უკრაინაში რუსეთის შეჭრით წაქეზებულმა ფინეთმა და შვედეთმა, ნატოს სამხედრო ალიანსში წევრობის განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს.
ოთხშაბათს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის ბრიუსელის შტაბ-ბინაში ოფიციალური განცხადება გააკეთა. მის გვერდით ორივე ქვეყნის ელჩები იყვნენ, რომლებმაც ოფიციალური განაცხადები წარმოადგინეს.
„ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში ეს კარგი დღეა, ნატოს გაფართოების მნიშვნელობაზე ყველა მოკავშირე თანხმდება. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ და ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ისტორიული მომენტია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის განცხადებამდე, ფინეთის პარლამენტმა ნატოში შესვლას ხმა დიდი უმრავლესობით მისცა, 188 ხმით 8-ს წინააღმდეგ.
ფინეთის და შვედეთის განაცხადები აღნიშნავს ისტორიულ გადახვევას ნეიტრალიტეტის კურსიდან, რომელსაც ეს ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში, ცივი ომის პერიოდში მიჰყვებოდნენ. მოსკოვის გადაწყვეტილებამ, 24 თებერვალს მეზობელ უკრაინაში შეჭრილიყო, ორივე ქვეყანაში შიში აღძრა, განსაკუთრებით ფინეთში, რომელსაც რუსეთთან გრძელი საერთო საზღვარი აქვს.
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, ბალტიელი მეზობლების ნატოში შესვლა ეჭვქვეშ დააყენა და მათ ბრალი „ტერორისტების“ შეფარებაში და თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში დასდო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კი დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფინეთში და შვედეთში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერების შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხუთშაბათს, თეთრ სახლში შეხვედრის დროს, შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონს და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს თავის პირად მხარდაჭერას აღუთქვამს.