ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოკლული ხანგოშვილის ოჯახის ცნობით, კრასიკოვის გაცვლაზე არაფერი იცოდნენ


ფოტო არქივიდან: ხალხს ზელიმხან ხანგოშვილის ფოტოები უჭირავს თბილისში, გერმანიის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. 2019 წლის 10 სექტემბერი.
ფოტო არქივიდან: ხალხს ზელიმხან ხანგოშვილის ფოტოები უჭირავს თბილისში, გერმანიის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე. 2019 წლის 10 სექტემბერი.

გერმანიის ხელისუფლებას ბერლინში მოკლული ჩეჩენთა ყოფილი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი არ გაუფრთხილებია მისი მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის გაცვლის თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ "კავკაზ რეალიის" ხანგოშვილის ქვრივმა მანანა (რაისა) ცატაევამ განუცხადა.

მისი სიტყვებით, ამ შესაძლებლობაზე ხმები ჯერ კიდევ კრასიკოვის სასამართლო პროცესების დროს გაჩნდა, თუმცა მაშინ ადვოკატებმა ამას ნაკლებსავარაუდო უწოდეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს მაინც შესაძლებელი იყო, თუმცა მანამდე კრასიკოვს მისჯილი სამუდამო პატიმრობის ვადის დიდი წილი უნდა ჰქონოდა მოხდილი.

„ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს გაცვლაზე. ის, რომ ეს მოხდა, აჩვენებს, რომ დაზარალებულების აზრი გერმანიის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოა“, - განაცხადა ხანგოშვილის ქვრივმა.

მანამდე გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერდა, რომ ფედერალურ პროკურატურაში „იმედგაცრუებული“ არიან ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებაზე ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც კიოლნის აეროპორტში დახვდა რუსეთის და ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს, თვითმფრინავის დაშვებამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან.

შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანიისთვის იოლი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლება და რუსეთისთვის გადაცემა.

ფედერალური კანცლერის თანახმად, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას.

კრასიკოვის გათავისუფლების საკითხს შოლცი დაუბრუნდა რუსეთის და ბელარუსის მიერ გათავისუფლებულ პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ და მედიას უთხრა, რომ გერმანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ ეს ეჭვი გაუქრება.

1 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე, მათ შორის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის.

საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია.

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო.

დასავლეთის მედიასაშუალებები 2023 წლიდან წერდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცდელობებზე, კრასიკოვი პატიმრობიდან დაეხსნა.

კრასიკოვს და ამერიკის და ევროპის ციხეებიდან გათავისუფლებულ სხვა რუსებს წუხელ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, ანკარიდან ჩამოსული თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი" წერს, რომ პუტინმა საგანგებოდ მიმართა მათ, ვისაც „პირდაპირი კავშირი აქვს სამხედრო სამსახურთან" და მადლობა გადაუხადა „ფიცის ერთგულებისთვის".

პატიმრების გაცვლის ფარგლებში რუსეთის მიერ გათავისუფლებულებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და ამერიკული გამოცემა WSJ-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე - რუსი ოპოზიციონერები ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი.

ბელარუსის საპატიმროდან გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც „ტერორიზმის“ ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და შემდეგ ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ შეიწყალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG