საგამომძიებლო ჟურნალისტური ჯგუფის Bellingcat, გერმანული Spiegel და რუსული გამოცემის Insider ინფორმაციით, რამდენიმეთვიანმა გამოძიებამ აჩვენა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ოპერაცია რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დაგეგმეს და განახორციელეს.
ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ გამოძიების კვალი რუსულ ან ჩეჩნურ სპეცსამსახურებამდე მიდიოდა. ჟურნალისტური გამოძიების მიგნებები, ჩეჩნურ კვალს გამორიცხავს და ასევე ნაკლებ სავარაუდოს ხდის მოსაზრებას, რომ ხანგოშვილი დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.
ამ საქმესთან დაკავშირებით, გერმანიამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. გერმანიის მთავარი პროკურორის განცხადებით, სამხილები აჩვენებდა, რომ მკლელობა რუსულმა ან ჩეჩნურმა მხარემ შეუკვეთა. თუმცა, მოსკოვი გერმანული მხარის ბრალდებას ამ დრომდე უარყოფს.
ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს, 23 აგვისტოს, ბერლინში, პარკში, ველოსიპედით მიმავალმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მისი მკვლელობის უკან ეჭვმიტანილი ვადიმ სოკოლოვის სახელით მოქმედებდა. თუმცა, „ბელინგქეთის“ 2019 წლის გამოძიების მიხედვით, ეჭვმიტანილის ნამდვილი ვინაობა, ვადიმ კრასიკოვია. ის ასევე 2013 წელს მოსკოვში რუსი ბიზნესმენის მკვლელობისთვის იძებნება. კრასიკოვის საქმეს გერმანიის სასამართლო განიხილავს. ის პოლიციამ მალევე დააკავა, მაშინ როცა ეჭვმიტანილი სავარაუდო მკვლელობის იარაღის დამალვას ცდილობდა. კრასიკოვი უარს აცხადებს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე.
ჟურნალისტური გამოძიება ამბობს, რომ მკვლელობა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სააგენტომ ("ეფ-ეს-ბე" ФСБ) დაგეგმა. მისი კოორდინატორი იყო ედუარდ ბენდერსკი, "ეფ-ეს-ბეს" სპეცნაზის ყოფილი ოფიცრების, ვეტერანთა ორი ორგანიზაციის, „ვიმპელის ასოციაციის“ და „ვიმპელის საქველმოქმედო ფონდის“ თავმჯდომარე.
„ბელინგქეთი“ პარტნიორ მედია ორგანიზაციებთან ერთად წერს, რომ ეჭვმიტანილის ამ ორგანიზაციებთან კავშირი, კვალის დაფარვის საშუალება იყო. გამოძიება ამბობს, რომ რეალურად ოპერაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების, მკვლელობის დაგეგვმასა და კვალის დაფარვის უკან, „ეფ-ეს-ბეს“ სპეციალური ოპერაციების ცენტრი იდგა.
გამოძიება აცხადებს, რომ მკვლელის ნამდვილი ვინაობა რუსეთის პოლიციისთვის ცნობილი იყო, თუმცა გერმანელ სამართალდამცავებს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და პირიქით, რუსული სამსახურები ეცადნენ კვალის დამალვასა და ინფორმაციის გაქრობას.
„ბელინგქეთის“ თქმით, მათ სატელეფონო კომუნიკაციების ანძის მონაცემების მოპოვების და ანალიზის შემდეგ, შეიტყვეს, რომ 2019 წლის დასაწყისში და მკვლელობის პერიოდში კრასიკოვი ხშირ კომუნიკაციაში იყო "ვიმპელის ასოციაციის" რვა წევრთან. მათ შორის სამი ადამიანი, რომელთანაც ის ხშირად ამყარებდა კონტაქტს, ამ ორგანიზაციის მმართველ პოზიციებზე არიან. ის მოსკოვის გარეუბანში მდებარე „ეფ-ეს-ბეს“ სპეციალური ოპერაციების ცენტრს, რომელიც გამკაცრებული უსაფრთხოების ქვეშაა, 2019 თებერვალსა და აგვისტოს შორის, მინიმუმ რვაჯერ ესტუმრა. ასევე, მონაცემები მიუთითებს, რომ მან რამდენიმე დღე დაჰყო „ეფ-ეს-ბეს“ ტრეინინგ ცენტრში, მოსკოვთან ახლოს, სოფელ ავერკიევოს მიდამოებში.
კრასიკოვის ტელეფონის ნომერი, ჟურნალისტებმა მისი ცოლის მანქანის რეგისტრაციის მიკვლევის შემდეგ დაადგინეს. მანქანის რეგისტრაციისას მან ნომერი მიუთითა, რომელიც კომპანიის სახელზე იყო გაფორმებული, სადაც ის არასდროს მუშაობდა. იმის დამტკიცება, რომ ნომერი ნამდვილად სოკოლოვის ცოლს ეკუთნოდა, ჟურნალისტებმა სატელეფონო აპლიკაცია "Whatsapp"-ზე ამ ნომრით განთავსებული ფოტოს, მისი სოციალური ქსელის "Vkontakte"-ს ფოტოსთან შედარებით შეძლეს.
სატელეფონო კომპანიიდან, მათი წყაროს მიერ მიწოდებული მონაცემების მეშვეობით, ჟურნალისტებმა ამ ნომრით განხორციელებულ ზარებში კრასიკოვის ნომერს მიაკვლიეს. მოგვიანებით, მონაცემების გამოყენებით, მის მიერ განხორციელებული ზარები და გადაადგილების ტრაექტორიაც აღადგინეს. საინტერესოა, რომ "ბელინგქეთის" და პარტნიორი მედიების თქმით, სატელეფონო მეტამონაცემები მანიპულირებული იყო, თუმცა მათ თავდაპირველი ვერსიის აღდგენა მოახერხეს.
"დეპარტამენტი ვ"
ბელინგქეთის დამუშავებული მონაცემებით, „ეფ-ეს-ბეს“ ყოფილი ოფიცერი ედუარდ ბენდერსკი, რომელიც იმ ორგანიზაციას მეთაურობს, რომლის წევრებთანაც ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი აქტიურ კომუნიკაციაში იყო, თავს წარმოადგენს ყოფილ აგენტად, რომელსაც ახლა კერძო კომპანიების აქვს. ეს არის კერძო კომპანიები, რომლებიც უსაფრთხოების კონტრაქტებს უზრუნველყოფენ და რომელიც რუსული სპეცნაზის ყოფილ თანამშრომლებს ქირაობს. თუმცა, გამოძიება აჩვენებს, რომ ის ასევე აქტიურად თანამშრომლობს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურებთან. „ბელინგქეთის" თქმით, ის რუსულ მედიაში ხშირად ჩნდება, როგორც „ვიმპელის“, ახლა უკვე „დეპარტამენტი ვ“-ს წარმომადგენელი.
განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფი „ვიმპელი“ სუკის ყოფილი დანაყოფია, რომელიც 1981 წელს შეიქმნა და რომლის მიზანიც საგარეო დივერსიული ოპერაციები იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, „ვიმპელი“ ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შიგნით, „დეპარტამენტ ვ“-დ გადაკეთდა, რომლიც მიზანიც ედუარდ ბენდერსკის სიტყვებით, შიდა კონტრ-ტერორისტული ოპერაციებია. ოფიციალურად, „დეპარტამენტი ვ“ არ მონაწილეობს საგარეო ოპერაციებში.
„ბელინგქეთის“ ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელობა 2019 წლის მარტისთვის უკვე იგეგმებოდა. გერმანული მხარის თქმით, მკვლელმა გაყალბებული რუსული პასპორტით იმოგზაურა. ის ჯერ სავარაუდოდ მოსკოვიდან პარიზში ჩავიდა, შემდეგ ვარშავის გავლით, ბერლინისკენ გამართა. გამოძიება ამბობს, რომ მოპოვებული ინფორმაცია ნაკლებ სავარაუდოს ხდის მოსაზრებას, რომ ეჭვმიტანილი დაქირავებული მკვლელი იყო.
გერმანელი ოფიციალური პირები თავდაპირველად საქმეზე საუბარს თავს არიდებდნენ. ხანგოშვილის მკვლელობაზე, ამ დრომდე განცხადება არც ქართულ მხარეს გაუკეთებია. თუმცა, მასზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისაუბრა და ის „ბოევიკად“ მოიხსენია.
„ეს ადამიანი ჩვენ მიერ იძებნებოდა, ის ბოევიკია, თანაც ძალიან სასტიკი და სისხლიანი“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე ხანგოშვილის შესახებ, ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, 2019 წლის დეკემბერში.
ხანგოშვილი საქართველოში თორნიკე ქავთარაშვილის სახელით და გვარით ცხოვრობდა. გამოცემა "დეილი ბისტი" წერდა, რომ ხანგოშვილი წინა ხელისუფლების პირობებში საქართველოს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობდა. 2015 წელს თბილისში მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ხანგოშვილმა გერმანიაში მოითხოვა თავშესაფარი, რაზეც უარი მიიღო.
ხანგოშვილი ჩეჩნეთში, რუსეთის საწინააღმდეგო მოძრაობის ნაწილი იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში, მოსკოვის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი მკვლელობა რუსეთის მიერ, ჩეჩნეთის ომში მებრძოლი ეთნიკური ჩეჩნების წინააღმდეგ სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში განხორციელებული სხვა ოპერაციების ანალოგიურ ქმედებას წარმოადგენს.
ხანგოშვილის საქმე ბევრმა დაუკავშირა 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში, ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობის საქმეს. დასავლეთის მთავრობებმა რუსი დიპლომატები მას შემდეგ გააძევეს, რაც აღმოჩნდა, რომ სკრიპალის და მისი ქალიშვილის ნერვული აგენტით მოწამვლაში რუსეთი მონაწილეობდა. მაშინ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 23 დიპლომატი გააძევა. ხანგოშვილის შემთხვევაში კი გერმანიამ ქვეყნიდან ორი პირი გააძევა.
Facebook Forum