ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება


რუსეთი უკრაინულ ქალაქ სევეროდონეცკის ნახევარზე მეტს აკონტროლებს, რაც კრიტიკულია მოსკოვის მიზნებისთვის, დაიკავოს ლუჰანსკის რეგიონი და გააკონტროლოს დონბასი.

ლუჰანსკის რეგიონის გუბერნატორის სერჰიი გაიდაის თქმით, უკრაინულ ჯარებთან აქტიური შეტაკებების შემდეგ, მოსკოვის ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა ვერ ახერხებენ მის ალყაში მოქცევას. მან თქვა, რომ რუსული საარტილერიო თავდასხმები შეუძლებელს ხდის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას და ქალაქში დარჩენილი 13,000 მოსახლის ევაკუაციას.

ქალაქის მერმა ოლექსანდრ სტრიუკმა, „ასოშიეთიდ პრესთან“ საუბარში აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები ქალაქის ნახევარს აკონტროლებენ, ომამდე ქალაქის მოსახლეობა 100,000 ადამიანს შეადგენდა.

„ქალაქი სასტიკად არის განადგურებული, თითოეული ბლოკი განადგურებულია“, - ამბობს სტრიუკი. მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება, საარტილერიო დაბომბვასთან ერთად.

პარალელურად, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგო ნიშნავს, რომ რუსეთს ექნება „ნაკლები რესურსი, ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა მისი ომის მანქანის გამოსაკვებად“.

ორშაბათს, ევროკავშირი ომის დაწყებიდან რუსეთის წინააღმდეგ, საკუთარი ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. ევროკავშირის პოტენციური სანქციები პირველად ისახავს მიზნად რუსული ნავთობის ემბარგოს, რაც მოსკოვის შემოსავლის მთავარი წყაროა.

ევროკავშირი საზღვაო გზით, რუსული ნავთობის იმპორტს აკრძალავს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს გადაწყეტილება ევროპაში რუსეთის ნავთობის ექსპორტის ორ მესამედს ახლა შეაჩერებს და მიმდინარე წლის ბოლომდე მას 90%-ით აკრძალავს. ამასთან, გერმანია და პოლონეთი, ეტაპობრივად შეწყვეტს მილსადენებით იმპორტს. ამ დრომდე, გამონაკლისი რჩება უნგრეთი, რომელიც რუსეთიდან გაზს საბჭოთა პერიოდის მილსადენით იღებს. თუმცა, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი მოლოდინით ეს „დროებითია.“

ევროკავშირი ასევე შეთანხმდა, რომ უკრაინას 9.7 მილიარდი დოლარის დახმარებას აღმოუჩენს, ქვეყნის ეკონომიკური მხარდაჭერდა რეკონსტრუქციის მიზნით.

სტატიაში გამოყენებულია "როიტერის", "AFP"-სა და "Associated Press"-ის მასალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG