საკითხებია, რომელზეც მუშაობა 2014-შიც გაგრძელდება.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2013 წელს მთელს თავის ძალისხმევას საგარეო პოლიტიკის დარგში, როგორც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით, ისე ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრებში ბირთვული პროგრამის მოგვარებისკენ მიმართავდა.

ის დაესწრო სამიტს ჩინეთის ლიდერთან ერთად. დეკემბერში კი სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა და ნელსონ მანდელას ღვაწლს პატივი პანაშვიდზე დასწრებით მიაგო.

თუმცა, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ პირად სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციებზე თვალთვალის გამო ობამას მიმართ დამოკიდებულება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ამერიკის მთავარი მოკავშირეების მხრიდან მნიშვნელოვნად დამძიმდა.

2013 წელს ბარაკ ობამა რუსეთში დიდი ოცეულის შეხვედრას დაესწრო, თუმცა პრეზიდენტ პუტინთან დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა გააუქმა.
სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას მან აღიარა, რომ ამერიკის მიმართ მის მიერ გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში ჩართულობის გამო მტრული დამოკიდებულება არსებობს, თუმცა ამ პროცესების შორიდან თვალ-ყურის დევნება შეცდომა იქნებოდა.

„მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამერიკა ამ პროცესებში ჩართული უნდა იყოს. ასევე, იმისაც მჯერა, რომ ეს მსოფლიოსთვისაც სასარგებლოა,“ განაცხადა ობამამ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევის პროფესორი, დენიელ სერვერი ამბობს, რომ სირიაში ობამამ წარმატებას მიაღწია, როდესაც ქიმიური იარაღის გაუვნებელყოფის შესახებ გადაწყვეტილებას სამხედრო ჩარევა არ დასჭირდა, თუმცა ბევრი რამ მაინც რისკის ქვეშ დგას.

მისი განცხადებით, არსებობს ექსტრემისტული ძალების მხრიდან დომინირების საშიშროების გაზრდა, თუკი ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ისევ ხელისუფლებაში დარჩება ამერიკელებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ასევე გასათვალისწინებელია მეზობელი ქვეყნების მხრიდან მერყევი პოზიციაც: ერაყის, იორდანიის, თურქეთის და ლიბანის სახელმწიფო ინტერესები, რომლებიც რისკის ქვეშ იმყოფებიან.

რამდენად დარჩება ობამა ორიენტირებული საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, ეს საკითხავია, აცხადებს სტრატეგიული კვლევების და საერთაშორისო საკითხების ცენტრის წარმომადგენელი ჰითერ კონლი.

„ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გარშემო ატეხილი სკანდალის, ჯანდაცვის რეფორმის და სამთავრობო კრიზისის გამო მსოფლიოს ბევრი ლიდერი დაფიქრდა იმაზე, რომ საერთაშორისო არენაზე არსებული პრობლემების მოგვარებით დაკავებული ბარაკ ობამა რამდენად შეძლებდა იგივენაირი წარმატებების მიღწევას საშინაო პრობლემების გადაწყვეტის დროსაც,“ აცხადებს კონლი.

2014 წელს დაჩქარდება ავღანეთის ტერიტორიიდან ნატოს კოალიციური ძალების და ამერიკის სამხედრო დანაყოფების გამოყვანის პროცესი.
კონლი აცხადებს, რომ დანარჩენი მსოფლიო და ამერიკელებიც დაიწყებენ ხანგრძლივი და სისხლიანი კონფლიქტის დროს ამერიკელების მხრიდან დანაკარგის დათვლას და მიღწეული შედეგების ანალიზს.

ეს დელიკატური ბალანსი იქნება იმის, თუ რისთვის ვცდილობდით მიგვეღწია და საფასური, რაც გავწიეთ შედეგის მისაღებად. ამ თემაზე საუბარი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზეც აქტიურად მიმდინარეობს, აცხადებს კონლი.

„პიუს“ კვლევის ცენტრმა ცოტა ხნის წინ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმად იმ ამერიკელების რაოდენობა შემცირდა, რომლებსაც გლობალურ პროცესებში ბარაკ ობამას მიერ ძალისხმევის შედეგიანობის სჯერათ.
დენიელ სერვერი ამბობს, რომ ობამას ადანაშაულებენ იმაში, რომ გლობალურ სივრცეში ამერიკის გავლენა შესუსტდა. თუმცა თუ ამის შესახებ ადამიანებს ქვეყნის გარეთ ჰკითხავთ, ასეთ შეფასებას არ გააკეთებენ. არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც ამერიკული გავლენა ისევ ძალიან ძლიერია.

2014 წელს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი იქნება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესი ისევ გაგრძელდება. გაეროს ეგიდით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები სირიის საკითხზე იანვარში უნდა გაიმართოს. ვაშინგტონი ასევე ცდილობს მოაგვაროს ავღანეთთან, პაკისტანთან, ჩინეთთან და რუსეთთან არსებული პრობლემები.
XS
SM
MD
LG